Facebook Twitter

ას-841-892-2011 24 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. დ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. დ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ც-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ნასყიდობის საგნის ღირებულების _ 1500 აშშ დოლარისა და, თანხის დროულად გადაუხდელობის გამო, მიუღებელი სარგებლის _ 180 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, 2008 წლის 25 დეკემბერს მხარეებს შორის შედგა მოლაპარაკება ავტომანქანა «ფორდ ტრანზიტის», სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით _ ..., 1500 აშშ დოლარად შესყიდვის თაობაზე, გადახდის განვადების პირობით. შეთანხმებისამებრ, ნასყიდობის საგნის ღირებულების თანხა მ. ც-ეს სრულად უნდა დაეფარა 2009 წლის აპრილის ბოლომდე. 2009 წლის 5 იანვარს სათანადო დოკუმენტაციასთან ერთად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა ნივთობრივად უნაკლო ავტომანქანა, ხოლო, რაც შეეხება უფლებრივ ნაკლს, მოსარჩელის განმარტებით, მ. ც-ისათვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ავტომანქანა არ ირიცხებოდა მის სახელზე, იგი შეიძინა 2004 წელს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქისაგან, რომლისგანაც მინდობილობით ჰქონდა წამოყვანილი და, როგორც კი ნასყიდობის თანხა სრულად დაიფარებოდა, ავტომანქანა უპირობოდ გადაფორმდებოდა მ. ც-ის სახელზე. მიუხედავად მხარეთა შეთანხმებისა, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება დღემდე არ შეასრულა, რის გამოც მ. დ-ემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ც-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 აშშ დოლარის გადახდა, მ. დ-ის სარჩელი მოპასუხისათვის 180 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მ. ც-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის, 400 ლარის ანაზღაურება.

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით მ. ც-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ც-ეს მ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1290 აშშ დოლარის გადახდა, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მ. დ-ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 51,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე მ. დ-ეს საკუთრებაში გააჩნდა ავტომანქანა «ფორდ ტრანზიტი», სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით .... A

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ავტომანქანა რეგისტრირებულია აზერბაიჯანის მოქალაქე ფ. ა-ის სახელზე, მაგრამ მ. დ-ის მიერ აღნიშნული ავტომანქანა შეძენილ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რა დროსაც მესაკუთრე ფ. ა-მა ნამდვილი უფლების საფუძველზე, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად ფაქტობრივად მყიდველს ნივთი პირად მფლობელობაში გადასცა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის დეკემბერში, მოსარჩელე მ. დ-ესა და მოპასუხე მ. ც-ეს შორის შედგა მოლაპარაკება ავტომანქანის შესყიდვასთან დაკავშირებით, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ მ. ც-ე, მ. დ-ეს ავტომანქანაში 2009 წლის აპრილის ბოლომდე გადაუხდიდა 1500 აშშ დოლარს, საიდანაც 300 აშშ დოლარი უნდა დაეფარა 2009 წლის იანვრის ბოლომდე. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე ავტომანქანას წაიყვანდა ფასის სრულად გადახდამდე და თანხის სრულად დაფარვის შემდეგ ავტომანქანას გადაუფორმებდა;

ავტომანქანა მ. ც-ეს გადაეცა და მის მფლობელობაშია 2009 წლის 5 იანვრიდან;

მ. ც-ეს ავტომანქანის ნასყიდობის ფასი მ. დ-ისათვის არ გადაუხდია.

აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ მან თანხა არ გადაიხადა იმიტომ, რომ მ.დ-ე ვერ უფორმებდა მანქანას, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან მხარეთა განმარტებების საფუძველზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ თანხის სრულად გადახდის ვალდებულება ჯერ კიდევ არსებობდა, რის შემდგომაც უნდა განხორციელებულიყო ავტომანქანის გადაფორმება.

აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შეძენილი ნივთი უფლებრივი ნაკლის მქონე იყო, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მითითებული ნივთი ისეთივე უფლებრივი მონაცემების მქონე იყო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას და მყიდველმა ამის შესახებ იცოდა.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა - ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე 477-ე, 505-ე, 506-507-ე მუხლებზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ნივთის გადაცემის მომენტიდან ანუ 2009 წლის 5 იანვრიდან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი ბუნებით წარმოადგენს ორმხრივ, კონსესუალურ და სასყიდლიან ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან გამყიდველი და მყიდველი, რომლებიც შეიძლება იყვნენ, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველმა მ. დ-ემ მ. ც-ეს ზემოაღნიშნული ნორმის დაცვით შეუსრულა ნაკისრი ვალდებულება და გადასცა მყიდველს საკუთრების უფლება (ნივთის ფაქტობრივი გადაცემით) შეძენილ ქონებაზე და მიაწოდა ნივთი. მ. ც-ემ მიიღო ნაყიდი ქონება, თუმცა მისი საფასური (1500 აშშ დოლარი) არ აუნაზღაურებია.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ, რომ ნივთს აღმოაჩნდა ნივთობრივი ნაკლი, კერძოდ, მას ძრავი ჰქონდა დაზიანებული.

მხარეთა და მოწმეთა ჩვენებებით პალატამ დადგენილად ცნო, რომ ძრავის შესაკეთებლად საჭირო თანხა შეადგენდა 300 აშშ დოლარს, რომლის 70 %, შეთანხმებისამებრ, უნდა გადაეხადა მ. დ-ეს, ხოლო 30 %- მყიდველს -მ. ც-ეს, შესაბამისად, გამყიდველ მ. დ-ეს, ნივთის შესაკეთებლად უნდა გაეღო 210 აშშ დოლარი.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლზე და ზემოთაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ ვითარებაში, ჩათვალა, რომ ვინაიდან ავტომანქანა იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთი, მის ღირებულებას უნდა გამოაკლდეს აღნიშნული ნაკლის გამოსასწორებლად გამყიდველის მიერ გასაღები ხარჯი 210 აშშ დოლარი, ხოლო მ. ც-ემ კი უნდა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული საზღაური, ნივთის ღირებულება 1290 აშშ დოლარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ თითქოსდა მ. დ-ე საკუთრების უფლებით ფლობდა ავტომანქანა «ფორდ ტრანზიტს», რომელიც მან იყიდა ფ. ა-თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ვინაიდან, კასატორის მითითებით, დ-ესა და ა-ს შორის დადებული წერილობით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ არსებობს, სანაცვლოდ არსებობს მინდობილობა, რომელიც ა-მა მისცა არა მ. დ-ეს არამედ მის ძმისშვილს და რომლის მიხედვით მ. დ-ეს არ ჰქონდა მანქანის გაყიდვის უფლება, რაც ნათლადაა ასახული მინდობილობაში. კასატორის აზრით, არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოებს განხილვისას არ გამოუკვლევია ფ. ა-ის ანუ სავარაუდო ხელშეკრულების მეორე მხარის პოზიცია ან დასტური იმის თაობაზე, თუ რა ურთიერთობა აკავშირებდა მ. დ-ესთან და ჰქონდა თუ არა მას უფლება, ავტომანქანა მიეყიდა მ. ც-ისათვის.

ამასთან, გადაწყვეტილებაში ასევე არასწორადაა მითითებული, რომ მ. დ-ემ მანქანა საკუთრებაში გადასცა მ. ც-ეს, ვიანიდან, კასატორის განმარტებით, უბრალო განვადების ნასყიდობის ხელშეკრულება გვექნებოდა სახეზე მაშინ, თუ ნივთის გადაცემისას მოხდებოდა მანქანის საკუთრებაში გადაცემა ანუ გადაფორმება, განსახილველ შემთხვევაში კი, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ ასევე არასწორადაა დადგენილი ძრავის დეფექტის შესაკეთებლად საჭირო თანხის ოდენობა, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ძრავის დეფექტის გამო, მ. დ-ემ ც-ეს გამოუკლო გადასახდელი თანხიდან 700 აშშ დოლარი, შესაბამისად, გაურკვეველია საიდან დაასკვნა სასამართლომ, რომ შეკეთებისთვის საჭირო თანხა შეადგენდა 300 აშშ დოლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე.

მოსარჩელე მ. დ-ეს საკუთრებაში გააჩნდა ავტომანქანა «ფორდ ტრანზიტი», სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით .... A

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ავტომანქანა რეგისტრირებულია აზერბაიჯანის მოქალაქეE ფ. ა-ის სახელზე, მაგრამ მ. დ-ის მიერ, აღნიშნული ავტომანქანა შეძენილ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რა დროსაც მესაკუთრემ, ფ. ა-მა ნამდვილი უფლების საფუძველზე, ფაქტობრივად გადასცა ნივთი მყიდველს პირად მფლობელობაში, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობასთან ერთად.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის დეკემბერში, მოსარჩელე მ. დ-ესა და მოპასუხე მ. ც-ეს შორის შედგა მოლაპარაკება ავტომანქანის შესყიდვასთან დაკავშირებით, რა დროსაც შეთანხმდნენ, რომ მ. ც-ე, მ. დ-ეს ავტომანქანის შესაძენად 2009 წლის აპრილის ბოლომდე გადაუხდიდა 1500 აშშ დოლარს, საიდანაც 300 აშშ დოლარი უნდა დაეფარა 2009 წლის იანვრის ბოლომდე. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე ავტომანქანას წაიყვანდა ფასის სრულად გადახდამდე და ავტომანქანა თანხის სრულად დაფარვის შემდეგ გადაფორმდებოდა;

ავტომანქანა მ. ც-ეს გადაეცა და მის მფლობელობაშია 2009 წლის 5 იანვრიდან;

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველმა მ. დ-ემ მ. ც-ეს შეუსრულა ნაკისრი ვალდებულება და გადასცა მყიდველს საკუთრების უფლება (ნივთის ფაქტობრივი გადაცემით) შეძენილ ქონებაზე და მიაწოდა ნივთი. მ. ც-ემ მიიღო ნაყიდი ქონება, თუმცა მისი საფასური (1500 აშშ დოლარი) არ აუნაზღაურებია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ავტომანქანაზე საკუთრების შეძენაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით დადგენილი წესები, რომლის თანახმად მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მათ შორის დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება განვადებით. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ. დ-ემ სადავო ავტომანქანა გადასცა მ. ც-ეს. ამ ფაქტს არ უარყოფდა მ. ც-ის წარმომადგენელი, რაც დასტურდება სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის ჩანაწერით. ამდენად, კასატორის (მ. ც-ე) მიერ ამ ფაქტის საწინააღმდეგო მოსაზრება საკასაციო საჩივარში უსაფუძვლოა.

სააპელაციო სასამართლომ მხარეთა განმარტებების საფუძველზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ თანხის სრულად გადახდის ვალდებულება ჯერ კიდევ არსებობდა, რის შემდგომაც უნდა მომხდარიყო ავტომანქანის გადაფორმება. ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ნივთი ისეთივე უფლებრივი მონაცემების მქონე იყო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას და მყიდველმა ამის შესახებ იცოდა.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მ. ც-ე არ ითხოვს სადავო ავტომანქანის გადაფორმების დავალდებულებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე და 505-ე მუხლები მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ არასწორადაა დადგენილი ძრავის დეფექტის შესაკეთებლად საჭირო თანხის ოდენობა, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ, ძრავის დეფექტის გამო მ. დ-ემ ც-ეს გამოუკლო გადასახდელი თანხიდან 700 აშშ დოლარი, შესაბამისად, გაურკვეველია საიდან დაასკვნა სასამართლომ, რომ შეკეთებისთვის საჭირო თანხა შეადგენდა 300 აშშ დოლარს.

ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებზე, კერძოდ, მხარეთა და მოწმეთა ჩვენებებით პალატამ დადგენილად ცნო, რომ ძრავის შესაკეთებლად საჭირო თანხა შეადგენდა 300 აშშ დოლარს, რომლის 70 % შეთანხმებისამებრ, უნდა გადაეხადა მ. დ-ეს, ხოლო 30 %- მყიდველ მ. ც-ეს, შესაბამისად, გამყიდველ მ. დ-ეს, ნივთის შესაკეთებლად უნდა გაეღო 210 აშშ დოლარი.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლზე და ზემოთაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ ვითარებაში, ჩათვალა, რომ ვინაიდან ავტომანქანა იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთი, მის ღირებულებას უნდა გამოაკლდეს აღნიშნული ნაკლის გამოსასწორებლად გამყიდველის მიერ გასაღები ხარჯი 210 აშშ დოლარი, ხოლო მ. ც-ემ კი უნდა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული საზღაური, ნივთის ღირებულება 1290 აშშ დოლარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ უთითებს ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ უთითებს ისეთ გარებოებებზე, რომლებიც კონკრეტული სადავო ურთიერთობის ზემოაღნიშნული თავისებურებებიდან გამომდინარე, გამორიცხავენ მის მიერ ვალდებულების შესრულებას. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.