Facebook Twitter

ას-951-989-2011 10 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ზ-ე

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ზ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. გ-ის მიმართ და მოითხოვა, მის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის 2009 წლის 21 ოქტომბრის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 4000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 3636 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, 2009 წლის 21 ოქტომბერს სანოტარო წესით დამოწმდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი. გ-ს ზ. ზ-ისათვის 2010 წლის პირველ თებერვლამდე უნდა გადაეხადა ვალი _ 4000 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად მისი არაერთგზის სიტყვიერი მოთხოვნისა, რომ დაებრუნებინა კუთვნილი თანხა, მოპასუხე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც მოითხოვს მისთვის აღიარებული 4000 აშშ დოლარისა და, ასევე ხელშეკრულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყველი ვადაგადაცილებული დღისათვის ძირითადი თანხის (4000 აშშ დოლარის) 0,3%-ის მოპასუხისათვის დაკისრებას, სულ 7636 აშშ დოლარის ოდენობით.

მოპასუხე ი. გ-მა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ, მართალია არსებობს ვალის აღიარების ხელშეკრულება, მაგრამ აღნიშნული მან გამოუვალი ვითარების გამო დაწერა, რაშიც ზ. ზ-ის გამო აღმოჩნდა თვითონ და თავისი ოჯახი. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ ავტომანქანა რეალურად მიჰყიდა მის შვილს _ თ. გ-ს ვალის აღიარებამდე ხუთი თვით ადრე, ავტომანქანის რეალურ ღირებულებაზე ძვირად. სულ გადაიხადეს 12 500 აშშ დოლარი, თავიდან 8000, შემდეგ 500 და ბოლოს 4000 აშშ დოლარი, შესაბამისად, მოპასუხის აზრით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ზ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ი. გ-ს ზ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3212 აშშ დოლარის ანაზღაურება. (2000 აშშ დოლარი ძირი თანხა. 1212 აშშ დოლარი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის 0.2%). ზ. ზ-ეს უარი ეთქვა 4424 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე. ი. გ-ს ზ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზ. ზ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 171.52 ლარის ანაზღაურება. ზ. ზ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 235.48 ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ზ. ზ-ეს ი. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ი. გ-ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 250 ლარის ანაზღაურება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 21 ოქტომბერს სანოტარო ფორმის დაცვით გაფორმდა ვალის არსებობის აღიარების შესახებ ხელშეკრულება. მოპასუხე ი. გ-მა მოსარჩელე ზ. ზ-ის მიმართ აღიარა 4000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობის ფაქტი.

ვალის აღიარების ხელშეკრულების მე-2 პუნქტით სასამართლომ დაადგინა, რომ ი. გ-ის დავალიანება ზ. ზ-ის მიმართ წარმოიშვა 2008 წლის ივნისში ზ. ზ-ის მიერ ი. გ-ისათვის მანქანის მიყიდვის შემდეგ. მანქანის ნასყიდობის ფასი შეადგენდა 12000 აშშ დოლარს და აქედან ი. გ-ს გადახდილი აქვს ზ. ზ-ისათვის ნასყიდობის ფასის ნაწილი 8000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ ნასყიდობის ფასის 4000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას ი. გ-ი ზ. ზ-ის მიმართ კისრულობდა 2010 წლის 1 თებერვლამდე. სასამართლომ Dვალის აღიარების ხელშეკრულების მე-4 პუნქტით, დადგენილად მიიჩნია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას ი. გ-ი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა ზ. ზ-ისათვის პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ვალის ძირითადი თანხის 0,3 %-ის ოდენობით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ კვირაში ი. გ-მა ზ. ზ-ეს გადაუხადა 2000 აშშ დოლარი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვალის დარჩენილი ნაწილი 2000 აშშ დოლარი ი. გ-ს ზ. ზ-ისათვის არ დაუბრუნებია. სასამართლო სხდომაზე მოწმე თ. კ-ემ განმარტა, რომ ი. გ-ის შვილმა 4000 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ გადასცა მას, რადგან ის იყო ზ. ზ-ის მეუღლე. იმ დროისათვის მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობდნენ და აღნიშნული თანხა მოახმარა შვილებს, რომელთა მიმართ მამა ზ. ზ-ე არ იჩენდა მზრუნველობას.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ, ვინაიდან ზ. ზ-ემ დაადასტურა ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ კვირაში ი. გ-ის მიერ 2000 აშშ დოლარის გასტუმრების ფაქტი, შესაბამისად, მოაპსუხეს ზ. ზ-ისათვის დასაბრუნებელი თანხა დარჩა არა 4000 აშშ დოლარი, როგორც ამას მოსარჩელე ითხოვს, არამედ 2000 აშშ დოლარი.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე და 317-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ი. გ-ის ვალდებულება ზ. ზ-ის მიმართ წარმოშობილია 2009 წლის 21 ოქტომბრის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც გათვალისწინებულია ვალის დაბრუნების წესი და პირობები.

მოპასუხის მტკიცება მასზე, რომ, ვინაიდან ი. გ-მა ვალი გადაუხადა ზ. ზ-ის მეუღლეს, მას ზ. ზ-ის მიმართ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად უნდა ჩაეთვალოს, სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე 341.2-ე, 373-ე, მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ, როგორც სასამართლო სხდომაზე აღინიშნა, ზ. ზ-ეს თანხმობა თანხის თ. კ-ისათვის გადაცემის შესახებ არ გაუცია, მით უფრო რომ მეუღლეები იმ დროისათვის უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. გ-ი ვალდებული იყო სრულად შეესრულებინა ზაზა ზიზივაძის მიმართ 2009 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

სამოქალაქო კოდექსის 417-148 და 420-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტხელო (0,3%) როგორც შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირებულიყო დარჩენილი ძირითადი თანხის 2000 აშშ დოლარის 0,2%-მდე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ზ-ემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ზ. ზ-ეს უარი ეთქვა 4424 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე, ზ. ზ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 235,48 ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და ზ. ზ-ეს ი. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ი. გ-ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 250 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ზ. ზ-ის¬ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. გ-ს ზ. ზ-ის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 2606 (ორი ათას ექვსას ექვსი) აშშ დოლარის გადახდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

2009 წლის 21 ოქტომბერს ი. გ-სა და ზ. ზ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმად, ი. გ-მა იკისრა ვალდებულება, აპელანტისათვის, 2010 წლის 1 თებერვლამდე გადაეხადა 4000 აშშ დოლარი.

ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ი. გ-ს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ვალის ძირითადი თანხის 0,3%-ის ოდენობით.

ი. გ-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და აპელანტისათვის თანხა არ გადაუხდია.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ იმის მტკიცების ტვირთი, რომ ვალდებულება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდა, ეკისრებოდა ი. გ-ს, მას კი არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

პალატამ აღნიშნა, რომ ეს არ უღიარებია აპელანტს, ხოლო საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმებიდან არ დგინდება ზ. ზ-ის მიერ მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების დადასტურების ფაქტი. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ზ. ზ-ემ, მართალია, აღიარა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ 2000 აშშ დოლარი მართლაც გადასცა, ოღონდ განმარტა, რომ ეს თანხა არ შედიოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 4000 აშშ დოლარის ანგარიშში. მისი თქმით, მოწინააღმდეგე მხარეს მისთვის გადასახდელი ჰქონდა, სულ 12000 აშშ დოლარი, საიდანაც გადაუხადა 8000 აშშ დოლარი და სწორედ ეს თანხა შეიცავდა ზემოხსენებულ 2000 აშშ დოლარს, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ამით არ დასტურდებოდა, რომ მოწინააღმდგე მხარემ აპელანტის წინაშე ვალის აღიარების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა და ეს არ დასტურდება თავად მოწინააღმდეგე მხარის განმარტებითაც.

პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მოპასუხეს არ უთქვამს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 4000 აშშ დოლარი ან მისი ნაწილი მაინც გადაუხადა უშუალოდ, აპელანტს. მოპასუხის განცხადებით, 4000 აშშ დოლარი მან გადასცა მოსარჩელის მეუღლეს და არა მოსარჩელეს, თუმცა ჩათვალა, რომ ამით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. აქედან გამომდინარე, ის, რომ ხელშეკრულებითY გათვალისწინებული თანხის ნაწილი მოვალემ გადასცა პირადად კრედიტორს, არ განუცხადებია თავად ი. გ-საც, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლომ შეცდომით დაადგინა მოწინააღმდეგე მხარის მიერ აპელანტის სასარგებლოდ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი.

პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მართებულად მიუთითა, რომ არაუფლებამოსილი პირისათვის თანხის გადახდა არ ათავისუფლებდა ი. გ-ს აპელანტის სასარგებლოდ შესრულების ვალდებულებისაგან, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ აპელანტი დაეთანხმა ამგვარ შესრულებას ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ ი. გ-ი ვალდებული იყო, გარდა გადაწყვეტილებით უკვე დაკისრებული თანხისა, აპელანტისათვის გადაეხადა დარჩენილი თანხა 2000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, ი. გ-ი ვალდებული იყო აპელანტისათვის, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გადეხადა პირგასამტეხლო. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით, პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარის მიერ აპელანტისათვის გადასახდელი თანხა შეადგენდა 4000 აშშ დოლარს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ი. გ-ს უკვე დაკისრებული ჰქონდა პირგასამტეხლო 1212 აშშ დოლარი. ამ შემთხვევაში, პალატამ ჩათვალა, რომ დარჩენილ 2000 აშშ დოლარზე გადასახდელი პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო და განისაზღვრულიყო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2000 აშშ დოლარის 0,1%-ით. ვინაიდან აპელანტი ითხოვდა მოწინააღმდეგე მხარისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრებას 303 დღის განმავლობაში (2000X0,1%=2), შესაბამისად, პალატის განმარტებით, ი. გ-ს ზ. ზ-ის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველდღიურად 2 აშშ დოლარის ოდენობით, (2X303=606). ასეთ შემთხვევაში, ძირითად თანხაზე, 4000 აშშ დოლარზე დაკისრებული პირგასამტეხლო 303 დღის ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა 1212+606=1818 დოლარს, რაც, პალატის აზრით, სავსებით გონივრული იყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმებას ექვემდებარებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ 2000 აშშ დოლარის გადაცემის აღიარება სხვაგვარად შეაფასა და არა ისე როგორც სასამართლოს სხდომის ოქმშია და როგორც კანონი ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლოს შეცდომით არ დაუდგენია ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა მოქმედი საკანონმდებლო ნორმებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2009 წლის 21 ოქტომბერს ი. გ-სა და ზ. ზ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმად, ი. გ-მა იკისრა ვალდებულება ზ. ზ-ისათვის 2010 წლის 1 თებერვლამდე გადაეხადა 4000 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ი. გ-ს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ვალის ძირითადი თანხის 0,3%-ის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ, ასევე დადგენილია, რომ ი. გ-ს თანხა ზ. ზ-ესათვის არ გადაუხდია.

სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ, ი. გ-ის განცხადებით, 4000 აშშ დოლარი მან გადასცა მოსარჩელის მეუღლეს და არა მოსარჩელეს, თუმცა ჩათვალა, რომ ამით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მხარეთა დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებას წინ უსწრებდა მხარეთა შორის (ი. გ-ის შვილსა და ზ. ზ-ის შორის) ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება. ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნასყიდობის ფასის ნაწილის გადახდის შემდეგ ი. გ-მა და ზ. ზ-ემ დადეს ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლითაც ი. გ-ი კისრულობდა ზ. ზ-ისათვის 4000 აშშ დოლარის (დარჩენილი ნაწილის) გადახდას.

შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ, რომ ი. გ-ის მიერ ზ. ზ-ეს მეუღლისათვის თანხის გადახდით, ი. გ-მა ვალდებულება შეასრულა ზ. ზ-ეს წინაშე.

ამ კითხვას უნდა გავცეთ უარყოფითი პასუხი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც, კანონით ან სასამართლო გადაწყვეტილებით უფლებამოსილია, მიიღოს შესრულება, მაგალითად, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შესრულების მიღების უფლებას ანიჭებს არასრულწლოვანის მშობლებს ან მეურვეებს და ა.შ.

ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული შესრულება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება შესრულებულად, თუკი კრედიტორმა ამის თანხმობა განაცხადა ან მიიღო შესრულებისგან სარგებელი. კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ზ. ზ-ის თანხმობა მის მეუღლეს მიეღო შესრულება.

ასევე, არ დასტურდება, რომ ზ. ზ-ის მეუღლემ 4000 აშშ დოლარი მიიღო კრედიტორისათვის (ზ. ზ-ისათვის) გადასაცემათ. პირიქით თ. კ-ემ (ზ. ზ-ის ყოფილმა მეუღლემ) ეს თანხა მიიღო, არა ზ. ზ-ისათვის გადასაცემად, არამედ, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გამომდინარე, მისი წილი (სფ. 27-28).

ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ფარდობითი (რელატიური) ურთიერთობაა, შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. მოვალე ვალდებულებას ასრულებს კრედიტორის წინაშე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლი ითვალისწინებს იმ სამართლებრივ მარეგულირებელ მექანიზმს, რომელიც განსაზღვრავს ერთი მხრივ უფლებამოსილ პირებს, ვის მიმართაც, მოვალემ უნდა შეასრულოს ვალდებულება, კერძოდ, ეს პირები არიან უშუალოდ კრედიტორი, ასევე კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი შესრულების მიღების უფლებამოსილი პირები, ხოლო მეორე მხრივ კანონი განსაზღვრავს არაუფლებამოსილი პირების მიერ ვალდებულების შესრულების მიღების წესებს, რა დროსაც ვალდებულება შესრულებულად ითვლება, კერძოდ, ეს ის შემთხვევებია, როდესაც არსებობს არაუფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შესრულების მიღების კრედიტორის თანხმობა ან როდესაც ამ შესრულებით კრედიტორი იღებს სარგებელს. განსახილველ შემთხვევაში არც პირველ და არც მეორე შემთხვევას ადგილი არა აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ მივიჩნევთ, რომ სადავო ავტომანქანა წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, ერთ-ერთ მეუღლეს აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის (ვინდიკაციის) ან ხელშეშლის აღკვეთის უფლება. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც გამოკვეთილია ის გარემოება, რომ თ. კ-ის მიერ თანხის მიღება არ იყო განპირობებული კრედიტორის (ზ. ზ-ის) თანხმობით და არც სარგებელს იღებდა ეს უკანასკნელი (თ. კ-ემ ეს თანხა მიიღო, არა ზ. ზ-ისათვის გადასაცემად, არამედ როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გამომდინარე - მისი წილი). შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ზ. ზ-ის მეუღლეს არა აქვს ამ ავტომანქანის მყიდველისაგან (ი. გ-ისაგან) საფასურის მოთხოვნის უფლება, რაც ფარდობითი უფლებაა და გამომდინარეობს მხოლოდ განსახილველი ხელშეკრულებიდან, რომლის მხარეს არ წარმოადგენს ზ. ზ-ის მეუღლე.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზ. ზ-ე და მისი მეუღლე სადავო ურთიერთობაში არ იყვნენ სოლიდარული კრედიტორები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 455-ე მუხლი), რადგან არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 456-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები. კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა უფლება-ვალდებულებები განისაზღვრა ხელშეკრულებით, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა მხოლოდ ზ. ზ-ე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ მან არ იცოდა გარიგების შესახებ ან ის არ ეთანხმება გარიგებას. აღნიშნული დანაწესი მიუთითებს იმაზე, რომ საერთო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთი მეუღლის მიერ მეორის თანხმობის გარეშე დადებული გარიგებიდან ამ უკანასკნელს დამოუკიდებელი მოთხოვნა არ წარმოეშობა.

შესაბამისად არც წარმომადგენლობის ინსტიტუტს (სკ 103-ე მუხლი) და არც სასამართლოს გადაწყვეტილებას არა აქვს ადგილი, რაც მეორე მეუღლის მიერ ვალდებულების მიღებას ვალდებულების შესრულებად მივიჩნევდით. (სკ 373-ე მუხლი).

საკასაციო პალატა, ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. ზ-ემ აღიარა დარჩენილი 4000 აშშ დოლარიდან 2000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის მოსაზრება განპირობებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ. ზ-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით.

ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და განმარტავს, რომ ზ. ზ-ემ შესაძლებელია 2000 აშშ დოლარი მიიღო ვალის აღიარების ხელშეკრულების დადების შემდეგ, მაგრამ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა იმ 8000 აშშ დოლარის შემადგენელს, რომელიც ზ. ზ-ემ მიიღო ვალის აღიარების ხელშეკრულების დადების შემდეგ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა მხარის (ზ. ზ-ის) ახსნა-განმარტება (იხ. პირველი ინსტანციის სხდომის ოქმი), რომლის ანალიზიდან ირკვევა შემდეგი, კერძოდ, ზ. ზ-ემ განაცხადა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება მიუთითებდა 12000 აშშ დოლარიდან 8000 აშშ დოლარის მიღების ფაქტზე, მას მიღებული ჰქონდა 6000 აშშ დოლარი, ხოლო ვალის აღიარების ხელშეკრულების დადების შემდეგ მიიღო, ასევე 2000 აშშ დოლარი, შესაბამისად მხარეს დარჩა მისაცემი 4000 აშშ დოლარი.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ზ. ზ-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებიდან არ ვლინდება, რომ მის მიერ მღებული 2000 აშშ დოლარი წარმოადგენდა დარჩენილი 4000 აშშ დოლარიდან მიღებულ თანხას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

კასატორი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც კონკრეტული სადავო ურთიერთობის ზემოაღნიშნული თავისებურებებიდან გამომდინარე, მიუთითებს მის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტზე. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს საქმოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.