ას-1564-1564-2011 14 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ჯ. ქ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. წ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ საკასაციო საჩივრის ვადის აღდგენა
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შ. ქ-ამ მოპასუხე ნ. წ-ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტლებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შ. ქ-ას უარი ეთქვა მოპასუხე ნ. წ-ასათვის უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული 166129 ლარის დაკისრების თაობაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ქ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინებით შ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმყოფილდა; უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ჯ. ქ-ამ, რომელმაც აღნიშნა, რომ 2011 წლის 28 მარტს გარდაიცვალა შ. ქ-ა, იგი არის ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე. ნოტარიუსთან შეტანილი აქვს განცხადება სამკვიდროს მიღების თაობაზე. კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდეგ მას სურს მისი მამკვიდრებლის სააპელაციო საჩივარზე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება. შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ქ-ას განცხადება საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგფენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებელი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ამოწურვამდე _ 2011 წლის 28 მარტს, გარდაეცვალა მამა. იგი არის ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე. ნოტარიუსთან შეტანილი აქვს განცხადება სამკვიდროს მიღების თაობაზე. კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის მიღების შემდეგ მას სურს მისი მამკვიდრებლის სააპელაციო საჩივარზე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის, კერძოდ, მის მიერ საკასაციო საჩივრის ვადის გაშვების საპატიო მიზეზად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის სხდომას ესწრებოდა აპელანტ შ. ქ-ას წარმომადგენლები მამუკა კონჯარია და ზურაბ ჯღარკავა (ტ.II, ს.ფ. 244-300), რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადა, ასევე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში არსებული, კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი რწმუნებულებით (ტ.II, ს.ფ. 149).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 12 აპრილი, ხოლო 30-ე დღე _ 22 აპრილი, ამდენად განმცხადებელს ან მის წარმომადგენელს შეეძლო, გასაჩივრებული განჩინების ასლის ჩაბარების თხოვნით მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის 2011 წლის 12 აპრილიდან ამავე წლის 22 აპრილის ჩათვლით.
საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ მხარეს გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით სასამართლოსათვის საერთოდ არ მიუმართავს. შესაბამისად გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2011 წლის 23 მაისს. მოცემულ შემთხვევაში, კი განცხადება ჯ. ქ-ას მიერ შეტანილია ამა წლის 29 აგვისტოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ზემოთ დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადა იმპერატიულია და მისი აღდგენა დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. ქ-ას განცხადება საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 285-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ქ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.