ას-770-825-2011 1 ნოემბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე
კასატორი _ ლ. უ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. კ-ი
წარმომადგენელი _ მ. ნ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ-მა სარჩელით მიმართა Qქუთაისის საქალაქო სასამართლოს ლ. უ-ის მიმართ და მოითხოვა ძირითადი თანხის – 6350 აშშ დოლარის, პროცენტის – 7204 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ხოლო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელის სახლის იძულებითი რეალიზაცია, შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის 16 თებერვალს, მოსარჩელემ ლ. უ-ეს ასესხა 6350 აშშ დოლარი, თვეში 4% პროცენტის დარიცხვით, რაზეც გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო წესით. მოპასუხეს თანხა უნდა დაებრუნებინა დათქმულ ვადაში, მაგრამ, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, მან პირობა არ შეასრულა. მოპასუხეს გადასახდელი აქვს ძირითადი თანხა -6350 აშშ დოლარი და დარჩენილი პროცენტი 7204 აშშ დოლარი, საერთო ჯამში - 13554 აშშ დოლარი. მოპასუხე ლ. უ-ემ, სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში, ხ-ის ქ¹49-ში. იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, სესხის ხელშეკრულებაში დათქმულ დროს გადაუხდელობის შემთხვევაში გადახდევინება უნდა მიქცეულიყო იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლის იძულებითი აუქციონის შედეგად ამოღებული თანხების ხარჯზე.
მოპასუხე ლ. უ-ემ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ არ Eეთანხმება სარჩელს, რადგან მას ვალდებულება შესრულებული აქვს, არ არსებობს მოთხოვნის იურიდიული საფუძველი და მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული. ამასთან, ლ. უ-ემ სარჩელით მიმართა იმავე სასამართლოს ლ. კ-ის მიმართ და მოითხოვა მათ შორის 2007 წლის 16 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება ზემოაღნიშნული საფუძვლით. ვინაიდან, სარჩელის წარმოებაში მიღების მომენტისათვის არ იყო დამთავრებული ლ. კ-ის სარჩელის განხილვა, სასამართლომ, 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, აღნიშნული საქმეები მხარის (ლ. კ-ის წარმომადგენლის) შუამდგომლობით გააერთიანა ერთ წარმოებად, რადგან ასეთი გაერთიანება მიზანშეწონილი იყო დავის უფრო სწორად განხილვისათვის.
2010 წლის 29 ნოემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. უ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მოსარჩელე ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ლ. უ-ეს მოსარჩელე ლ. კინწურაშვლის სასარგებლოდ დაეკისრა 7712 აშშ დოლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. უ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინებით ლ. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ. უ-ემ ლ. კ-ისაგან ისესხა 6350 აშშ დოლარი, თვეში 4% დარიცხვით, ორი თვის ვადით. 2008 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით გადახდილი ჰქონდა 4 თვენახევრის პროცენტი, დანარჩენი თანხის გადახდას პროცენტით იწყებდა 2008 წლის 5 დეკემბრიდან. 2009 წლის 31 აგვისტოს გადაიხადა 1000 აშშ დოლარი, 2009 წლის 11 ნოემბრისათვის გადახდილი ჰქონდა სულ 8060 დოლარი. 2010 წლის 5 მარტს გადაიხადა 1500 აშშ დოლარი, რის შედეგადაც 2010 წლის 5 მარტის მდგომარეობით ლ. უ-ეს სულ გადახდილი ჰქონდა 9560 დოლარი. აღნიშნული გარემოება ლ. კ-ის წარმომადგენელს სასამართლოს სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ სესხის ძირითად თანხას წარმოადგენს 6350 აშშ დოლარი, რომლის 4% შეადგენს 254 დოლარს, რაც პროცენტის სახით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა ლ. უ-ეს. 2007 წლის 16 თებერვლიდან ლ. კ-ის სარჩელის აღძვრამდე ანუ 2010 წლის ოქტომბრამდე გასულია 43 თვე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ასევე გაიზირა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება, რომელმაც სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე და 625-ე მუხლების გამოყენებით განმარტა, რომ სესხის შესრულება ნიშნავს მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ამოწურვას. ჯეროვანი შესრულება სხვა ფაქტორებთან ერთად დაკავშირებულია შესრულების ვადასთან. სესხის დაბრუნების ვადა შეიძლება ზუსტად იყოს განსაზღვრული ხელშეკრულებით და ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია, აღნიშნულ ვადაში დააბრუნოს სესხად აღებული თანხა. მოცემულ შემთხვევაში სესხის დაბრუნების ვადა წინასწარ იყო აღნიშნული ხელშეკრულებაში. ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ სესხისათვის პროცენტი იყო გათვალისწინებული და აღნიშნულს არც მხარეები უარყოფენ. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულება ჯეროვნად იქნა შესრულებული, რაც გამოიხატა თანხის გადაცემაში. მოპასუხემ კი არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და არ გადაიხადა ვალი სრულად. აღნიშნული ხელშეკრულება მოპასუხეს (ლ. უ-ეს) სადავოდ არ გაუხდია. 2007 წლის 16 თებერვლიდან ლ. კ-ის სარჩელის აღძვრამდე, ანუ 2010 წლის ოქტომბრამდე გასულია 43 თვე. ამ ვადაში ლ. უ-ეს უნდა გადაეხადა 10922 აშშ დოლარი. დადგენილია, რომ მოპასუხეს გადახდილი აქვს 9560 აშშ დოლარი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება რომელი ხელწერილით იქნა გადახდილი ძირითადი თანხა და რომლით პროცენტი. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნია, რომ პროცენტის სახით გადასახდელ თანხას უნდა გამოაკლდეს ლ. უ-ის მიერ გადახდილი თანხა (10922-9560) და დარჩენილი 1362 აშშ დოლარი პროცენტის სახით უნდა დაეკისროს მას. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ მოსარჩელის (ლ. კ-ის) მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 103-ე მუხლის თანახმად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასაკმარისად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ლ.უ-ის მიერ შედგენილ და საქმეზე წარმოდგენილ ვალის გასტუმრების ხელწერილში დაფიქსირებულია შემდეგი: „2009 წლის სექტემბრის მდგომარეობით, 2007 წლის 16 თებერვლიდან მოყოლებული 14 თვის % 52 დოლარ ნაკლებ ... 7060 დოლარი ... 2009 წლის 11 დეკემბერს გადავიხადე 1000 დოლარი. სულ გადახდილია 8060 დოლარი + 1500 დოლარი სულ 9560 დოლარი“. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ვალის გასტუმრების ხელწერილებში დაფიქსირებული ნების განმარტებისას პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელწერილები არ შეიცავს ჩანაწერს სესხის ძირითადი თანხის გადაცემის თაობაზე და მასში დაფიქსირებულია მხოლოდ სესხის პროცენტის გადაცემის ფაქტი. 2007 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულების მოქმედების ორთვიან ვადაში მოვალე ლ.უ-ეს ვალდებულება არ შეუსრულებია, არც ძირითადი თანხა და არც სარგებელი კრედიტორისათვის არ დაუბრუნებია, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ძირითადი თანხის პროცენტის გადახდა კანონშესაბამისია სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მოთხოვნებთან. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა 2007 წლის 16 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული სარჩელის საფუძვლად მითითებული ვალდებულების შესრულება და სესხის ხელშეკრულებდან გამომდინარე თანხების სრულად გადახდა, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. უ-ემ და მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სესხის ძირითადი თანხის 6300 აშშ დოლარის, ყოველთვიური პროცენტის 254 აშშ დოლარის სარჩელის აღძვრამდე 43 თვის გასვლის შესახებ, რის გამოც, 2010 წლის ოქტომბრამდე ძირითად თანხასთან ერთად პროცენტის სახით 1362 აშშ დოლარი დაეკისრა კასატორს, არის უკანონო. გადაწყვეტილებაში დადასტურებულია, რომ 9560 აშშ დოლარის გადახდა მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, სასამართლომ გადახდილი თანხებიდან, არასწორად დაადგინა, რა თანხა იყო ძირითადი და რა პროცენტი. კასატორის მიერ წარდგენილ ხელწერილში თანხის გასტუმრებასთან დაკავშირებით ასახულია, პროცენტის სახით რა თანხა გადაიხადა. კასატორის მიერ გადახდილი თანხები იყო, როგორც ძირითადი, ასევე პროცენტი. 2010 წლის 31 მაისს 2000 აშშ დოლარი გადახდის შემდეგ გადასახდელად დარჩა ძირითადი თანხა 4350 აშშ დოლარი და პროცენტი იყო 3810 აშშ დოლარი, რადგან გადასახდელი ძირითადი თანხა შემცირდა, შესაბამისად, უნდა გადახდილიყო 4350 აშშ დოლარის 4%, რაც შეადგენდა ყოველთვიურად 174 აშშ დოლარს, მაგრამ სამ თვეში 2009 წლის 31 აგვისტოს კვლავ გადაიხადა 1000 აშშ დოლარი. 2009 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი იყო 7682 აშშ დოლარი, რაც კასატორის მიერ გადახდილ იქნა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლ. უ-ის უძრავი ქონება იპოთეკით დარჩა დატვირთული. კასატორს ლ. კ-ის ვალი მთლიანად აქვს გასტუმრებული და აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და 2007 წლის 16 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს.
2011 წლის 1 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
ლ. უ-ე თანახმაა ლ. კ-ს გადაუხადოს 6350 აშშ (ექვსიათასსამასორმოცდაათი) აშშ დოლარი. აქედან 5500 (ხუთიათასხუთასი) აშშ დოლარს გადაუხდის მორიგების აქტზე ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში, ხოლო დანარჩენ 850 (რვაასორმოცდაათ) აშშ დოლარს გადაუხდის მორიგების აქტის დამტკიცებიდან 18 თვის განმავლობაში.
5500 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ გაუქმდეს იპოთეკისა და სესხის 2007 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულება და მისი სათანადო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო დანარჩენი 850 აშშ დოლარი საჯარო რეესტრში აღირიცხოს ლ. უ-ის ვალდებულებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. უ-ის და ლ. კ-ის შუამდგომლობა მორიგების თაობაზე დაკამყოფილდეს.
დამტკიცდეს მორიგება ლ. უ-ესა და ლ. კ-ის შორის შემდეგი პირობებით:
ლ. უ-ე თანახმაა ლ. კ-ს გადაუხადოს 6350 აშშ (ექვსიათასსამასორმოცდაათი) აშშ დოლარი. აქედან 5500 (ხუთიათასხუთასი) აშშ დოლარს გადაუხდის მორიგების აქტზე ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში, ხოლო დანარჩენ 850 (რვაასორმოცდაათ) აშშ დოლარს გადაუხდის მორიგების აქტის დამტკიცებიდან 18 თვის განმავლობაში.
5500 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ გაუქმდეს იპოთეკისა და სესხის 2007 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულება და მისი სათანადო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო დანარჩენი 850 აშშ დოლარი საჯარო რეესტრში აღირიცხოს ლ. უ-ის ვალდებულებად.
შეწყდეს საქმის წარმოება ლ. კ-ის სარჩელისა გამო ლ. უ-ის მიმართ თანხის დაკისრების, იპოთეკის საგნის რეალიზაციის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.
გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებები.
ლ. უ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 638 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.