ას-1550-1551-2011 2 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე გ. მ-ის სარჩელის გამო, შპს «ნ-ი – 20-ის» უფლებამონაცვლე შპს «ბ-ის» მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორის წარმომადგენელი ნ. გ-ი (იხ. რწმუნებულება ტ.II, ს.ფ. 17) ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოცხადებას (ტ.II, ს.ფ. 25).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 18 აგვისტო, ხოლო 30-ე დღე _ 28 აგვისტო. ამდენად, კასატორს ან მის წარმომადგენელს შეეძლოთ, სააპელაციო სასამართლოში მისულიყვნენ და განჩინების ასლი ჩაებარებინათ 2011 წლის 18 აგვისტოდან 2011 წლის 28 აგვისტომდე.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ გ. მ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-მა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინების ჩაბარების თხოვნით მიმართა 2011 წლის 8 სექტემბერს (ტ.II, ს.ფ. 39) საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო განჩინება ჩაიბარა 2011 წლის 29 სექტემბერს (ტ.II, ს.ფ. 40). გამომდინარე აქედან, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 28 აგვისტოს.
საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2011 წლის 28 აგვისტოს და დამთავრდა ამავე წლის 28 სექტემბერს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი შემოტანილია 2011 წლის 12 ოქტომბერს. ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2011 წლის 12 ოქტომბერი (ტ.II, ს.ფ. 49), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, გ. მ-ის მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 1 თვიანი ვადა, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 284-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.