Facebook Twitter

ას-294-278-2011 3 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს «ა-ს» უფლებამონაცვლე შპს «ბ-ი» (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. გ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ა-მ» სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. გ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მოპასუხის მიერ შეუსრულებლობის გამო თანხის _ 18995 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

2005 წლის 8 ნოემბერს მოპასუხე დ. გ-ემ შპს «ა-დან» ისესხა 4000 აშშ დოლარი და სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავდა «მერსედესის» მარკის ავტომობილი. მოპასუხემ რამდენიმე თვეში გაიტაცა გირავნობის საგანი და ნაკისრი ვალდებულა არ შეასრულა.

2007 წლის 10 აგვისტოს შპს «ა-ს» დამფუძნებელმა ე. ბ-ემ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა განცხადების საფუძველზე წინასწარი გამოძიება არ დაწყებულა.

2009 წლის 12 თებერვალს შპს «ა-ს» დამფუძნებელმა ე.ბ-ემ და ზ.მ-მა კვლავ მიმართეს განცხადებით ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს, რის გამოც დაიწყო წინასწარი გამოძიება და მოპასუხე დ.გ-ემ აღიარა სესხის აღების ფაქტი, ხოლო 2009 წლის 14 ოქტომბრის დადგენილებით შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვს, რის გამოც აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა სესხის ძირითადი თანხის _ 4000 აშშ დოლარის, სარგებლის _ 13628 აშშ დოლარისა და საურავის _ 1367 აშშ დოლარის, ასევე სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სარჩელში მითითებული სესხის არსებობის, ასევე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გირავნობის გაფორმების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება, რაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სწორედ წერილობით უნდა დადასტურდეს, მოსარჩელის მითითება სესხის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის წინასწარი გამოძიებისას მოპასუხის მიერ აღიარების თაობაზე უასაფუძვლოა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი წინასწარი გამოძიების მასალებით აღნიშნული არ დასტურდება.

მოპასუხემ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნაც, რადგანაც მოსარჩელე სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტს არ ადასტურებს, არც სხვა რაიმეს მოთხოვნის უფლება წარმოშობია მას, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა არ არის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, სწორედ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ სესხის ხელშეკრულების არსებობა არ დასტურდება საქმის მასალებით, ასევე გაუგებარია სესხის არარსებობის პირობებში აუდიტის მითითება სარგებელსა და პირგასამტეხლოზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,ა-ს» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ. გ-ეს შპს ,,ა-ს» სასარგებლოდ დაეკისრა 5647 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ა-მ» (უფლებამონაცვლე შპს «ბ-ი»), ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. გ-ემაც.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დ. გ-ეს შპს ,,ა-ს» სასარგებლოდ დაეკისრა 5647 აშშ დოლარის გადახდა, ასევე სახელმწიფო ბაჟის 320 ლარისა და ადვოკატის მომსახურეობის ხარჯების _ 295,88 ლარის ანაზღაურება და შპს ,,ბ-ის» (შპს ,,ა-») სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე შპს ,,ა-» ეწეოდა სალომბარდო საქმიანობას და 2005 წლის 8 ნოემბერს, სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს, მისი დირექტორი იყო ზ. მ-ი, სააპელაციო საამართლოში წარმოდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერითა და აპელანტის განმარტებით დადგინდა, რომ შპს «ა-ს» შეეცვალა სახელწოდება და გახდა შპს «ბ-ი». 2009 წლის 25 თებერვლის გამოკითხვის ოქმში ასახულია სისხლის სამართლის საქმეზე დ. გ-ის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც დ.გ-ეს ნათესავმა გ. გ-ემ სთხოვა ფინანსური დახმარება. გ.გ-ე ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას. დ.გ-ე შეხვდა ზ.მ-ს და სთხოვა, მისი თავდებობით გ. გ-ისათვის ესესხებინა გარკვეული თანხა, რაზეც ზ.მ-ი დათანხმდა, თუმცა გირაოს სახით მოითხოვა ნივთის დატოვება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დ.გ-ე დააგირავებდა მის ავტომანქანა «მერსედესს». მოლაპარაკებიდან რანოდენიმე დღეში შეასრულა მხარემ პირობა კიდევაც. დ.გ-ის მითითებით, თანხა წამოიღო გ. გ-ემ. მას შემდეგ, რაც გ. გ-ემ ვერ გადაუხადა თანხა ზ. მ-ს, მან თანხის დაფარვა კატეგორიულად მოსთხოვა დ. გ-ეს, რომელმაც შესთავაზა ძირი თანხის გადახდა, მაგრამ ზ. მ-ი არ დაეთანხმა და მოსთხოვა 25000 აშშ დოლარი დ.გ-ეს, როგორც მისი ნათესავის _ გ. გ-ის თავდებს. მოთხოვნილი თანხის გადახდაზე დ. გ-ემ უარი განაცხადა, მაგრამ უარი არ განუცხადებია სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე. როგორც გ. გ-ემ, ისე დ. გ-ემ, არაერთხელ გაუგზავნეს ზ. მ-ს სესხის ძირითადი თანხა, მაგრამ მან შესრულება არ მიიღო. სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით 2009 წლის 16 აპრილს დაკითხვისას დ. გ-ემ დაადასტურა, რომ რაიმე სახის საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავდა მხარეთა შორის ვალდებულებებს სარგებლის შესახებ მას და შპს «ა-ს» შორის არ გაფორმებულა. ზ. მ-ის მიმართ თანხის (4000 აშშ დოლარი) დაბრუნებაზე პასუხისმგებელი იყო გ. გ-ე, ხოლო დ. გ-ე იყო გ. გ-ის თავდები. გ. გ-ემ დაპირება არ შეასრულა და დათქმულ დროს არ მიუტანა თანხა. ზ. მ-ს აღნიშნული თანხა პირადად გადასცა გ. გ-ემ მას შემდეგ, რაც ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი და გასაღები მოუტანა. თანხის გადაცემას არავინ ესწრებოდა. ზ. მ-ის მიერ პროცენტებისა და ფინანსური სანქციების მოთხოვნის შემდეგ, მან გამოიჩინა კეთილი ნება და «... ბანკის» ანგარიშზე ჩაურიცხა 4500 აშშ დოლარი. წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე ¹171090286 დადგენილების თანახმად, საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგინდა ზ. მ-სა და დ. გ-ეს შორის გირავნობის ხელშეკრულების არსებობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 623-ე, 624-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების ფორმად წერილობითი ფორმის არჩევა სავალდებულო ამ გარიგების ნამდვილობისათვის არაა, თუმცა მისი დადასტურება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით არ დაიშვება.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლების საფუძველზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოპასუხედ დასახელებულმა დ. გ-ემ სადავო გახადა შპს «ა-სთან» სასესხო ვალდებულების არსებობის ფაქტი, ხოლო მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მხარეთა შორის დადებული წერილობითი სესხის ხელშეკრულება, არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მან 2005 წლის 8 ნოემბერს დ. გ-ეს ასესხა 4000 აშშ დოლარი თვეში 7%-ის დარიცხვით.

სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 255-ე მუხლების, 257-ე მუხლის პირველი ნაწილის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის, სისხლის სამართლის საქმეზე 2009 წლის 25 თებერვლის დ. გ-ის გამოკითხვის ოქმისა და 2009 წლის 16 აპრილს, სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დ. გ-ის დაკითხვის ოქმის, ¹171090286 სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «ა-სა» და დ. გ-ეს შორის არსებობდა გ. გ-ის სესხთან დაკავშირებული მფლობელობითი გირავობის ურთიერთობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ამ მტკიცებულებებს და არასწორად მიიჩნია, რომ ამ მტკიცებულებებით დასტურდებოდა დ. გ-ის მიერ თანხის სესხების ფაქტი.

სასამართლომ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მხარეები სადავოდ არ მიიჩნევენ «მერსედესის» მარკის ავტომობილის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტს, სამოქალაქო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის გირავნობითი ურთიერთობა შეწყვეტილად ჩათვალა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენის დროისათვის შპს «ა-ს» (შპს «ბ-ი») მიმართ დ. გ-ის ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობის გამო, სასარჩელო მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მისთვის თანხების დაკისრების თაობაზე უსაუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, პალატამ მიიჩნია, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, ახალი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ა-ს» უფლებამონაცვლე შპს «ბ-მა», მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლები, კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების გარდა, სესხის არსებობა სხვა მტკიცებულებებებით არ შეიძლება დადასტურდეს. საქმეში არსებული მტკიცებულებები: წინასწარი გამოძიების მასალები და სხვა, ადასტურებენ დ.გ-ის მიერ სესხის აღების ფაქტს.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ შპს «ა-დან» სესხი გ. გ-ემ მიიღო დ. გ-ის თავდებობით და სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავდა დ.,გ-ის ავტომობილი, აღნიშნული დასკვნა საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს, პირიქით ირკვევა, რომ შპს «ა-ს» მოვალე სწორედ მოპასუხეა.

წინასწარი გამოძიებისას, 2009 წლის 25 თებერვალს დაკითხული დ. გ-ე აღიარებს სესხის აღების ფაქტს და უთითებს, რომ სესხის გაცემის საფუძველი ზ.მ-თან ახლო ურთიერთობა გახდა, ამავე ჩვენებით ადასტურებს მოპასუხე სესხის ძირითადი თანხის _ 4000 აშშ დოლარის შეთავაზებას ზ.მ-ისათვის, 2009 წლის 10 მარტის ოქმით ასევე ირკვევა, რომ სესხის გაცემის საფუძველი მოდავე მხარეთა ახლო ურთიერთობა იყო, ხოლო 2009 წლის 16 აპრილის ჩვენების თანახმად, დ.გ-ე აღიარებს, რომ სესხის ძირითადი თანხის _ 4000 აშშ დოლარის გადაცემის შემდეგ ზ.მ-მა პირადად გადასცა ავტომობილის ტექნიკური პასპორტი და გასაღები, ამის შემდეგ მოპასუხემ კეთილი ნების საფუძველზე «... ბანკის» ანგარიშზე ჩაურიცხა 4500 აშშ დოლარი და ანგარიში ეკუთვნოდა დ.გ-ის ადვოკატ ზაზა ჩიჩუას. წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ დ.გ-ის ახლობელმა მის ოფისში მიიყვანა და დატოვა «მერსედესის» მარკის ავტომობილი გასაღებთან და ტექნიკურ პასპორტთან ერთად, რის სანაცვლოდაც მან გადასცა 4000 აშშ დოლარი, გარდა აღნიშნულისა, დადასტურებულია, რომ მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ სესხის სარგებლად ყოველთვიურად 6%-ის გადახდაზე. მითითებული გარემოებები ადასტურებს დ.გ-ის მიერ სესხის აღების ფაქტს, თუმცა დ.გ-ემ სასამართლო შეცდომაში შეიყვანა და არასწორად დადგინდა შპს «ა-სა» და დ.გ-ეს შორის სასესხო-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დ.გ-ემ დაადასტურა ზ.მ-ისათვის თანხის გადაცემის ფაქტი და მის მიერ ამ ფაქტის უარყოფა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს, რადგანაც აღიარება ასევე გაკეთებულია წინასწარი გამოძიების დროს, რაც საქმის მასალებით იკვეთება.

მტკიცებულებების საქმეში არარსებობისას, სასამართლო არასწორად ადგენს, რომ ზ.მ-ს გ.გ-ემ გადაუხადა 4000 აშშ დოლარი, ხოლო დ.გ-ემ _ 4500 აშშ დოლარი.

სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ დაადგინა ის ფაქტი, რომ დაგირავებული ავტომობილი გაიტაცა დ. გ-ემ. საქმეში არსებული წინასწარი გამოძიების მასალებით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსის 306-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ამნისტირების გამო შეწყვეტილია საქმის წარმოება, დაგირავებული ავტომობილის გატაცების ფაქტს საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებს.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, არ შეაფასა, თუმცა ვალდებული იყო, შეეფასებინა აღნიშნული და გაეზიარებინა ან არ გაეზიარებინა იგი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ივლისის განჩინებით შპს «ბ-ის» საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასასვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებისა და შპს «ბ-ის» საკასაციო პრეტენზიების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე შპს ,,ა-» (უფლებამონაცვლე _ შპს «ბ-ი») ეწეოდა სალომბარდო საქმიანობას და 2005 წლის 8 ნოემბერს, სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს, მისი დირექტორი იყო ზ. მ-ი,

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლების საფუძველზე, არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მან 2005 წლის 8 ნოემბერს დ. გ-ეს ასესხა 4000 აშშ დოლარი ყოველთვიური სარგებლის დარიცხვით. ამასთან, სასამართლოს დასკვნით, შპს «ა-სა» (შპს «ბ-ი») და დ. გ-ეს შორის არსებობდა გ. გ-ის სესხთან დაკავშირებული მფლობელობითი გირავობის ურთიერთობა. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები სადავოდ არ მიიჩნევენ «მერსედესის» მარკის ავტომობილის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტს, სამოქალაქო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის გირავნობითი ურთიერთობა სააპელაციო სასამართლომ შეწყვეტილად ჩათვალა.

სააპელაციო პალატამ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიებისას დ.გ-ის მიერ 2009 წლის 25 თებერვალს და 16 აპრილს მიცემული ჩვენებების საფუძველზე აღნიშნა შემდეგი: დ.გ-ეს ნათესავმა გ. გ-ემ სთხოვა ფინანსური დახმარება. გ.გ-ე ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას. დ.გ-ე შეხვდა ზ.მ-ს და სთხოვა, მისი თავდებობით გ. გ-ისათვის ესეხებინა გარკვეული თანხა, რაზეც ზ.მ-ი დათანხმდა, თუმცა გირაოს სახით მოითხოვა ნივთის დატოვება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დ.გ-ე დააგირავებდა მის ავტომანქანა «მერსედესს». მოლაპარაკებიდან რანოდენიმე დღეში შეასრულა მხარემ პირობა კიდევაც. თანხა წამოიღო გ. გ-ემ. მას შემდეგ, რაც გ. გ-ემ ვერ გადაუხადა თანხა ზ. მ-ს, მან თანხის დაფარვა კატეგორიულად მოსთხოვა დ. გ-ეს, რომელმაც შესთავაზა ძირი თანხის გადახდა, მაგრამ ზ. მ-ი არ დაეთანხმა და მოსთხოვა 25000 აშშ დოლარი დ.გ-ეს, როგორც მისი ნათესავის _ გ. გ-ის თავდებს. ზ. მ-ის მიერ პროცენტებისა და ფინანსური სანქციების მოთხოვნის შემდეგ, მან გამოიჩინა კეთილი ნება და «... ბანკის» ანგარიშზე ჩაურიცხა 4500 აშშ დოლარი.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინდა შპს «ა-სა» (შპს «ბ-ი») და დ.გ-ეს შორის სასესხო-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა. ასევე ის ფაქტი, რომ ზ.მ-ს გ.გ-ემ გადაუხადა 4000 აშშ დოლარი, ხოლო დ.გ-ემ _ 4500 აშშ დოლარი. კასატორი მითითებული პრეტენზიის დასაბუთებისას აპელირებს სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევაზე და განმარტავს, რომ სასამართლომ დავა გადაწყვიტა საქმეში არსებული მტკიცებყლებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა-გამოკვლევის გარეშე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეთა პოზიციითაა განსაზღვრული, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის სტანდარტი, რაც ასახულია კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელმა სესხის ხელშეკრულების დადებისათვის არ გაითვალისწინა სავალდებულო ფორმა, თუმცა კანონით განისაზღვრა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები, კერძოდ, ზეპირი ხელშეკრულების დროს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, რაც იმას ნიშნავს, მოწმეთა ჩვენება ამ შემთხვევაში არასაკმარისი მტკიცებულებაა, მაშინ როცა სხვა სახის სამართალურთიერთობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა არ კრძალავდეს მოწმის ჩვენების საფუძველზე კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შემადგენლობის (ფაქტების) დადასტურებას.

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის დასატასტურებლად მიუთითებდა წინასწარი გამოძიებისას მოპასუხის მიერ მიცემულ ჩვენებაზე, სადაც მან აღიარა მოსარჩელის წინაშეEსასესხო-სამართლებრივი ურთიერთობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს შეადგენს მოპასუხისათვის თანხის გადაცემის დადასტურება, რაც თავისთავად ვალდებულების არსებობას გულისხმობს (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი). როგორც აღვნიშნეთ, მოსარჩელემ ვალდებულების არსებობის დასადასტურებლად მიუთითა მხოლოდ მოპასუხის აღიარებაზე, თუმცა ასეთი არ არის დადგენილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მხოლოდ სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა მიიჩნია დადასტურებულად. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორმა ვერ მიუთითა მოპასუხის კონკრეტულ ახსნა-განმარტებაზე, სადაც ეს უკანასკნელი აღიარებს ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ «... ბანკის» ანგარიშზე 4500 აშშ დოლარის ჩარიცხვის თაობაზე, საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ემყარება მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებას და არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით, თუნდაც «... ბანკის» ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია საფუძვლიანია მხოლოდ მისთვის თანხის გადახდის ნაწილში, რაც შეეხება კასატორის სხვა არგუმენტებს, ისინი არ შეიცავენ დასაშვებ და დასაბუთებულ შედავებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «ა-ს» უფლებამონაცვლე შპს «ბ-ის» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.