ბს-1443-1173-კ-04 18 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და მისი სახელმწიფოსათვის გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 26 აგვისტოს აჭარის ა/რ პროკურატურამ სასარჩელო განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მოპასუხე თ. ა.-ის მიმართ ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებელად ცნობის, მისი მოპასუხისათვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე თ. ა.-ის მიმართ. დანიშნული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის II ნაწილის “ა”, “ზ” ქვეპუნქტით; მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 220-ე მუხლით, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სხვისი ქონების მითვისების ბრალდებით. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული საქმის გამოძიების მომენტში გამოიკვეთა გარემოებები, რაც მოსარჩელეს აძლევს საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ მოპასუხის მფლობელობაში არის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე – თ. ა.-ის მფლობელობაში არსებული ქონება, ნივთები და მომდინარე უფლებები ცნობილ უნდა იქნეს უკანონოდ და დაუსაბუთებულად, თანახმად ზემო აღნიშნული კოდექსის 216-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. ამასთან, დაუსაბუთებელად და უკანონოდ ცნობილი ქონება უნდა ჩამოერთვას თ. ა.-ს და გადაეცეს სახელმწიფოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე და 218-ე მუხლების შესაბამისად, თ. ა.-ს ჩამორთმეოდა შემდეგი ქონება:
1. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ... ქ. @10-ში საერთო ფართით 162,22 კვ.მ ღირებული 90 250 ლარად;
2. ავტომანაქანა “მერსედეს-ბენცი” _ 300, ღირებული 5000 ლარად;
3. ავტომანაქანა “ფორდ ტრანზიტი”;
4. სააქციო საზოგადოება “ა.-ში” 3,571, 530 ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, ერთი აქციის ნომინალური ღირებულება 0,1 ლარი, საწესდებო კაპიტალის 53,27%.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე თ. ა.-ს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადეცა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება, კერძოდ: 1. საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ... @10-ში საერთო ფართით 162,22 კვ.მ. ღირებულებით 90250 ლარი; 2. ავტომანაქანა “მერსედეს-ბენცი”, ღირებულებით 5000 ლარი; 3. ავტომანაქანა “ფორდ ტრანზიტი”, ღირებულებით 5000 ლარი; 4. სააქციო საზოგადოება “ა.-ში” 3,571,530 ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, ერთი აქციის ნომინალური ღირებულება 0,1 ლარი, საწესდებო კაპიტალის 53,27%.
სასამართლო კოლეგია გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოპასუხე – თ. ა.-ე მუშაობდა სს “ა.-ის” გენერალურ დირექტორად 1995 წლიდან 2004წ. 5 თებერვლამდე და მას ამ თანამდებობაზე მუშაობისას მიღებული აქვს 10731 ლარი. ამჟამად მის საკუთრებაში იმყოფება სს “ა.-ის” 3571530 ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, 1 აქციის ნომინალური ღირებულებაა 0.1 ლარი, რაც შეადგენს საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 53.27%-ს. მისივე სახელზე ირიცხება საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმში ..., რომლის ღირებულება, აუდიტის დასკვნით შეადგენს 90250 ლარს რაც, დასტურდება საქმეში წარმოდგენლი ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული მიმართვით. თ. ა.-ს სახელზე ასევე ირიცხება ავტომანქანა “მერსედეს ბენცი” 300, შეფასებული 15000 ლარად და ავტომანქანა “ფორდ ტრანზიტი”, რომლის ღირებულება შეადგენს 5000 ლარს.
სასამართლოს მოსაზრებით, თ. ა.-ის შემოსავალი არ იძლეოდა ზემოაღნიშნული ქონების შეძენის საშუალებას, რის გამოც მითითებული ქონება ჩათვალა დაუსაბუთებლად და უკანონოდ.
არ დაეთანხმა რა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იგი საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა.-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და არ ემყარებოდა სათანადო მტკიცებულებეს, კერძოდ, მისი სს “ა.-ის” დირექტორად რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა 2002წ. 4 აპრილს, “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, 5.4 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო ფაქტის ყოველი ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას რომ იგი საწარმოს დირექტორია 2002წ. 4 აპრილიდან და არა 1995 წლიდან, როგორც ეს გადაწყვეტილებაშია მითითებული.
კასატორის მითითებით, მისი საცხოვერებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმში, ..., მის მიერ შეძენილია ნაწილ-ნაწილ, 5 მოსახლისგან პერიოდულად, ხოლო ერთ მოსახლესთან გაფორმებულია გაცვლის ხელშეკრულება. კასატორის განმარტებით, პროკურორი უფლებამოსილი იყო, სადავოდ გაეხადა მხოლოდ ის ქონება, რომელიც შეძენილი იყო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. მას 1998წ. 13 ივნისს შეძენილი აქვს მთელი საცხოვრებელი ფართის 1/11 და 1/22 ნაწილები 1000 ლარად და 2000 ლარად, გაცვლის ხელშეკრულება გაფორმებულია 2000წ. 24 ნოემბერს და მის საკუთრებაში გადავიდა საცხოვრებელი ფართის 1/13. 2002წ. 5 და 23 აგვისტოს 4000 და 7000 ლარად შეიძინა საერთო სახცოვრებელი ფართის 1/8. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, მისი “დანაშაულებრივი ქმედებები” დაწყებულია 2002წ. დეკემბრიდან.
2004წ. 23 თებერვალს მის მიერ შეძენილია 1/31 ნაწილი 1500 ლარად.
კასატორის განმარტებით, იგი ბათუმში საცხოვრებელად გადავიდა 1994 წელს, მანამდე ცხოვრობდა კახეთში, გააჩნდა მიწის ნაკვეთი, რომელსაც ამუშავებდა და ჰქონდა ნორმალური შემოსავალი 1994 წელს, კახეთში, სოფ. ... გაყიდა საცხოვრებელი სახლი 4000 აშშ დოლარად, ხოლო 1996 წელს _ საკუთარი სახლი 12000 აშშ დოლარად, თავის 0,35 ჰა მიწის ნაკვეთთან ერთად. ცალკე ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რომელიც გაასხვისა 4000 აშშ დოლარად, გარდა ამისა ჰქონდა საცხოვრებელი სახლი სიღნაღის რაიონის ..., რომელიც ასევე გაასხვისა.
კასატორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2003წ. 30 ივნისისთვის, როდესაც ქონების მართვის სამინისტროს წილი სს “ა.-ში” შემცირდა 14%-მდე, იგი აღარ იყო თანამდებობის პირი, მისი მოღვაწეობა, როგორც თანამდებობის პირისა, გაგრძელდა 2002წ. 4 აპრილიდან 2003წ. 30 ივნისამდე და მის მიერ ერთი თეთრიც კი არ არის უკანონოდ წაღებული სახლში.
ბათუმში ჩასვლის დღიდან ეწეოდა მანდარინით ვაჭრობას, ჰქონდა დედის დანატოვარი დანაზოგი, მაგრამ მისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ წლების მერე მოსთხოვდნენ ქონების დამადასტურებელ დოკუმენტებს და ამიტომ არ ჩათვალა საჭიროდ დედის დანატოვარი თანხის _ 137000 აშშ დოლარის ნოტარიუსის თანდასწრებით დაფიქსირება.
ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ჩამორთმეული ქონების მის საკუთრებაში დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის პრინციპებიდან გამომდინარე, კასატორის საკასაციო პრეტენზიის საფუძველზე, შეამოწმა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია კასატორ თ. ა.-ის 1995 წლიდან 2004წ. 5 თებერვლამდე სს “ა.-ის” გენერალურ დირექტორად მუშაობის ფაქტი, თუმცა სასამართლოს არ შეუმოწმებია და არ გამოუკვლევია მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ “ა.-ი" წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, შესაბამისად, მასზე ვრცელდება “მეწარმეთა კანონით” დადგენილი ყველა სათანადო ნორმა. მითითებული კანონის 9.1 მუხლის შესაბამისად, სააქციო საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს დირექტორი. ამავე კანონის 5.4 მუხლით თანახმად, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ მონაცემები საჭიროებს სავალდებულო რეგისტრაციას, ხოლო მითითებული კანონის 5.6 მუხლის შესაბამისად, 5.4 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო ფაქტის ყოველი ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ.
როგორც კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდენილი დასაბუთებული პრეტენზიის საფუძველზე იკვეთება, სს “ა.-ის" დირექტორად თ. ა.-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში განხორციელებულია 2002წ. 4 აპრილს, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, ეჭვი შეიტანოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაში და რაც იმთავითვე დაუსაბუთებელს ხდის აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ბინის, მდებარე ქ. ბათუმში, ..., კასატორისათვის ჩამორთმევის ნაწილში, კერძოდ, სასამართლოს მხრიდან ყურადღება არ მიექცა საქმეში წარმოდგენილ, ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ცნობას, საიდანაც დასტურდება, რომ ჩამორთმეული ბინის ნაწილი კასატორის მხრიდან შეძენილია სს “ა.-ის" გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება და არც მხარეები უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ თ. ა.-ს გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე ეკავა რაიმე სხვა სახის თანამდებობა, რაც შესაძლებელს გახდიდა კასატორის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა კატეგორიაში მიქცევას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, ქვემდგომი სასამართლოს მიერ გამოკვლეული და განსაზღვრულ იქნეს, როდის და რის საფუძველზე მოხდა კასატორის მიერ ... მდებარე ბინის შეძენა, რა მიზნითაც საქმე ამ ნაწილში განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
კასატორი ასევე სადავოდ ხდის სასამართლოს გადაწყვეტილებას სს “ა.-ის" აქციებისა და მანქანების: “მერსედეს ბენცი 300-ისა” და “ფორდ-ტრანზიტის" ჩამორთმევის ნაწილში, მაგრამ, ვინაიდან კასატორი მითითებულის თაობაზე ვერ წარმოადგენს დასაბუთებულ პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის II ნაწილის დებულებებიდან გამომდინარე, ვალდებულია, დადასტურებულად მიიჩნიოს ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ზემოაღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია, კერძოდ, კასატორმა ვერ წარმოადგინა და ვერ მიუთითა იმ კანონიერ შემოსავლებზე, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემდა შეეძინა სს “ა.-ის" აქციების 53, 27%, ხოლო, რაც შეეხება მანქანებთან მიმართებაში კასატორის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებას, ასევე ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, მითითებული მანქანები რეგისტრირებულია მის სახელზე, რისი გამომრიცხავი მტკიცებულებებიც კასატორს არ წარუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება თ. ა.-ისათვის სს “ა.-ის” აქციებისა და მანქანების ჩამორთმევის ნაწილში ექვემდებარება უცვლელად დატოვებას, ხოლო, რაც შეეხება ბინის ჩამორთმევას ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილება საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. ბათუმში, ..., საერთო ფართით 167,22 კვ. მ ჩამორთმევის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
3. თ. ა.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 2500 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.