ას-283-267-2011 21 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანო _ სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილება (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ქ-ი» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «ქ-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილების მიმართ მოპასუხისათვის მიწოდებული საწვავის დავალიანების _ 3144.05 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2007 წლიდან მოყოლებული და შემდგომ, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შპს «ქ-ი» მოპასუხეს აწვდიდა საწვავს ტალონებისა და ბეჭედდასმული შეთანხმების საფუძველზე, მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შეიცვალა და ამჟამინდელი ხელმძღვანელობა უარს აცხადება თანხის ანაზღაურებაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
მოპასუხე სახელმწიფო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოა, რის გამოც ვალდებულია, ნებისმიერი შესყიდვა განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში და მხარეებთან გააფორმოს ხელშეკრულებები. მართალია, შპს «ქ-სა» და მოპასუხეს შორის 2009 წლის 24 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ტალონების უმრავლესობა გაცემულია ხელშეკრულების დადებამდე და გაურკვეველია, მოსარჩელე რის საფუძველზე აწვდიდა მოპასუხეს საწვავს.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის ხორციელდება მიმწოდებლის მიერ სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს «ქ-ი» კრედიტორად არ ირიცხება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს «ქ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3144.05 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანო _ სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 2009 წლის 24 აგვისტოს სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებასა და შპს «ქ-ს» შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მიმწოდებელ _ შპს «ქ-ს» უნდა მიეწოდებინა საწვავი, ხოლო შემსყიდველს მიეღო საქონელი და გადაეხადა მისი ღირებულება. საწვავის მიწოდების შესახებ მოთხოვნა _ ბეჭედდასმული და განყოფილების უფროსის მიერ ხელმოწერილი ტალონი ეგზავნებოდა მიმწოდებელს, რის საფუძველზეც იგი აწვდიდა საწვავს შემსყიდველს. საქმეზე წარდგენილი ტალონებითა და ზედნადებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლიდან შპს «ქ-ს», სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებისათვის მიწოდებული აქვს 1442 ლიტრი ბენზინი, 185 ლიტრი დიზელი და 5 ლიტრი ზეთი, სულ 3144,05 ლარის ღირებულების საქონელი. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ცნობები დედანი დოკუმენტების სახით. არც ეს ტალონები, არც მათზე დასმული ბეჭედი, არც ხელმოწერა და არც თანხის ოდენობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. მისი სამართლებრივი პრეტენზია ამოიწურა იმით, რომ წარმოდგენილი ცნობებით არ დასტურდება საწვავის მიწოდების ფაქტი, რადგან მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება და ა.შ, რითიც შეიძლება დადასტურებულიყო საწვავის მიწოდება.
პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს, რომელიც შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ასევე წერილობით.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 477-ე მუხლზე და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი ბუნებით ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მის მხარეებს წარმოადგენენ გამყიდველი და მყიდველი, რომლებიც შეიძლება იყვნენ, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველმა შპს «ქ-მა» სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებას, ზემოთ აღნიშნული ნორმის დაცვით, შეუსრულა ნაკისრი ვალდებულება და გადასცა მყიდველს საკუთრების უფლება შეძენილ საქონელზე. სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებამ მიიღო საწვავი, თუმცა მისი საფასური არ აუნაზღაურებია. პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები ურთიერთობის სწორედ ასეთ ფორმაზე შეთანხმდნენ (ანუ მყიდველი მიაწოდებდა ტალონს, გამყიდველი კი _ საწვავს). არანაირი კანონსაწინააღმდეგო მითითებულ ურთიერთობაში არ არის, მხარეთა ნება თავისუფალია კანონის ფარგლებში და მათ შეეძლოთ, ურთიერთშორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა სწორედ ამ ფორმით ეწარმოებინათ.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, განმარტა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მოყვანილი ფაქტები. სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, აგრეთვე, მოპასუხემ თავის პასუხში უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებანი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს «ქ-მა» სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებას მიაწოდა 3144.05 ლარის პროდუქტი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ტალონებით დასტურდება 3144.05 ლარის ოდენობის საწვავის მოპასუხისათვის მიწოდების ფაქტი, ხოლო მოპასუხემ ვერ წარმოადგინა შპს «ქ-ისათვის» ვალდებულების არარსებობის ანუ თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სასამართლომ ჩათვალა, რომ სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილების დავალიანება შპს «ქ-ის» მიმართ შეადგენს 3144.05 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ შპს «ქ-ის» მოთხოვნა, ვალდებულების ძალით მოპასუხისათვის თანხის _ 3144.05 ლარის დაკისრების თაობაზე კანონიერად დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიულმა ორგანომ _ სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა მტკიცებულებები სრულყოფილად გამოკვლეული, რადგანაც სასამართლომ დადგენილად ცნო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად საქონლის მიწოდება, თუმცა საქმეში ამ პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, არც ერთი მიღება-ჩაბარების აქტი არ მოიპოვება. მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო წესით აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია, უფრო მეტიც, ის სარჩელის საფუძვლად სწორედ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებას უთითებს, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ, ხელშეკრულების შესაბამისად, საწვავის გადაცემისათვის საკმარისი მხოლოდ ტალონები არ იყო. მოწინააღმდეგე მხარე, როგორც იურიდიული პირი, შექმნილია «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ვალდებულია, აწარმოს საბუღალტრო საქმიანობა და დაადასტუროს კასატორის დავალიანების ნამდვილობა.
სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ კასატორს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით არ უსარგებლია, ამასთან არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, კერძოდ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემობა, რომ ზოგიერთი ტალონი წარმოადგენს თხოვნას საწვავის მიღებაზე და მისი შესრულება არ დასტურდება, ერთ-ერთი ტალონის შინაარსით ისიც დასტურდება, რომ მოთხოვნილია 200 ლიტრი ბენზინი, რომლის ლოგიკური ანალიზით არ დასტურდება, რომ სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილების ბალანსზე რიცხული რომელიმე ავტომობილი ჩაიტვირთავს ამ ოდენობის საწვავს, აღნიშნული გარემოების დადგენილად მიჩნევით ირღვევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი.
კასატორის მითითებით, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა 3144 ლარის ღირებულების საწვავის მიღების თაობაზე, რადგანაც საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადები რაც მითითებულ გარემოებას დაადასტურებდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილების საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დაუსწრებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანო _ სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ის შემთხვევები, თუ რა მიიჩნევა კანონის დარღვევად, ხოლო მესამე ნაწილი აზუსტებს საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევის შედეგებს, კერძოდ, საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საპროცესო სამართლის ნორმათა, კერძოდ 102-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევაზე, რასაც შედეგად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა არასწორი დადგენა და არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა.
კასატორს არ აქვს წარმოდგენილი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებს შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, 2009 წლის 24 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო 2007-2009 წლებში მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება საწვავის ნასყიდობის თაობაზე. კასატორი თავის ახსნა-განმარტებაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არც საწვავის ტალონების გაცემის ფაქტს უარყოფს, თუმცა, მიაჩნია, რომ საწვავის მიღება არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ტალონებით, ვინაიდან ასეთი ფაქტი შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მირება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. კასატორი მიიჩნევს, რომ საწვავის ტალონები წარმოადგენს წინადადებას საწვავის მიწოდებაზე, მაგრამ ისინი არ ადასტურებენ მოთხოვნის შესრულებას, ვინაიდან მხარეები ასეთ წესზე არ შეთანხმებულან.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იმ გარემობებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2009 წლის 24 აგვისტოს სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებასა და შპს «ქ-ს» შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მიმწოდებელ _ შპს «ქ-ს» უნდა მიეწოდებინა საწვავი, ხოლო შემსყიდველს მიეღო საქონელი და გადაეხადა მისი ღირებულება. საწვავის მიწოდების შესახებ მოთხოვნა _ ბეჭედდასმული და განყოფილების უფროსის მიერ ხელმოწერილი ტალონი ეგზავნებოდა მიმწოდებელს, რის საფუძველზეც იგი აწვდიდა საწვავს შემსყიდველს. 2007 წლიდან შპს «ქ-ს», სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებისათვის მიწოდებული აქვს 1442 ლიტრი ბენზინი, 185 ლიტრი დიზელი და 5 ლიტრი ზეთი, სულ 3144,05 ლარის ღირებულების საქონელი. სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილებამ მიიღო საწვავი, თუმცა მისი საფასური არ აუნაზღაურებია.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს განსახილველი ურთიერთობის სამართლებრივ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოცემული დავა წარმოშობილია მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, ნასყიდობიდან გამომდინარე. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი ბუნებით ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების მხარეებმა რეალურად უნდა შეასრულონ ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, ხოლო იმ მხარეს, რომელსაც საპასუხო შესრულება არ მიუღია, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის სტანდარტი, კერძოდ, პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, კანონმდებელმა ერთის მხრივ განსაზღვრა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, ხოლო მეორეს მხრივ დაადგინა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობისას, სადავოობის შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა ამტკიცოს მყიდველისათვის ქონების გადაცემა, ხოლო მყიდველმა _ გამყიდველისთვის შეთანხმებული ფასის ანაზღაურება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ხელშეკრულების მხარეებს ნების ავტონომიისა და მისი თავისუფლად გამოვლენის პირობებში შეუძლიათ დადონ ხელშეკრულება. ამასთან, ხელსეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითია ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, რაც არ უარუყვია სააპელაციო სასამართლოს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საქონელი ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში. როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ კასატორისათვის საწვავის მიწოდება დადგენილად მიიჩნია საწვავის ტალონებისა და სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა იქნეს გაზიარებული წერილობითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები არ არის ხელმოწერილი და ბეჭედდასმული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ, რასაც მოსარჩელეც ადასტურებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ შეაფასა მტკიცებულებები, ამასთან სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო ის მტკიცებულებები, რომლებიც არ იყო განკუთვნადი სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებებისადმი. ზემოაღნიშნული საკითხების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია (შედავება) დასაშვები და დასაბუთებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანო _ სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილების მიერ საწვავის მიღება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რაც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს _ სატყეო რესურსების მართვის შუახევის განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.