ას-1150-1170-2011 7 ნოემბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «ფ-ი», ზ. შ-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ბანკი»
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –საკრედიტო დავალიანების დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს «... ბანკმა» სარჩელი აღძრა ზ. შ-იასა და შპს «ფ-ის» მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 24 აპრილს სს „... ბანკსა“ და ზ. შ-იას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება 150 000 დოლარზე 10 წლის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით სს „... ბანკსა“ და ზ. შ-იას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ზ. შ-იას უძრავი ქონება, ასევე სს „... ბანკსა“ და შპს „ფ-ს“ შორის სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა შპს „ფ-ის“ უძრავი ქონება. 2009 წელს სს „... ბანკსა“ და ზ. შ-იას შორის დაიდო ახალი საკრედიტო ხელშეკრულება და ზ. შ-იას სახელზე გაიცა კრედიტი 131 000 ლარი 60 თვის ვადით. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, არ გადაიხადეს დავალიანება და მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 222 044,08 ლარის გადახდა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: სს „... ბანკსა“ და ზ. შ-იას შორის 2008 წლის 24 აპრილს ნამდვილად გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 10 წლის ვადით და მათ სახელზე გაიცა 143 000 ლარი. მოპასუხეებმა ვერ შეძლეს სესხის ვალდებულების შესრულება და განმეორებით დაიდო ახალი ხელშეკრულება 2009 წლის 30 ივნისს 131 000 ლარზე, ფაქტობრივად მათ აღნიშნული თანხა არ გამოუტანიათ, ეს იყო წინა ხელშეკრულების დავალიანება, რაზეც გაფორმდა ახალი ხელშეკრულება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს «ფ-მა» და ზ. შ-იამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით ზ. შ-იასა და შპს «ფ-ის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 მაისის განჩინებით შპს «ფ-ს», სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 7 000 ლარის, გდახდა. 2011 წლის 8 ივნისს შპს «ფ-მა» სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 8 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებაზე. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტების მიერ შუამდგომლობაში მოხმობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილი გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება პირდაპირ არის გათვალისწინებული რომელიმე კანონით. მოცემულ შემთხვევაში კი არ არსებობს სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლების კანონიერი საფუძვლები. რაც შეეხება ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებული შეღავათების გავრცელების შესაძლებლობას, იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით. ამდენად, ბაჟთან დაკავშირებული შეღავათის მხარისათვის გავრცელების აუცილებელი წინაპირობაა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რაც უნდა დასტურდებოდეს უტყუარი მტკიცებულებებით, ამასთან, იურიდიული პირის ბაჟის გადახდისაგან სრულად განთავისუფლების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში, რაიმე მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა აპელანტების მძიმე მატერიალურ მდგომარეობასა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას, საქმეში არ არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ აპელანტებს 10 (ათი) დღით გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
2011 წლის 23 ივნისს ზ. ხ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება. სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ დარჩა განუხილველი. აპელანტებს მიეცათ 7 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. შემდგომ აპელანტებმა არაერთხელ მიმართეს საპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 ივნისის განჩინებით აპელანტებს უარი ეთქვათ შუამდგომლობის განხილვაზე და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შპს «ფ-მა» და ზ. შ-იამ და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ვალის გადაუხდელობის მიზეზი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და ეკონომიკური კრიზისი. ეს გარემოება ადასტურებს სახელმწიფო ბაჟის, 7000 ლარის, გადახდის შეუძლებლობას. გარდა ამისა, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ფიზიკურ პირს ზ. შ-იასა და შპს „ფ-ს“ დაეკისრათ საკრედიტო დავალიანების გადახდა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია სს „... ბანკის“ სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, არა მარტო შპს „ფ-ს“ დაეკისრა დავალიანების გასტუმრება, ასევე ფიზიკურ პირს _ ზ. შ-იასაც, შესაბამისად, აღნიშნული სახელმწიფო ბაჟი არა მხოლოდ, შპს-ს, არამედ ფიზიკურ პირ ზ. შ-იასაც უნდა გადაეხადა. ეს გარემოებები სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა და მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ შპს «ფ-ისა» და ზ. შ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად შპს «ფ-სა» და ზ. შ-იას დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 7 000 ლარის გადახდის ქვითარი. ამავე განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტებს ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების თაობაზე ეცნობა 2011 წლის 30 მაისს. აპელანტებს, მათი განცხადების საფუძველზე არაერთხელ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა. სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით შპს «ფ-სა» და ზ. შ-იას კვლავ გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 7 დღით და დაევალათ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 7000 ლარის გადახდა.
კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებენ იმას, რომ მათYარ უნდა დაკისრებოდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან ჰქონდათ მძიმე ფინანსური მდგომარეობა და უნდა გათავისუფლებულიყვნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტებმა ვერ დაადასტურეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სასამართლო ხარჟების გადახდის გათავისუფლებისათვის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხოლოდ მხარის განმარტება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ საკმარისს არ წარმოადგენს. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის არგუმენტს, იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი არ ითვალისწინებს იურიდიული პირის სახელმწიფო ბაჟისაგან სრულად განთავისუფლების შესაძლებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამდენად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შპს «ფ-ისა» და ზ. შ-იას საპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს «ფ-ისა» და ზ. შ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივნისის განჩინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.