Facebook Twitter

ას-1167-1187-2011 3 ნოემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ი-ის წარმომადგენელი გ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. შ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. შ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ი-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ.თბილისში, ა-ის გამზირი ¹187-ში მდებარე, მ. ი-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონებიდან 22,19 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა, მესაკუთრე მ. ი-ისათვის აღნიშნული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების _ 24400 ლარის 10%-ის _ 2440 ლარის გადახდის სანაცვლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით თ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. თ. შ-ას მ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2440 (ორიათასოთხასორმოცი) ლარის გადახდა. თ. შ-ა ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ა-ის გამზირი ¹187-ში მდებარე, მ. ი-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდი @¹...) 22,19 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აგვისტოს განჩინებით მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით მ. ი-ეს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში 100 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. მითითებული განჩინება 2011 წლის 19 ივლისს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტ _ მ. ი-ის წარმომადგენელს გ. ფ-ეს, თუმცა მან ხარვეზი არა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, არამედ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2011 წლის პირველ აგვისტოს გამოასწორა, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად იყო 2011 წლის 29 ივლისი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ი-ის წარმომადგენელმა გ. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ მას ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია, კერძოდ, საფოსტო შეტყობინებაზე ხელმოწერა შესრულებულია არა გ. ფ-ის, არამედ სხვა პირის მიერ. ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად კი, მოითხოვა კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება იმ მიზნით, რომ თუ დადგინდება, რომ საფოსტო გზავნილზე გ. ფ-ის ხელმოწერა არ არის, აღნიშნული ფაქტი აბსოლუტური საფუძველია განჩინების გაუქმებისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ი-ის წარმომადგენელ გ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით მ. ი-ეს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში 100 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მ. ი-ეს, კერძოდ, მის წარმომადგენელ გ. ფ-ეს ჩაჰბარდა 2011 წლის 19 ივლისს (ტ. II, ს.ფ.7).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად, სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 20 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 29 ივლისს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მ. ი-ეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, მან ხარვეზი აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2011 წლის პირველ აგვისტოს გამოასწორა, რის გამოც მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია, კერძოდ, საფოსტო შეტყობინებაზე ხელმოწერა შესრულებულია არა გ. ფ-ის, არამედ სხვა პირის მიერ. ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად კი, მოითხოვა კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება იმ მოტივით, რომ თუ დადგინდება, რომ საფოსტო გზავნილზე გ. ფ-ის ხელმოწერა არ არის, აღნიშნული ფაქტი აბსოლუტური საფუძველია განჩინების გაუქმებისათვის.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ვალდებული იყო დაედასტურებინა, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ასეთ ვითარებაში, ივარაუდება, რომ უწყება დასაბარებელ პირს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას საფოსტო შეტყობინებაზე ხელმოწერის ნამდვილობის დასადგენად კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება, ვინაიდან ეს საკითხი არ უკავშირდება საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. ი-ის წარმომადგენელ გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ი-ის წარმომადგენელ გ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აგვისტოს განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.