ას-1159-1179-2011 7 ნოემბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. შ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ალიმენტის შემცირების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით დაეკისრა შვილების: 2003 წლის 12 თებერვალს დაბადებული ელენე მ-ისა და 2001 წლის 13 მარტის დაბადებული ნ. მ-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200-200 ლარის, სულ 400 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2010 წლის 19 თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ.მჭდლიშვილი მუშაობდა შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მონიტორინგის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად და ჰქონდა ხელფასი 1200 ლარი. 2011 წლის 25 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ¹92509 ბრძანების შესაბამისად, იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულმა გარემოებამ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩააყენა მოსარჩელე და მისთვის შეუძლებელი გახდა ამ რაოდენობით ალიმენტის გადახდა. მისი მშობლები ხვთისავარ მ-ი და ნათელა გოგოლაშვილი არიან პენსიონრები. სს ბანკი „...დან“ გ.მ-ს აღებული აქვს სახელფასო სესხები, რომლის გადახდაც უწევს ახლობლებისგან ნასესხები თანხით. აღნიშნულმა გარემოებებმა მნიშვნელოვნად დაამძიმა მოსარჩელის, როგორც ალიმენტის გამცემის მატერიალური მდგომარეობა. რაც შეეხება შვილების მატერიალურ მდგომარეობას, ის გაცილებით უკეთესია, რის გამოც გ.მ-ი იძულებული შეიქნა, მიემართა სასამართლოსთვის სამოქალაქო კოდექსის 1121-ე, 1222-ე მუხლების საფუძველზე.
მოპასუხე თ. შ-მა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე თავს არიდებდა მისთვის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, რის გამოც მის მიმართ მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება მის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის გზით. მოსარჩელეს ნებაყოფლობით არასდროს გადაუხდია ალიმენტი, შესაბამისად, შეუძლებელა იმაზე საუბარი, რომ, სამსახურის დაკარგვის გამო, მისი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა და ვეღარ შესძლებს ალიმენტის გადახდას დაკისრებული ოდენობით. გარდა ამისა, მოსარჩელე არ არის დამოკიდებული მხოლოდ ხელფასზე, მის საკუთრებაშია: რამოდენიმე უძრავი ქონება - ჯამური ღირებულებით 145 000 აშშ დოლარი (ერთი უძრავი ქონება გაქირავებულია), რამოდენიმე მოძრავი ქონება (ავტომობილების) - ჯამური ღირებულებით 40 000 აშშ დოლარი, მოძრავი ქონება (ავეჯი და სხვა) - ჯამური ღირებულებით 25 000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ რამოდენიმე თვის წინ შეიძინა ახალი ავტომობილი „სუბარუ“ - საბაზრო ღირებულებით 20 000 აშშ დოლარი. სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლი ადგენს წესს დადგენილი ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მტერიალური მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში არსებულს ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მოსარჩელე არც ადრე და არც ახლა არ იხდის ალიმენტს, შესაბამისად, შეუძლებელია მას ხელი შეშლოდა მის გადახდაში მხოლოდ სამსახურისა და ხელფასის დაკარგვის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ.მ-ს შვილების: 2003 წლის 12 თებერვალს დაბადებული ელენე მ-ისა და 2001 წლის 13 მარტის დაბადებული ნ. მ-ის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი შეუმცირდა თითოეულ შვილზე თვეში 50-50 ლარის ოდენობით და განისაზღვრა თვეში 150-150 ლარით, 2011 წლის 16 მარტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით თ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო, შემდეგი საფუძვლებით: 2011 წლის 27 მაისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ხუთი დღის ვადა მის შესავსებად. 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით აპელანტს პალატის მიერ დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით. აღნიშნული განჩინება თ. შ-ის წარმომადგენელ გ. ტ-ეს ჩაჰბარდა 2011 წლის 22 ივნისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსების შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 23 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 29 ივნისს, თუმცა გ. ტ-ემ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2011 წლის პირველ ივლისს დადგენილი ვადის დარღვევით, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. შ-მა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ხარვეზის შევსება, ხოლო 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით. ეს განჩინება თ. შ-ის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2011 წლის 22 ივნისს და, შესაბამისად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ბოლო დღე იყო 2011 წლის 29 ივნისი. 2011 წლის 27 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების განცხადება გ. ტ-ის მიერ საფოსტო განყოფილებას ჩაჰბარდა 2011 წლის 28 ივნისს, ხოლო საფოსტო განყოფილებამ სასამართლოს ჩააბარა 2011 წლის პირველ ივლისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადის განმავლობაში დოკუმენტი ჩაჰბარდება ფოსტას, საპროცესო ვადა გასულად არ ჩაითვლება. ხარვეზის შევსების განცხადება ფოსტას ჩაჰბარდა საპროცესო ვადის მოქმედების პერიოდში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით თ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ დადგენილი ხარვეზის დროულად შეუვსებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
მოცემულ შემთხვევაში თ.შ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებადაც მიეცა 5 დღის ვადა. 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით აპელანტს პალატის მიერ დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით. აღნიშნული განჩინება თ. შ-ის წარმომადგენელ გ. ტ-ეს ჩაჰბარდა 2011 წლის 22 ივნისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2011 წლის პირველ ივლისს.
აქედან გამომდინარე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ თ.შ-მა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შვიდდღიანი ვადა დაარღვია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების განცხადება ფოსტას წარუდგინა პალატის მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, რასაც ადასტურებს საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თ.შ-ის მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში წარდგენა, რადგან შეტყობინების ¹... ბარათი წარმოდგენილია ასლის და არა დედნის სახით, ამასთან შეტყობინება არ არის დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით. გარდა ამისა, წარმოდგენილი მტკიცებულება არ შეიცავს მხარის მიერ გამოგზავნილი კორესპონდენციის დასახელებასა და საქმის ნომერს, რომელთან დაკავშირებითაც მხარემ აღნიშნული კორესპონდენცია შემოიტანა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების წარდგენა არ განხორციელდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი სწორად დარჩა განუხილველად, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. შ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.