ას-879-922-2011 01 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: Pპაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი «ა-ი»
მოწინააღმდეგე მხარეები _ რ. ჭ-ე, ნ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირ «ა-ის» სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირ «ა-ის» სარჩელი მოპასუხეების ნ. კ-ისა და რ. ჭ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირმა «ა-მა».
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმესთან ერთ წარმოებად გაერთიანდა სამოქალაქო საქმე რ. ჭ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების გ. და თ. ბ-ეების მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირ «ა-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება; თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ჭ-ის სარჩელი მოპასუხე თ. ბ-ისათვის 215000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ბ-ეს რ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 41000 აშშ დოლარის, ასევე სესხის სახით გადაცემული თანხის - 41000 აშშ დოლარის გადახდა, სესხის სახით მიღებული 41000 აშშ დოლარის ამოღების მიზნით დადგინდა თ. ბ-ისა და გ. ბ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ა-ში, 1/2-ის რეალიზაცია, რ. ჭ-ის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით თ. ბ-ისათვის 67725 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ბ-ეს რ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 12915 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირმა «ა-მა» და მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირ «ა-ის» შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირ «ა-ს» დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 5350 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირ «ა-ის» შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
2011 წლის 10 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, მიუთითა, რომ ბაჟის გადახდის მიზნით ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაყიდვისათვის კანონით დადგენილ ღონისძიებებს და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირ «ა-ის» საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირ «ა-ის» შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 5350 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ კვლავ არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია, მაგრამ წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კასატორს ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, წარმოდგენილი განცხადება კი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების შეუძლებლობის თაობაზე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კასატორს დღემდე არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟის ნაწილიც კი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირ «ა-ის» შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. სამომხმარებლო კოოპარეტივების კავშირ «ა-ის» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.