Facebook Twitter

ას-1476-1488-2011 28 ნოემბერი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შპს «...-თბილისი»

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ შრომის ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 30 დეკემბერს მ. მ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს «...-თბილისის» წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის სახით 22 496 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს ,,თ-ს» დაეკისრა სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის სახით 22 496 ლარის ანაზღაურება. სს ,,თ-სა» და შპს «...-თბილისს» შორის გაფორმებული 2006 წლის 18 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხე შპს «...-თბილისს» დაევალა, უზრუნველეყო საზოგადოება სს ,,თ-ის» მუშა-მოსამსახურეთა დასაქმება მათთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების გზით. აღნიშნული პირობა მ. მ-ეზეც ვრცელდება, რადგანაც სასამართლომ მისი შრომითი უფლებები დადგენილად ცნო.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს ,,...-თბილისი» სს ,,თ-ის» სამართალმემკვიდრე არ არის. ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,...-თბილისმა» იკისრა ვალდებულება, რომ სს ,,თ-ში» იმ დროისათვის მომუშავე მუშა-მოსამსახურები დაესაქმებინა შრომითი ხელშეკრულების გაფორმების გზით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ. მ-ე სს ,,თ-ში» 2002 წლის 30 დეკემბრამდე მუშაობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «...-თბილისს» დაევალა მ. მ-ესთან შრომითი ხელშეკრულების დადება, მ. მ-ის სარჩელი შპს «...-თბილისისათვის» განაცდურის სახით 22 496 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. მ. მ-ე 2002 წლის 30 დეკემბრამდე სს «თ-ის» მუშაკი იყო;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2006 წლის 1 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ სს «თ-მა» დაარღვია მ. მ-ის შრომითი უფლება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მ. მ-ე 2002 წლის 30 დეკემბრიდან უკანონოდ გათავისუფლდა სს «თ-იდან»;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სს ,,თ-ს’’ დაეკისრა მ. მ-ის სამსახურში აღდგენა განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ამასთან მთელი იმ პერიოდისათვის, როდესაც მ. მ-ე უკანონოდ იყო განთავისუფლებული, იძულებითი განაცდურის სახით სს «თ-ს» მის სასარგებლოდ 22 496 ლარის ანაზღაურება დაეკისრა;

4. შპს «...-თბილისი» არ არის სს «თ-ის» სამართალმემკვიდრე;

5. სს ,,თ-სა» და შპს «...-თბილისს» შორის გაფორმებული 2006 წლის 18 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოპასუხე შპს «...-თბილისმა» იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო საზოგადოება სს ,,თ-ის» მუშა-მოსამსახურეთა დასაქმება მათთან ახალი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების გზით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შპს «...-თბილისი» არ წარმოადგენს სს «თ-ის» სამართალმემკვიდრეს, შესაბამისად, სს «თბილიგაზის» მიმართ 22 496 ლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მ. მ-ის მოთხოვნის დაყენება შპს «...-თბილისის» მიმართ დაუსაბუთებელია. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასება იმის შესახებ, რომ მ. მ-ემ უარი განაცხადა 22 496 ლარის შპს «...-თბილისისათვის» დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. როგორც შესაბამისი საოქმო ჩანაწერების შინაარსიდან ირკვევა, მ. მ-ემ მორიგების ფარგლებში მისი პოზიციის დაფიქსირების დროს ჩამოაყალიბა მოსაზრება მოთხოვნის ამ ნაწილზე უარის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ სს «თ-ის» მხრიდან დაირღვა მ. მ-ის შრომითი უფლება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 ივნისის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილებულია, მ. მ-ე უფლებამოსილია მოითხოვოს შპს «... თბილისისაგან» 2006 წლის 18 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-5.2.9 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მის მიმართ და როგორც სს «თ-ის» მუშაკთან ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შპს «... თბილისმა» მ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა, ამ ნაწილში მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მ. მ-ე 2006 წლის 18 მაისის მდგომარებით სს «თ-ის» თანამშრომელი არ იყო, რადგანაც იგი 2002 წლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და სამსახურში აღდგენილ იქნა 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით. შპს «...-თბილისმა» კი, მხოლოდ 2006 წლი 18 მაისის მდგომარეობით არსებული მუშა-მოსამსახურეების დასაქმების ვალდებულება იკისრა. სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ გაირკვეოდა სს «თ-ის» სამართალმემკვიდრეობის საკითხი, რაც არ განხორციელებულა. სააპელაციო სასამართლო ვერც ერთ ნორმატიულ აქტს ვერ მიუთითებს, რომლის საფუძველზეც მ. მ-ეს შპს «...-თბილისის» მიმართ მოთხოვნის უფლება ექნებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს «...-თბილისის» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «...-თბილისის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც შპს «...-თბილისის» საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «...-თბილისის» (საიდენტიფიკაციო ¹...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.