Facebook Twitter

ას-1530-1536-2011 21 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ კ. კ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. შ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით დ. შ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. შ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. კ-ას მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 525-ე, 529-ე და 530-ე მუხლების შესაბამისად, ქ.სამტრედიაში, ა-ის გამზირის ¹332-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2008 წლის 14 მარტს მხარეთა შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება ზემოაღნიშნულ ქონებაზე, რომლის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა დასაჩუქრებული კ.კ-ას მიერ დამსაჩუქრებლის მიმართ მზრუნველობის გამოჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის შესაბამისად, დადგინდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესაძლებლობა. ჩუქების საგანზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღირიცხა დასაჩუქრებულმა. დასაჩუქრებული კ.კ-ა არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, არ იჩენს სათანადო მზრუნველობას 78 წლის ბებიის _ დ. შ-ას მიმართ, რაც, მოსარჩელის განარტებით, ამ ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

მხარეთა შორის, მართალია, დაიდო ჩუქების ხელშეკრულება და სადავო ქონება აღირიცხა დასაჩუქრებულის საკუთრებად, მაგრამ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი მზრუნველობის ვალდებულება არ დაურღვევია, ეხმარებოდა როგორც ფიზიკურად, ისე მატერიალურად და მათ შორის კონფლიქტური ურთიერთობა არ არსებობდა, ამასთან, სარჩელში მითითებული გარემოება, რომ დამსაჩუქრებლის ქონებრივი მდგომაროება გაუარესდა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხემ შესაგებლის სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 529-ე, 530-ე მუხლებსა და სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით დ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. შ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და დ. შ-ას¬ სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დ. შ-ასა და კ. კ-ას შორის 2008 წლის 24 მარტს დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონების ნაჩუქრობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 24 მარტს დ. შ-ასა და კ. კ-ას შორის დაიდო უძრავი ქონების ნაჩუქრობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით დ. შ-ამ შვილიშვილ კ. კ-ას აჩუქა ქ.სამტრედიაში, ა-ის გამზირის ¹332-ში მდებარე სახლი. დ. შ-ა დაბადებულია 1922 წლის 28 თებერვალს, არის მარტოხელა და სხვა საცხოვრებელი, გარდა მის მიერ გაჩუქებული სახლისა, არ გააჩნია.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლით და არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს პოზიცია, რომ ამ ნორმით გათვალისწინებულ «საარსებო წყაროში» იგულისხმება მხოლოდ ის ნივთი, რომელიც გამოიყენება მატერიალური ან ფინანსური სიკეთის შესაქმნელად, ანუ შემოსავლის მისაღებად. სასამართლოს განმარტებით, საარსებო წყარო არის ის, რაც განკუთვნილია, საჭირო და აუცილებელია ადამიანის არსებობისათვის, რის გარეშეც ადამიანი ვერ მოახერხებს თავისი საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ადამიანის არსებობისათვის, აუცილებელია ჰქონდეს საცხოვრებელი. დ. შ-ა, კუთვნილი სახლის გაჩუქებით, დარჩა საცხოვრებლის გარეშე, შესაბამისად, სადავო გარიგებით გამჩუქებელმა მოისპო საარსებო წყარო. აპელანტი ასაკოვანი და მარტოხელაა, რაც კიდევ უფრო ართულებს, ერთადერთი საცხოვრისის გაჩუქების შემთხვევაში, მის მიერ საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, შესაბამისად, სადავო გარიგება კანონსაწინააღმდეგოა. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე და ჩათვალა, რომ სადავო გარიგებით დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლით დადგენილი აკრძალვა, რაც მისი ბათილად ცნობის წინაპირობაა. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე ას-1149-1294-08, სადაც საქართველოს უზენაესმა სასამართლო გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ მესაკუთრის მიერ ერთადერთი საცხოვრებლის გაჩუქება და უსახლკაროდ დარჩენა დაუშვებელი იყო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლი, რასაც შედეგად მცდარი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. კ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით დ. შ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლის შესაბამისად, ჩათვალა, რომ ქონება, რომელიც ხელშეკრულების საგანია, არ შეიძლება ყოფილიყო ჩუქების ობიექტი, რადგანაც ის წარმოადგენდა გამჩუქებლის საარსებო წყაროს, არასწორია სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა, რადგანაც გამჩუქებელი სარგებლობდა უძრავი ქონებით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთით. სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმადაც დ.შ-ას კ.კ-ას მხრიდან შეექმნა რაიმე დაბრკოლება ქ.სამტრედიაში, ა-ის გამზირის ¹332-ში, არასწორია და არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიუს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 244-ე მუხლის შინაარსიდან.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მოსაზრება, რომ დ.შ-ა დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე და გარიგების საფუძველზე მას მოესპო საარსებო წყარო სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის მიხედვით, მისი გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით კ. კ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა კ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას კ. კ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ კ. კ-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.ა კ-ას მიერ გადახდილი 300 ლარისა და მის მიერ გადახდილი 450 ლარის 70% _ 525 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. კ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ კ. კ-ას (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» ნ.ა კ-ას მიერ გადახდილი 300 ლარისა და მის მიერ გადახდილი 450 ლარის 70% _ 525 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.