ბს-1443-1018(კ-05) 28 დეკემბერი, 2005 წ.,ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 20 იანვარს ე. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შიდა ქართლის სტატისტიკის სამმართველოს მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1981წ. 31 აგვისტოდან მუშაობდა შიდა ქართლის სტატისტიკის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს კი _ მთავარი ...ის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2004წ. 27 ოქტომბრის ¹1/1176 ბრძანებისა და 2004წ. 1 დეკემბრის ¹20-07/10 წერილის საფუძველზე “შტატების შემცირებასთან დაკავშირებით”. მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა არამართებულად, ვინაიდან შტატების შემცირების გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს, მას კი ასეთი გაფრთხილება მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციის მხრიდან არ მიუღია. ამასთან, მისი გათავისუფლებისთვის საჭირო იყო პროფკავშირის თანხმობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ასევე არ არსებობდა. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ორგანიზაცია ვალდებული იყო, გათავისუფლების შემთხვევაში მისთვის შეეთავაზებინა სხვა სამსახური და ჩაერიცხა რეზერვში, მაგრამ ადმინისტრაციის მიერ არც ეს უფლება იქნა დაცული და გათვალისწინებული.
ამასთან, მოსარჩელე განმარტავდა, რომ მას ჰქონდა აღნიშნულ სამსახურში მუშაობის 23წ. სტაჟი და გამოცდილება, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა შიდა ქართლის სტატისტიკის სამმართველოს 2004წ. 1 დეკემბრის ¹45 ბრძანების ბათილად ცნობას მისი სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
მოპასუხემ _ შიდა ქართლის სტატისტიკის სამმართველომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მიუთითა, რომ ე. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონიერად, სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, კანონმდებლობის სრული დაცვით. გამომდინარე აქედან, მოპასუხე ითხოვდა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
გორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილოდა უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
აპელანტი სააპელაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს 2004წ. 1 დეკემბრის ¹45 ბრძანება ე. გ-ის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში. ე. გ-ე აღდგენილ იქნა სტატისტიკის დეპარტამენტის გორის სამმართველოში მთავარი ...ის თანამდებობაზე. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გორის სამმართველოს ე. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება დათხოვნის დღიდან სამსახურში აღდგენამდე.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ შკკ-ის 37-ე მუხლის შესაბამისად, იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა ადმინისტრაციის მიერ უნდა მოხდეს პროფკავშირის თანხმობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ისე მოხდა თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება, რომ არ ჩატარებულა შიდა ქართლის სტატისტიკის სამმართველოს პროფორგანიზაციის კრება და პროფკავშირს არ მიუცია წინასწარი თანხმობა მოხელეთა გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რითაც დაირღვა ზემოთ მითითებული მუხლის მოთხოვნები.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
აღნიშნულ შემთხვევაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მოხდა თუ არა ე. გ-ეს სხვა სამსახური, რაც სავალდებულო იყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის, უნდა ამტკიცოს შიდა ქართლის სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველომ და არა ე. გ-ემ.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის შესაბამისად, ე. გ-ე ექვემდებარება სამსახურში აღდგენას სტატისტიკის დეპარტამენტის გორის სამმართველოში მთავარი ...ის თანამდებობაზე, ვინაიდან, სააპელაციო პალატის მითითებით, შიდა ქართლის სტატისტიკის სამმართველოში ე. გ-ის მიერ დაკავებული მთავარი ...ის თანამდებობა თავისი ფუნქციებით და შინაარსობრივი დატვირთვით შეესაბამება რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბებულ სტატისტიკის დეპარტამენტის გორის სამმართველოში არსებულ მთავარი ...ის თანამდებობას.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო სტატისტიკის გორის სამმართველომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაზეც სასამართლო აფუძნებს თავის გადაწყვეტილებას, არის შკკ-ის 37-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
აღნიშნული არგუმენტი, კასატორის მოსაზრებით, არასწორია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შრომის კანონთა კოდექსი, რადგანაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლი მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი დეტალურად აწესრიგებს საჯარო სამსახურიდან მოხელეთა გათავისუფლების საკითხს და, ამდენად, ამ შემთხვევაში შრომის კანონმდებლობის გამოყენება მიზანშეუწონელია.
ზემოაღნიშნული კანონი მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან სამსახურში მიღებას შრომითი ხელშეკრულებით და დანიშვნით (არჩევით). კანონის მე-6 და 21-ე მუხლების შესაბამისად, მოხელე შეიძლება მხოლოდ დაინიშნოს ან აირჩეს თანამდებობაზე, მაგრამ არ ხდება მისი ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სამსახურში მიღება. იმავე კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულებით მიიღება სამსახურში მხოლოდ დამხმარე მოსამსახურე, ხოლო მე-8 მუხლის საფუძველზე შტატგარეშე მოსამსახურე სამსახურში მიიღება როგორც დანიშვნით, ისე _ ხელშეკრულებით. უფრო მეტიც, თავად შრომის კანონთა კოდექსიც მიჯნავს ერთმანეთისგან კონტრაქტსა და ბრძანებას. შკკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, რომელიც უნდა შეიცავდეს იმავე კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს. ამ შემთხვევაში არასწორი იქნება პირის განცხადება სამუშაოზე მიღების შესახებ და დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანება მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მიჩნეულ იქნეს ხელშეკრულებად (ოფერტად და აქცეპტად), ვინაიდან იმავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მუშაკის სამსახურში მიღებისათვის მოითხოვს ბრძანებას (განკარგულებას). ამასთანავე, არც განცხადება და არც ბრძანება თანამდებობაზე მოხელის დანიშვნის შესახებ სრულად არ მოიცავს შკკ-ის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს. აქედანაც ნათელია, რომ შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) და ბრძანება თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ რადიკალურად განსხვავდება ერთნამეთისაგან.
კასატორის განმარტებით, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიც ცალსახად განასხვავებს ერთმანეთისაგან ადმინისტრაციულ აქტს და ადმინისტრაციის მიერ დადებულ ხელშეკრულებას (რომელიც შეიძლება იყოს ორი სახის). ადმინისტრაციული გარიგების ცნების კოდექსიდან ამოღებამ წერტილი დაუსვა იმ არასწორ პრაქტიკას, რომლითაც ადმინისტრაციული აქტი ადმინისტრაციულ გარიგებად ითვლებოდა.
ამდენად, თუ ადმინისტრაციული აქტი არ არის გარიგება, არც შკკ-ის 37-ე მუხლი შეიძლება ვრცელდებოდეს საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტზე, ვინაიდან მოცემული მუხლი ცალსახად ეხება წმინდა სახელშეკრულებო (საკონტრაქტო) ურთიერთობას. როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნული ნორმა მოითხოვს პროფკავშირის თანხმობას სამსახურიდან გათავისუფლების მხოლოდ ერთი ფორმის _ ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლის შემთხვევაში და არა სამსახურიდან დათხოვნის სხვა ფორმის დროს. შესაბამისად, 37-ე მუხლი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ისეთი შრომითი ურთიერთობების ადმინისტრაციის ინიციატივით შეწყვეტის დროს, რომლის დაწყების საფუძველიც შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) იყო და არა არასაკონტრაქტო შრომითი ურთიერთობები.
კასატორის მითითებით, მოსარჩელე ე. გ-ე იყო საჯარო მოხელე, ვინაიდან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იგი დანიშნული იყო საჯარო სამსახურში საშტატო თანამდებობაზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება შკკ-ის 37-ე მუხლის გამოყენება.
შკკ-ის 37-ე მუხლი შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეების მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან ე. გ-ე იყო საჯარო მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება მხოლოდ დანიშვნით და არავითარ შემთხვევაში ხელშეკრულებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლებისას არ იყო საჭირო პროფკავშირის თანხმობა, ანუ მასზე არ ვრცელდება შკკ-ის 37-ე მუხლი.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ მისი მომზადებისა და გამოცემისას კანონის დარღვევა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ვინაიდან, ამ შემთხვევაში მოგვიანებით პროფკავშირებისგან მაინც იყო წერილობითი თანხმობა, კასატორის განმარტებით, წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობა-არარსებობა ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებდა გადაწყვეტილებაზე და არ მოხდებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლოს მე-2 მთავარი არგუმენტი არის ის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სტატისტიკის შიდა ქართლის სამმართველოს მიერ ე. გ-ისათვის სხვა სამსახურის შეთავაზების ფაქტი, რაც ადმინისტრაციული ორგანოსათვის სავალდებულო იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც კასატორის მოსაზრებით, სასამართლო არასწორად განმარტავს კანონს, ვინაიდან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. აქ კანონი არ მოითხოვს მოხელისათვის სხვა სამსახურის აუცილებლად შეთავაზებას. ამ ნორმაში კანონის ლოგიკა აშკარად გულისხმობს, რომ არსებობს სხვა თანამდებობა (სხვა შტატი), შესაძლოა შედარებით დაბალხელფასიანი ან დაბალი თანამდებობა (რომელზეც, ჩვეულებრივ გადაჰყავთ მოხელეები დისციპლინარული გადაცდომის ან ატესტაციის არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო), რომელიც უნდა შესთავაზონ სამსახურიდან გასათავისუფლებელ მოხელეს. ყველა შემთხვევაში კანონი აუცილებლად გულისხმობს სხვა თანამდებობის არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის სრული აფსურდი. “აუცილებლად შეთავაზების” ლოგიკით შეუძლებელი იქნება ვინმეს საერთოდ სამსახურიდან გათავისუფლება, რადგან ყოველთვის მას უნდა შესთავაზონ სხვა თანამდებობა, რომელზეც მხოლოდ იშვიათად თუ შეიძლება განთავისუფლების კანდიდატმა თქვას უარი. ცხადია, ასეთ რამეს კანონი არ შეიძლება გულისხმობდეს.
სამმართველოს 12 შტატიდან რეორგანიზაციის შედეგად დარჩა მხოლოდ 2 შტატი, რომელთაგან ერთი სამმართველოს უფროსის შტატი იყო, ანუ სამმართველოს ე. გ-ის გათავისუფლების მომენტისათვის რეალურად ჰქონდა მხოლოდ 1 შტატი, რომელზეც დაინიშნა სხვა თანამშრომელი. შესაბამისად, შეუძლებელი იყო სამმართველოს რაიმე შეეთავაზებინა ე. გ-ისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც საქმეზე მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სასამართლო ყველგან მოიხსენიებს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, რაც არასწორია. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მიღებით (2004წ. თებერვალი) საქართველოში ფაქტობრივად გაუქმდა სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტიტუტი და მათი ადგილი დაიკავეს საქვეუწყებო დაწესებულებებმა, რომლებსაც არა აქვთ დამოუკიდებელი სტატუსი და რომელიმე სამინისტროს შემადგენლობაში შედიან. შესაბამისად, სტატისტიკის დეპარტამენტიც ჩამოყალიბდა საქვეუწყებო დაწესებულებად და იმავე კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად გადაეცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. შესაბამისად, სტატისტიკის დეპარტამენტი იწოდება: ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად _ სტატისტიკის დეპარტამენტად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის გორის სამმართველოს საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ე. გ-ის სამსახურში აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოწინააღმდეგე მხარე ე. გ-ე სამსახურიდან გათავისუფლებულია სამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების თაობაზე ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 27 ოქტომბრის ¹1-1/176 ბრძანებისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის 2004წ. 1/12 ¹20-07/10 წერილის საფუძველზე.
ე. გ-ე შესაძლო გათავისუფლების თაობაზე გაფრთხილებულ იქნა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 19 ივლისის ¹37-კ და შიდა ქართლის სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს უფროსის 2004წ. 23 ივლისის ¹24 ბრძანებებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ე. გ-ის სამსახურში აღდგენის ძირითად მოტივად მიჩნეულია ადმინისტრაციის მხრიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის კასატორისეულ განმარტებას და კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ კანონის აღნიშნული ნორმა ატარებს იმპერატიულ ხასიათს და დაუშვებელია მისი თავისუფალი ინტერპრეტირება, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის 97.2 მუხლის შესაბამისად, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე.
ამდენად, თავისთავად ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარე ე. გ-ე სამსახურიდან გათავისუფლებულია ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნათა დარღვევით, იძლევა საფუძველს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს 2004წ. 1 დეკემბრის ¹45 ბრძანება ე. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში ცნობილ იქნეს კანონდარღვევით მიღებულად და დაექვემდებაროს ბათილობას.
საკასაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და თვლის, რომ ბრძანების, როგორც აქტის, ბათილად ცნობა წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
რაც შეეხება სამსახურში აღდგენას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი უნდა იქნეს, თუ რამდენი საშტატო ერთეული შენარჩუნდა შტატების შემცირების შემდეგ სამმართველოში, დაინიშნენ თუ არა ამ საშტატო ერთეულებზე სხვა პირები და ამ შემთხვევაში, თუUშტატები დაკომპლექტდა არსებული თანამშრომლების ბაზაზე, დაცულია თუ არა “შკკ-ის” 36-ე მუხლის მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრავს სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.3 მუხლის დებულებები, რომლებიც, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელს ანიჭებს ატესტაციის შედეგების გათვალისწინების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევის გარეშე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა ე. გ-ის სამსახურში აღდგენა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის გორის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს ე. გ-ის სამსახურში აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.