ას-921-960-2011 25 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ქ. დ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «...ბანკი» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს «...ბანკმა» სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. დ-ის მიმართ 101606,43 აშშ დოლარის გადახდისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის 7 მაისს მხარეთა შორის დაიდო ¹ბ1-503 საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები. გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხემ აღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკით იხდიდა კრედიტის თანხას. ბანკს არსებული დავალიანების შესახებ დეტალური ინფორმაცია მისთვის არ მიუწოდებია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 7 ოქტომბრის განჩინებით იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე საქმის წარმოება შეწყდა საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის გამო. ამავე სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით კი სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. დ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 96606,43 აშშ დოლარის გადახდა და სს «...ბანკის» მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით ქ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2008 წლის 7 მაისს სს «...ბანკსა» და ქ. დ-ს შორის დაიდო ¹ბ1-503 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკმა მსესხებელ ქ. დ-ის სახელზე გასცა კრედიტი 90 000 აშშ დოლარის ოდენობით 60 თვის ვადით წლიური 20% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ თანხის დაფარვა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით მოხდებოდა.
ხელშეკრულების შეწყვეტისა და დავალიანების თანხის გადახდის თაობაზე მოპასუხე ქ. დ-ი ბანკის მიერ გაფრთხილებულ იქნა ოფიციალურად 2008 წლის 30 ოქტომბერსა და 2009 წლის 4 მარტს.
თანხის გადახდის გრაფიკი ქ. დ-მა პირველად 2008 წლის 7 სექტემბერს დაარღვია. გადახდის გრაფიკის აღნიშნული დარღვევა არ იყო ერთადერთი შემთხვევა ბანკისა და ქ. დ-ის ურთიერთობაში. აპელანტი ადასტურებს, რომ თანხის შეტანისას გადახდის გრაფიკით გაწერილი ვადები არაერთგზის დაარღვია.
მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ 2008 წლის 7 მაისს, ბანკის მიერ ზედმეტად იქნა ჩამოჭრილი ქ. დ-ისათვის სესხის გაცემის საკომისიო თანხა _ 450 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის ჩამოჭრის უკანონობა ბანკმა აღიარა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა ქ. დ-ის სარჩელის გამო სს «...ბანკთან”, სადაც დავის საგანს სწორედ ბანკის მიერ 2008 წლის მაისში ქ. დ-ისათვის უკანონოდ ჩამოწერილი 450 აშშ დოლარი და ამის გამო ქ. დ-ის მიერ განცდილი ზიანი წარმოადგენს.
სასამართლოს მითითებით, აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მის მიერ ვადის დარღვევით ბანკში განხორციელებული შენატანები სრულად ფიქსირდებოდა შესაბამის ანგარიშზე, არამედ დავობს მხოლოდ იმაზე, რომ ვადის დარღვევით განხორციელებული შენატანისას იგი ფარავდა როგორც ძირ თანხას, ისე ვადაგადაცილების გამო პროცენტსა და საურავს სრულად. აღნიშნული კი გამორიცხავს მისი მხრიდან ბანკის წინაშე დავალიანების არსებობას პროცენტის, საურავისა და პირგასამტეხლოს სახით.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დავალიანების ძირითადი თანხის ოდენობის და გადახდის ვადაგადაცილებით სულ 61 549,06 აშშ დოლარს აპელანტი სადავოდ არ მიიჩნევს, ის დავობს მხოლოდ დარიცხულ პროცენტზე, ვადაგადაცილებულ პროცენტზე, ჯარიმასა და ვადაგადაცილების ძირ თანხაზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხის მიერ ბანკში განხორციელებული შენატანები საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული რიგითობის მიხედვით მიემართებოდა დავალიანების დასაფარავად და ნაწილდებოდა პროგრამულად, სადაც თანამშრომელთა ჩარევის შესაძლებლობა გამოირიცხება.
საქმეში წარმოდგენილი, ბანკის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ქ. დ-ს სს «...ბანკში” 2010 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით სასესხო ანგარიშზე ერიცხება დავალიანება 101 606,43 აშშ დოლარი. საიდანაც 61 549,06 არის ძირი, ვადაგადაცილებული ძირი თანხა _ 13617,06 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი _ 978,78 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებული პროცენტი და ჯარიმა კი _ 25 460,88 აშშ დოლარი.
საქმეში წარმოდგენილია 2010 წლის 18 დეკემბრის დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა, რომელიც ქ. დ-ის მოთხოვნის საფუძველზე იქნა შედგენილი. აუდიტის წინაშე გადასაწყვეტად შემკვეთი ქ.დ-ი აყენებდა საკითხს 2010 წლის 10 მარტის მდგომარეობით დააბრუნა თუ არა სს «...ბანკმა” 450 აშშ დოლარი ქ. დ-ის მიმდინარე სავალუტო ანგარიშზე და მოახდინა თუ არა დაბრუნებული თანხის მიხედვით სესხისა და მასთან დაკავშირებული ანგარიშების კორექტირება 2008 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით, 2008 წლის 8 მაისის ¹ბ 1-503 საკრედიტო ხელშეკრულების პირობების ფარგლებში. დასკვნის თანახმად, ქ. დ-ის მიერ დასმულ შეკითხვებზე მოსაზრების გამოთქმაზე აუდიტმა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ბანკის მიერ ქ. დ-ისათვის გადაცემული დოკუმენტები იყო ბუნდოვანი და გაუგებარი, ამასთან, აუდიტი დასკვნით ითხოვდა გარკვეულ დოკუმენტებს, რომელიც მას სრულყოფილი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მისცემდა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაკმაყოფილდა ქ. დ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე დართული და დამატებით მტკიცებულებათა ბანკიდან გამოთხოვის თაობაზე და სს «...ბანკიდან” გამოთხოვილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები, სესხის ამონაწერი და გადახდის ის გრაფიკი, კონკრეტული თანხების მითითებით, რომლითაც ქ. დ-ი ახდენდა სასესხო ანგარიშზე თანხების შეტანას. აღნიშნულ მტკიცებულებათა წარდგენის შემდეგ ქ.დ-ს (მის წარმომადგენელს) არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის საპირისპირო მტკიცებულებები (აუდიტის დასკვნა), რომლის მოპოვებაც მას ახალი მტკიცებულებების საფუძველზე შეეძლო და რომელიც დაადასტურებდა აპელანტის პოზიციას მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, გააბათილებდა ბანკის პოზიციას გადაუხდელ თანხებთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაიკითხა სპეციალისტი, რომელმაც განმარტა, რომ 450 აშშ დოლარი არ შედის იმ დავალიანების თანხაში, რომლის დაკისრებასაც ამჟამად მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვს. სპეციალისტმა განმარტა, რომ 2009 წლის 10 მარტის მდგომარეობით, სრულად იქნა გამორკვეული 450 აშშ დოლარის მოძრაობა, მისი ჩათვლა დასაფარავ სესხში და აღნიშნული თანხის დანაკლისით გამოწვეული პროცენტები, და მასზე დარიცხული ჯარიმები გამოაკლდა გადასახდელ თანხას. განმარტებულ იქნა ისიც, რომ დღეის მდგომარეობით მოთხოვნილ დავალიანების თანხაში არ შედის 450 აშშ დოლარის მოპასუხის მიერ შეუტანლობით დარიცხული რაიმე სახის სანქცია, პროცენტი და 2009 წლის 10 მარტის მდგომარეობით ის დავალიანების სახით გათვალისწინებული არ არის.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ვალდებულებითი სამართლის, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ნორმებით უნდა მოწესრიგდეს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 623-ე მუხლით, 867-ე, 873-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ქ. დ-მა არაერთგზის გადააცილა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადახდას (რასაც არც აპელანტი უარყოფს), შესაბამისად, მოსარჩელეს საკმარისი საფუძველი გააჩნდა, ვალდებულება დარღვეულად მიეჩნია მსესხებლის მხრიდან და შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, 2008 წლის 7 მაისს ¹ბ1-503 საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეებმა სწორედ თავიანთი ნების საფუძველზე ურთიერთშორის სესხის ხელშეკრულება დადეს, რომელიც ითვალისწინებდა პროცენტს, ხოლო ვადაგადაცილების და არაჯეროვანი შესრულებისათვის გარკვეულ სანქციებს. პალატამ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. დ-ი არაჯეროვნად ასრულებდა 2008 წლის 7 მაისის ¹ბ-1-503 საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ჩათვალა, რომ ბანკმა სწორად შეუწყვიტა ხელშეკრულება ქ. დ-ს და მართებულად დააყენა მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით.
სპეციალისტის განმარტებითა და ბანკიდან წარმოდგენილი ამონაწერებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 10 მარტის მდგომარეობით 450 აშშ დოლარი (2008 წლის მაისში ქ. დ-ისათვის უსაფუძვლოდ ჩამოჭრილი) ჩაითვალა დასაფარ სესხში და აღნიშნული თანხის დანაკლისით გამოწვეული ნებისმიერი სანქცია, პროცენტები და ჯარიმა განულებულ იქნა, რის გამოც იგი არ არის გათვალისწინებული იმ თანხაში, რასაც მოსარჩელე ქ. დ-ს ედავება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის, 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ქ.დ-ისათვის 2010 წლის 4 აგვისტოს მდგომარეობით 101606,43 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი გონივრული ოდენობით შეამცირა და მასში რაიმე კორექტივის შეტანის საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გათვალისწინებით არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. დ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათაAგამო: სს „...ბანკს“ კეთილსინდისიერად არ განუხორციელებია თავისი მოვალეობები კასატორის წინაშე და უკანონოდ ჩამოაჭრა 450 აშშ დოლარი, რის შესახებაც ბანკისათვის ჯერ კიდევ 2008 წლის სექტემბერში იყო ცნობილი (ბანკის წარმომადგენლები ამას სააპელაციო სასამართლოს სხდომებზეც ადასტურებდნენ), თუმცა 2009 წლის მარტამდე თანხა არ დაუბრუნებია და, ¹ბ1-503 საკრედიტო ხელშეკრულების 4.8 პუნქტის შესაბამისად, ამ თანხის კრედიტის დასაფარად სრულად ჩარიცხვის შესახებ საკითხი კვლავ ღიადაა დარჩენილი.
ბანკი კასატორს არ აწვდიდა საკრედიტო ხელშეკრულების 4.3, 8.1, 8.3 და 12.7 პუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციებს, რითაც შეცდომაში შეჰყავდა იგი და ხელოვნურად უქმნიდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობას კრედიტთან დაკავშირებით.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ბანკი ბოროტად იყენებდა თავის უფლებას, მიეღო კასატორისაგან საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი. მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გათვალისწინების შემთხვევაში, კასატორი ვადას აცილებდა 2009 წლის აპრილიდან, მაშინ 2008 წლის 30 ოქტომბრის და 2009 წლის 4 მარტის გაფრთხილებები აზრს კარგავს და სწორედ 2009 წლის აპრილიდან ბანკი, კასატორის საქმის კურსში ჩაუყენებლად, მიმართავდა მის მიერ ბანკში შეტანილ თანხებს პირგასამტეხლოსა და სხვა საჯარიმო დავალიანებების დასაფარად და 2010 წლის აგვისტომდე არ დაუყენებია საკითხი კრედიტის უზრუნყელსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე. ამდენად, ბანკი მაქსიმალურად ცდილობდა, კასატორისაგან დაფარულად, საკრედიტო ხელშეკრულების უგულებელყოფით, პირგასამტეხლოს და სხვა სახის ჩათვლების მიღების გზით მიეღო სარგებელი. ამასთან, საბოლოოდ მოეხდინა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, რისი საფუძველიც მას წარმოექმნა 2009 წლის აპრილში, ხოლო მოთხოვნა წარადგინა 16 თვის შემდეგ და ამ ხნის განმავლობაში სავალდებულო ინფორმაციის გაუცემლობით კასატორს წინასწარ განზრახულად უქმნიდა მძიმე მდგომარეობას.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბანკი ვალდებულებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, არ ასრულებდა. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ბანკს «კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, კანონის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება კასატორის წინაშე საერთოდ უგულებელყოფილი აქვს.
კასატორს კრედიტის დასაფარად პრობლემა შეექმნა 2008 წლის 7 სექტემბერს. მან 1758 აშშ დოლარი გადაიხადა 2008 წლის 15 სექტემბერს (გრაფიკის მიხედვით კრედიტის დასაფარად თანხა ბანკში უნდა შესულიყო ყოველი თვის 7 რიცხვში 2384,45 აშშ დოლარის ოდენობით), ბუნებრივია აქ ფაქტობრივი დარღვევაა, მაგრამ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინა, რომ 2008 წლის 7 სექტემბერს კასატორის ანგარიშზე უნდა ყოფილიყო ბანკის მიერ უკანონოდ ჩამოჭრილი 450 აშშ დოლარი და ეს თანხა საკრედიტო ხელშეკრულების პირობის მიხედვით ავტომატურად ჩარიცხულიყო კრედიტის დასაფარად, ამასთან, წინა სამი თვის გადასახადი კასატორმა 46,65 აშშ დოლარით მეტი გადაიხადა (2008 წლის ივნისი, ივლისი, აგვისტო; ამ თვეებში გრაფიკით დადგენილი 2384,45 აშშ დოლარის ნაცვლად ბანკში გადახდილი იყო 2400 აშშ დოლარი) და ეს თანხაც მას კრედიტის დასაფარად უნდა ჩათვლოდა. ამდენად, 2008 წლის სექტემბერში გადახდილია 1758+450+46,65=2254,65 აშშ დოლარი.
2008 წლის აგვისტოს მოვლენების (რუსეთ-საქართველოს ომი) პერიოდში და მისი თანმდევი გარემოებების არსებობისას ბანკსა და კასატორს შორის ამოქმედდა საკრედიტო ხელშეკრულების 11.2 პუნქტის პირობები, რადგან 2008 წლის 7 სექტემბერს ხდებოდა აგვისტოს გადასახადის გადახდა, ამდენად, დანაკლისის შესავსებად შესატანზე მხარეები ერთმანეთში დამატებით უნდა მორიგებულიყვნენ, თუმცა ამ პროცედურებს ბანკმა აგრესიული პოზიციის დაფიქსირებით აარიდა თავი და არათუ დავალიანების დაუყოვნებლივ, არამედ მთლიანი კრედიტის დაბრუნება მოითხოვა ორი კვირის განმავლობაში. ბანკმა თავისი ბრალეული ქმედებებით გამოიწვია იმ სავარაუდო ზიანის წარმოშობა, რაზედაც თავად აცხადებს პრეტენზიას.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლი, ვინაიდან 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენები იყო 7 სექტემბრის გადასახადთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემის საფუძველი და არა კასატორის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულების ბრალეულად დარღვევა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სს „...ბანკს“ დაეკისრა ქ. დ-ის სასარგებლოდ 560,25 აშშ დოლარის გადახდა და რადგან მხარეს ამ გადაწყვეტილების ფორმალურად გასაჩივრების უფლება ჰქონდა, მხარემ მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის მიხედვით საქმის შეჩერება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სხვა რაიმე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის დანაწესი. 2008 წლის 30 ოქტომბრის და 2009Mწლის 4 მარტის გაფრთხილებები შესრულდა არასწორად. ბანკი ამტკიცებს, რომ კასატორმა ვადა გადააცილა 2009 წლის აპრილიდან და ბუნებრივია, მანამდე გაფრთხილების წერილების არსებობას არანაირი იურიდიული მნიშვნელობა არა აქვს. სხვა გაფრთხილება კასატორს არ ჩაბარებია. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გაფრთხილება ორკვირიანი ვადის მიცემით უნდა მოხდეს წარმოშობილი დავალიანების დაფარვის მიზნით და არა მთლიანი კრედიტის დაფარვის მოთხოვნით. 2008 წლის 30 ოქტომბრის გაფრთხილების წერილში გადასახდელი თანხა საერთოდ არ იყო მითითებული, ხოლო 2009 წლის 4 მარტის ხელმოუწერელ და აბსურდული შინაარსის წერილში ბანკი 5000 აშშ დოლარამდე ზედმეტი თანხის გადახდას ითხოვდა კასატორისაგან. სწორედ აღნიშნულით გამოწვეული დაპირისპირების გამო დააბრუნა უკანონოდ მითვისებული 450 აშშ დოლარი და არა ნებაყოფლობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად დაადგინა და კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია საქმისათვის მნიშვნელოვან შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2008 წლის 7 მაისს სს «... ბანკსა» და ქ. დ-ს შორის დაიდო ¹ბ1-503 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკმა მსესხებელ ქ. დ-ის სახელზე გასცა კრედიტი 90 000 აშშ დოლარის ოდენობით 60 თვის ვადით წლიური 20% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თანხა უნდა დაფარულიყო შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. აღნიშნული გრაფიკი ქ. დ-მა პირველად 2008 წლის 7 სექტემბერს, ხოლო შემდეგ კიდევ არა ერთხელ დაარღვია.
ხელშეკრულების შეწყვეტისა და დავალიანების თანხის გადახდის თაობაზე მოპასუხე ქ. დ-ი ბანკის მიერ გაფრთხილებულ იქნა ოფიციალურად 2008 წლის 30 ოქტომბერსა და 2009 წლის 4 მარტს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი, რომლის მიხედვით კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დასახელებული ნორმა კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებისას საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის ამღები ნაკისრ ვალდებულებას ზედიზედ ორჯერ მაინც არ შეასრულებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მითითებას და თვლის, რომ შესაძლოა, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გავლენა მოეხდინა ქ. დ-ის მიერ 2008 წლის სექტემბერში ბანკის მიმართ შესრულების განხორციელებაზე, თუმცა პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი არ გამხდარა. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ქ. დ-მა კრედიტის ნაწილ-ნაწილ შეტანის ვალდებულება არაერთხელ დაარღვია. მართალია, მას თანხა პერიოდულად შეჰქონდა, მაგრამ არა დროულად და გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. მიუხედავად ასეთი ვალდებულების არარსებობისა, ბანკმა კრედიტის ამღები ორჯერ უშედეგოდ გააფრთხილა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
ამდენად, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა მართლზომიერად შეწყდა და სრულიად დასაბუთებულია ბანკის მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის შესასრულებელ მოვალეობათა შესრულების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს სს «... ბანკის» მხრიდან ხელშეკრულებების არაჯეროვნად შესრულებისა და უფლების ბოროტად გამოყენების შესახებ, რადგან მითითებული გარემოებანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ დასაბუთებული არ არის. რაც შეეხება ბანკის მიერ უკანონოდ ჩამოჭრილ 450 აშშ დოლარს, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ 2009 წლის 10 მარტის მდგომარეობით 450 აშშ დოლარი ჩაითვალა დასაფარ სესხში და აღნიშნული თანხის დანაკლისით გამოწვეული ნებისმიერი სანქცია, პროცენტი და ჯარიმა განულდა, შესაბამისად, იგი სადავო თანხაში გათვალისწინებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ძირითადად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასაბუთებას, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განსაზღვრეს პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ:
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლების შესაბამისად კი, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის _ პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების 8.1 მუხლის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია, გადაახდევინოს მსესხებელს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის 1,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოებმა მხარეთა თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით შეამცირეს სასარჩელო განცხადებით ბანკის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა _ 25460,88 აშშ დოლარი 20460.88 აშშ დოლარამდე.
საკასაციო პალატა ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ დიდია მოცემული ტიპის სასესხო ვალდებულების გათვალისწინებით და იგი უნდა შემცირდეს, თუმცა 5000 აშშ დოლარით მისი შემცირება არ არის საკმარისი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავისათვის პირგასამტეხლოს მხარეთა მიერ შეთანხმებული თანხის 1,5%-ით გაანგარიშება არამართლზომიერია და მის გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენს 11000 აშშ დოლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნვეს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ქ. დ-ისათვის პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სს «... ბანკის» სარჩელი ქ. დ-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს მხოლოდ 11000 აშშ დოლარის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში კი გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 410-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ქ. დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინება ქ. დ-ისათვის პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სს «... ბანკის» სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ქ. დ-ს სს «... ბანკის» სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 11000 აშშ დოლარის ოდენობით.
დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.