ას-936-974-2011 15 ნოემბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა სილაგაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორები _ დ. შ-ე, შ. შ-ე
წარმომადგენელი _ მ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ი. 2», ი.ბ ამხანაგობა «ი. 91»
წარმომადგენელი _ ლ. ლ-ი, მ. ყ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულების აღიარება; ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. და შ. შ-ეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობების «ი. 2-სა» და ი. 91-ის» მიმართ და მოითხოვეს სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება, საცხოვრებელი ფართისა და ავტოფარეხის გადაცემა შემდეგი დასაბუთებით: თბილისის საბურთალოს რაიონის პრეფექტურის 1991 წლის 16 ნოემბრის ¹1290 განკარგულებით მოსარჩელეები გაწევრიანდნენ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ი. 91-ში“, რომელიც ჩამოყალიბდა რაიონული აღმასკომის 1991 წლის 17 ივნისის ¹... გადაწყვეტილებით აკადემქალაქისა და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის, ქ-ის ქუჩასა და ფ-ს გამზირს შორის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მუზეუმის დასავლეთით გამოყოფილ ტერიტორიაზე. ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ი. 91-ის“ 1991 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს _ დ. და შ. შ-ეებს გადაეცათ საკუთრების უფლება 141 კვ.მ ოთხოთახიან და 122 კვ.მ სამოთახიან ბინასა და ორ გარაჟზე. ხელშეკრულების დადების დროს ორივე ბინა 120 000 რუსული მანეთი ღირდა. მოსარჩელეების განმარტებით, მათ ბინის ღირებულება სრულად დაფარეს. 1991 წელს, ინფლაციის გამო, მოპასუხემ დამატებით გადაახდევინა 40 000 რუსული რუბლი. 1991 წელს მშენებლობა შეჩერდა. მოსარჩელეების განმარტებით, 1992 წლის ივნისში მოწინააღმდეგე მხარემ დამატებით გადაახდევინა 150000 რუსული რუბლი, მაგრამ მშენებლობა არ განახლებულა და 9 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. 1999 წელს მოსარჩელე დ. შ-ე საზღვარგარეთ წავიდა. 2004 წლის ივნისში მისთვის გახდა ცნობილი, რომ 2002 წლის 10 მაისს შედგა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. 91-ის“ წევრთა კრება, სადაც გაწევრიანებული მენაშენეები სამ კატეგორიად დაიყვნენ. პირველ კატეგორიას მიეკუთვნა მენაშენეთა ის წევრები, ვინც თანხა მთლიანად გადაიხადა და დროულად დაფარა. მშენებლობის განახლების მომენტში მათ ბინა უშენდებოდათ ყოველგვარი თანხის დამატების გარეშე. პირველ კატეგორიაში დასახელდა ცხრა მენაშენე. აღნიშნულ სიაში მოსარჩელეები ვერ მოხვდნენ. მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა 2003 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულების შესახებ, რომლითაც დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი. 2“. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, ამხანაგობა „ი. 91-ის“ მიერ ამხანაგობაში შეტანილი 3138 კვ.მ ფართობის მიწის საკომპენსაციოდ ქ.თბილისში, ქ-ის ქუჩასა და ფ-ს გამზირს შორის ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმის დასავლეთით აშენებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა აღნიშნული პროექტით დამტკიცებული მრავალსართულიანი სახლის საცხოვრებელი ფართი მე-2 და მე-3 სართულებზე მდებარე 1970 კვ.მ მეტრი, ასევე 170 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის ავტოფარეხები, 200 კვ.მ სარდაფი მესაკუთრის ყველა კანონიერი უფლებით.
მოპასუხე ამხანაგობა „ი. 91-მა» სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელეებს დ. და შ. შ-ეებს ამხანაგობა „ი. 91-თან“ არ დაუდიათ ხელშეკრულება. ამდენად, ამხანაგობას არ უკისრია მოსარჩელეებისათვის ბინების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება. მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა მოსარჩელეების მიერ 110 000 რუსული რუბლის გადახდის ფაქტი, ხოლო, რაც შეეხება 150 000 მანეთს, აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ.
სარჩელი არ ცნო მოპასუხე „ი. 2-ის“ წარმომადგენელმა და განმარტა, რომ პრეფექტურის გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს ვალდებულებად, გარიგება მხარეებს შორის არ შემდგარა და მოსარჩელეებს ბინის ღირებულება დროულად არ დაუფარავთ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ. და შ. შ-ეების სასარჩელო მოთხოვნა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს დ. და შ. შ-ეებმა. უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 აპრილის განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
2010 წლის 7 დეკემბრის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სარჩელის საგანია, მოსარჩელეების: დ. და შ. შ-ეების, როგორც ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ი. 91-ისა» და ამხანაგობა «ი. 2-ის» წევრების მიერ ვალდებულების შესრულების _ 122 კვ.მ სამოთახიანი ბინის და 142 კვ.მ ოთხოთახიანი ბინის აღიარება და ორი ავტოფარეხის ღირებულების ანაზღაურება; მოპასუხეებს დაევალოთ ქ. თბილისში, ქ-ის ქუჩასა და ფ-ს გამზირს შორის ამიერკავკასიის სამხედრო მუზეუმის დასავლეთით საცხოვრებელი სახლის აშენებისას 122 კვ.მ სამოთახიანი ბინის, 142 კვ.მ ოთხოთახიანი ბინისა და 2 ავტოფარეხის გადაცემა პირველი კატეგორიის მენაშენეთათვის განთავსებულ ფართში.
თბილისის საბურთალოს რაიონის პრეფექტურის 1991წლის 6 ნოემბრის განკარგულებების თანახმად დადგენილია, რომ მოსარჩელეების ამხანაგობა «ი. 91-ში» გაწევრიანების ფაქტი დ. შ-ის ოთხოთახიანი ბინის, ხოლო შ. შ-ის სამოთახიანი ბინის აშენების უფლებით. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განკარგულებები გაუქმებული არ არის, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი დ. და შ. შ-ეებისათვის ამხანაგობის წევრობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, მოსარჩელეები არიან ამხანაგობა «ი. 91-ის» წევრები. საქმეში წარმოდგენილია ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა «ი. 91-ის» გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზეც დ. შ-ეს უნდა გადასცემოდა ოთხოთახიანი, ხოლო შ. შ-ეს _ სამოთახიანი ბინები. მოსარჩელეთა განმარტებით, შეთანხმება ზეპირად არსებობდა 122 კვ.მ სამოთახიანი ბინის, 142 კვ.მ ოთხოთახიანი ბინისა და ორი ავტოფარეხის აშენების თაობაზე, თუმცა ასეთი შინაარსის კონკრეტული მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელეთა და ამხანაგობა «ი. 91-ის» შეთანხმებას, კონკრეტულად რა თანხას შეადგენდა 1 კვ.მ-ის აშენების ღირებულება. 1 კვ.მ-ის ღირებულება უნდა დაზუსტებულიყო მშენებლობის პროცესში. ამხანაგობის განმარტებით, აღნიშნული განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ სამშენებლო მასალების ღირებულება იყო ცვალებადი, იყო ინფლაცია და ამხანაგობის წევრებს უწევდათ პერიოდულად სხავადასხვა ხარჯის გაწევა. უდავოა ისიც, რომ მშენებლობის პროცესში პროექტი რამოდენიმეჯერ შეიცვალა. შესაბამისად, 1 კვ.მ-ის ღირებულება უნდა დაზუსტებულიყო მშენებლობის პროცესში, ანუ უნდა შეთანხმებულიყვნენ ფასების კორექტირებაზე. საქმეში წარმოდგენილი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ი. 91-ის» წევრთა საერთო კრების 2002 წლის 10 მაისის ¹15 ოქმით ამხანაგობის წევრები დაიყვნენ კატეგორიებად: პირველ კატეგორიას მიეკუთვნენ ის წევრები, ვინც თანხა მთლიანად და დროულად დაფარა. ასეთ კატეგორიად მიჩნეულ იქნა 9 მენაშენე, რომელთა შორისაც არ არიან მოსარჩელეები. მეორე კატეგორიას მიეკუთვნენ ის წევრები, რომელთაც გადახდილი ჰქონდათ გარკვეული თანხა და, შესაბამისად, უნდა აშენებოდათ შესაბამისი ფართიც. მშენებლობის განახლების პროცესში მათ აღნიშნული ფართი მიეცემოდათ უსასყიდლოდ. სხვა მათ მიერ დაკავებულ 1 კვ.მ ფართზე უნდა გადაეხადათ 120 აშშ დოლარი. მესამე კატეგორიას მიეკუთვნენ მენაშენეები, რომელთაც შეტანილი ჰქონდათ ამახანაგობაში გარკვეული თანხა, მაგრამ მათ არ სურდათ მშენებლობის გაგრძელება. ისინი გადიოდნენ ამხანაგობიდან იმ პირობით, რომ მათზე უნდა გაცემულიყო შესაბამისი კომპენსაციები. 2003 წლის 26 დეკემბერს დაიდო ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ი. 2-ის» დაფუძნების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობა «ი. 91» წარმოადგენს ამხანაგობა «ი. 2-ის» ერთ-ერთ დამფუძნებელს, რომელმაც შესატანის სახით შეიტანა 3 138 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ამის სანაცვლოდ გადაეცა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში საცხოვრებელი ფართი მე-2 და მე-3 სართულებზე, ასევე ავტოფარეხები და სარდაფი კარკასულ მდგომარეობაში. მოსარჩელეები სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინების და 2 ავტოფარეხის გადაცემას სწორედ ზემოაღნიშნულ «ი. 91-სათვის» გადაცემულ მე-2 და მე-3 სართულებზე განთავსებულ ფართში ითხოვენ.
ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ი. 2-მა» იკისრა ვალდებულება ამხანაგობა «ი.-91-ის” მენაშენეების წინაშე, რომლებსაც ამ მშენებლობისათვის ადრე შეტანილი ჰქონდათ გარკვეული თანხა და სურვილს გამოთქვამდნენ, გაწევრიანებულიყვნენ ახლადშექმნილ ამხანაგობა «ი. 2-ში» და მონაწილეობას მიიღებდენ მშენებლობის პროცესში. ამდენად, ამხანაგობა «ი.-91-ის» წევრებს, რომლებსაც ადრე შეტანილი ჰქონდათ მშენებლობისათვის გარკვეული თანხა, რომ მიეღოთ ბინა ახალაშენებულ შენობაში, უნდა გამოეხატათ შესაბამისი ნება და მონაწილეობა მიეღოთ მშენებლობის პროცესში. მოსარჩელეთა მხრიდან ასეთი ნების გამოვლენა არ დასტურდება. ხელშეკრულებაში მიეთითა ამხანაგობა «ი.-91-ის» ვალდებულება, დაუბრუნოს თანხა იმ მენაშენეებს, რომლებიც საკუთარი სურვილით გავიდნენ ამხანაგობა «ი. 91-დან», საშუალოდ 1 კვ. ფართზე 150 აშშ დოლარი. მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ ამხანაგობა «ი. 2-მა” შეასრულა თავისი ვალდებულება ამხანაგობა «ი. 91-ის” წინაშე და გადასცა მას აშენებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში საცხოვრებელი ფართი მე-2 და მე-3 სართულებზე. ამხანაგობა «ი. 91-მა» მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფართის ე.წ პირველი კატეგორიის 9 მენაშენეზე განაწილების თაობაზე. 2004 წლის 6 ოქტომბერს შედგა ამხანაგობა «ი. 91-ის» კრება, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტულება 9 მენაშენისათვის, რომლებსაც სრულად ჰქონდათ გადახდილი თანხა. კრებამ ასევე განსაზღვრა ის ფართები, რისი შესაბამისი ღირებულებაც ჰქონდათ ანაზღაურებული გარკვეულ მენაშენეებს, რომლებსაც ვალდებულება სრულად არ ჰქონდათ შესრულებული. მათ შორის არიან მოსარჩელეებიც. გადახდილი თანხის შესაბამისად განსაზღვრულია შემდეგი: დ. შ-ეს განესაზღვრა 28 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, ხოლო შ. შ-ეს კი _ 14 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. ამ ფართების საკომპენსაციო თანხის გადახდაზე ამხანაგობა «ი. 91» უარს არ აცხადებს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელეთა მიერ უშუალოდ ამხანაგობა «ი. 91-ში» 1991 წელს 160 000 მანეთის გადახდა. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი დამატებით 150 000 მანეთის ბანკის მეშვეობით ამხანაგობა «ი. 91”-ის სასარგებლოდ გადახდა. ამხანაგობა «ი. 91-ის» პოზიციაა, რომ ამ თანხის გადახდის შემთხვევაშიც მას არ წარმოეშობოდა ბინების გადაცემის ვალდებულება, რადგან მოსარჩელეთა მხრიდან ვალდებულება სრულად მაინც არ იქნებოდა შესრულებული. წარმოდგენილი საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს საბუღალტრო-სარევიზიო კვლევათა ჯგუფის სპეციალიტების მიერ ამხანაგობა «ი.-91-ის» სამეურნეო და საფინანსო საქმიანობის რევიზიის ჩატარების თაობაზე 2006 წლის 14 ივნისის აქტით, რომელსაც გაეცნო და ხელს აწერს ასევე ამხანაგობა «ი. 91-ის” თავმჯდომარე ქ. ჯაბიძე, დასტურდება, რომ 19.10.1992 წელს საბროკერო ფირმა 168/2 «ლარსმა” სკბ «კავკასიის” ბანკის მეშვეობით ამხანაგობა «ი. 91-ში» ჩარიცხა 150 000 რუსული მანეთი. საგადასახადო დავალებაში ვისთვისაა ჩარიცხული არ ჩანს, ხოლო როგორც ამხანაგობა «ი. 91-ის” თავმჯდომარე ჯაბიძე განმარტავს, აღნიშნული თანხა ეკუთვნოდა დ. შ-ეს, შესაბამისად, დადგენილია მოსარჩელეთა მიერ ჯამში 310 000 მანეთის გადახდა. ამასთან, ვერ დასტურდება, რომ მოსარჩელეებთან არსებობდა შეთანხმება ამ თანხის გადახდის სანაცვლოდ 122 კვ.მ სამოთახიანი ბინის, 142 კვ.მ ოთხოთახიანი ბინისა და ორი ავტოფარეხის გადაცემის თაობაზე. რაც შეეხება საკითხს, სწორად აქვს თუ არა მოპასუხეს გამოთვლილი მოსარჩელეებისათვის 1991-1992 წლებში გადახდილი თანხის სანაცვლო კომპენსაცია, რის გადახდაზეც აცხადებს თანხმობას ამხანაგობა «ი. 91”, აღნიშნულზე პალატა ვერ იმსჯელებს, რამეთუ კომპენსაციის დაკისრება არ წარმოადგენს წინამდებარე სარჩელის საგანს. პალატამ მიუთითა, რომ მხარეები თანახმა არიან 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის გამოყენებაზე. სამოქალაქო კოდექსის ნორმებს ეფუძნება უშუალოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარიც. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე, 930-ე, 932-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს დ. და შ. შ-ეებმა და მიუთითეს, რომ სასამართლომ განჩინების გამოტანისას მტკიცების ტვირთი არ დააკისრა მოპასუხეებს, რაც არის უკანონო. განჩინებაში მითითებულია, რომ არ მოიპოვება მტკიცებულება რა თანხას შეადგენდა 1 კვ.მ აშენების ღირებულება და ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელეების მიერ გადახდილია თანხა 310 000 მანეთი, მიუხედავად ამისა, ვერ დასტურდება, თანხის გადახდის სანაცვლოდ შეთანხმება სამოთახიანი ბინის, ოთხოთახიანი ბინისა და ორი ავტოფარეხის გადაცემის თაობაზე. სარჩელის პირველ მოთხოვნას წარმოადგენდა აღიარება იმისა, რომ კასატორები ი/ბ ამხანაგობა „ი.-91-სა“ და „ი.-2-ის“ წევრები არიან. სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილად მიიჩნია მითითებული გარემოება, ხოლო სარეზოლუციო ნაწილით სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მის მიერ გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც დაზარალებულად ცნობილი და დაკითხული იყო 17 მენაშენე. მითითებული დაზარალებულები მიეკუთვნებიან იმ 70 მენაშენეთა რიცხვს, რომელებიც გაწევრიანებული იყვნენ 1991 წელს „ი.-91-ის“ დაკომპლექტების დროს, საბურთალოს რაიონის პრეფექტურის 1991 წლის 6 ნოემბრის 1290 განკარგულების საფუძველზე. სასამართლომ შეფასება არ მისცა საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის წერილებს, რომელშიც მითითებულია რას შეადგენდა 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი მანეთსა და კუპონთან მიმართებით 1991-1994 წლებში, ასევე არ იმსჯელა სტატისტიკის დეპარტამენტის წერილზე, რომლითაც დადგენილია, რომ 1991 წელს გადახდილი 160000 რუსული რუბლი შეადგენდა 92000 აშშ დოლარს. ინფლაცია დაიწყო 1992 წლის ბოლოს კასატორის მიერ კი, 310 000 მანეთი გადახდილია ინფლაციის დაწყებამდე. სასამართლომ არ შეაფასა ასევე ამხანაგობა „ი.-91“ 2002 წლის 10 მაისის ¹15 საერთო კრების ოქმი და 2003 წლის 26 ნოემბრის ხელშეკრულება, სადაც მოპასუხეს თვითონ აქვს დადგენილი 1 კვ.მ-ის ღირებულება, რაც შეადგენს 120 აშშ დოლარს. კასატორებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ ბევრად მეტია გადახდილი. ამასთან, არც ამხანაგობის თავმჯდომარის 12.04.94 წლის ხელწერილზე უმსჯელია სასამართლოს. აღნიშნულ ხელწერილში, რომელსაც აძლევს ამხანაგობის წევრს ედისონ აბრამიძეს, მითითებულია, რომ „წევრმა გადმორიცხა მშენებლობისათვის ამხანაგობა „ი. 91-ში“ ოცდახუთი ათასი მანეთი 1882 წლის 7 დეკემბერს (25000 მან. 3000=8,3 კვ.მ) და დაფარა 8,3 კვ.მ. მითითებული წერილით დგინდება, რომ 1992 წლის დეკემბერში 100 მანეთი უდრიდა 415.56 აშშ დოლარს, „ი.-91-ის“ თავმჯდომარე 1 კვ.მ-ს ანგარიშობს 3000 მანეთად.
კასატორებმა 2011 წლის 20 ივლისის განცხადებით დააზუსტეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ნაწილობრივ და მოითხოვეს ვალდებულების შესრულების, კერძოდ, სადავო უძრავი ქონების მთლიანი ღირებულების გადახდის აღიარება; ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტად, სახელდობრ, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ი. 91-ისა» და «ი. 2-ის» წევრებად აღიარება; ამასთან, მოითხოვეს ცვლილების შეტანა 2002 წლის 10 მაისის კრების ¹15 ოქმში და პირველი კატეგორიის მენაშენეთა სიაში შეყვანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. და შ. შ-ეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატას ხელახლა განსახილველად დაუბრუნებს საქმეს, თუ საქმის განხილვისას აღმოჩნდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმის ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც არსებით გავლენას ახდენენ საქმის შედეგზე, კერძოდ:
მოცემული დავაში დ. და შ. შ-ეების ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «ი. 91-ისა» და «ი. 2-ის» წევრებად აღიარება. მოსარჩელეებს ეს მოთხოვნა საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ შეუმცირებიათ (იხ. ტ.I ს.ფ. 529, ტ.III. ს.ფ. 304, ტ.III. ს.ფ. 366). სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების ¹4.1. პუნქტით დაადგინა, რომ მოსარჩელეები არიან ამხანაგობა «ი. 91-ის» წევრები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დ. და შ. შ-ეების სარჩელი არც ერთ ნაწილში არ დააკმაყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება და სარეზოლუციო ნაწილი წინააღმდეგობრივია.
სააპელაციო სასამართლომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პრეფექტურის 1991 წლის 6 ნოემბრის განკარგულებების თანახმად დადგენილად ცნო მოსარჩელეების ამხანაგობა «ი. 91-ში» გაწევრიანების ფაქტი _ დ. შ-ის ოთხოთახიანი ბინის, ხოლო შ. შ-ის სამოთახიანი ბინის აშენების უფლებით; აღნიშნული განკარგულებები გაუქმებული არ არის, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი დ. და შ. შ-ეებისათვის ამხანაგობის წევრობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, მოსარჩელეები არიან ამხანაგობა «ი. 91-ის» წევრები. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელეებს მოპასუხისთვის გადახდილი აქვთ 310 000 მანეთი.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელზე უარის თქმა დაასაბუთა იმით, რომ ვერ დასტურდება, რომ მოსარჩელეებთან არსებობდა შეთანხმება ამ თანხის გადახდის სანაცვლოდ 122 კვ.მ სამოთახიანი ბინის, 142 კვ.მ ოთხოთახიანი ბინის და ორი ავტოფარეხის გადაცემის თაობაზე და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელეთა და ამხანაგობა «ი. 91-ის» შეთანხმებას, კონკრეტულად რა თანხას შეადგენდა 1 კვ.მ-ის აშენების ღირებულება.
უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეთა ამხანაგობა «ი. 91-ის» წევრობას მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ამ სამართლებრივი ურთიერთობის აღიარებაზე უარის თქმა სათანადო იურიდიულ დასაბუთებას საჭიროებს, რასაც გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე მოდავე მხარეებს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, წარმოადგინონ მტკიცებულებები მითითებული ფაქტების დასადასტურებლად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამრიგად, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრებათ მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. ამასთან, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას უმეტესწილად სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმა აწესრიგებს. ზოგადი ანალიზით, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის მტკიცებას კანონმდებელი იმ მხარეს ავალებს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ მოპასუხის მიერ გარკვეული მოქმედების განხორციელებას. მოსარჩელემ დაამტკიცა და სასამართლომაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ცნო მოსარჩელის მიერ შენატანის განხორციელება. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების არაჯეროვნებას _ თანხის არასაკმარისობას, ეს გარემოება მოპასუხის სამტკიცებელია. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელეებმა ვალდებულებები სრულად არ შეასრულეს (თანხა არ გადაიხადეს სრულად), რის გამოც ვერ მოხდებოდა მათი პირველი კატეგორის მენაშენეებად აღიარება და სათანადო ფართების გადაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, კონკრეტულად რა თანხის გადახდის შემთხვევაში მოხდებოდა მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რა თანხა უნდა გადაეხადათ 1 კვ.მ აშენებისთვის და რამდენი კვადრატული მეტრის აშენებისთვის იყო საკმარისი მოსარჩელეთა მიერ გადახდილი 300 000 მანეთი.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სარჩელის საგნიდან (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება) გამომდინარე უნდა შეაფასოს ის გარემოებაც, რომ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ი.-91“-ის 2004 წლის 06 ოქტომბრის კრების ¹21 ოქმით, ამხანაგობა „ი. 91-ის» წევრებს, მათ შორის, დ. შ-ეს უნდა გადაეცეს 28 კვ.მ, შ. შ-ეს კი - 14 კვ.მ მათ მიერ გადახდილი და მოპასუხეთა მიერ აღიარებული 160000 რუსული რუბლის სანაცვლოდ.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მხოლოდ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევისა და დადგენის შემდეგ უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება და გადაწყვიტოს განსახილველი სარჩელის კანონიერება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. და შ. შ-ეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.