Facebook Twitter

ას-1485-1494-2011 21 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ს. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. მ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. შ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ.

ს. შ-მა წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს და მოითხოვა საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ, ხოლო შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო ს. შ-ს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. შ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს და ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა, როგორც კასატორი – ს. შ-ი, ისე მისი წარმომადგენელი ნათია გიუნაშვილი. კასატორს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაეგზავნა 13 მაისს, ხოლო ჩაჰბარდა 2011 წლის 1 ივნისს, მიუხედავად აღნიშნულისა, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა 2011 წლის 2 ივნისიდან, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, 2011 წლის 19 მაისიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.

დასახელებული ნორმების თანახმად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 19 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 20 ივნისს, ს. შ-მა კი საკასაციო საჩივარი შეიტანა 2011 წლის 28 სექტემბერს, ანუ 3 თვისა და 8 დღის დაგვიანებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. შ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.