ას-1192-1212-2011 10 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. გ-ის მიმართ მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: იგი ცხოვრობს ქ.ქუთაისში, ქ-ის ქ. ¹19-ში. მოსარჩელის დედა - ფ. გ-ე გარდაიცვალა 1986 წლის 14 ოქტომბერს. მის საკუთრებაშიც აღნიშნულ მისამართზე დარჩა საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ცხოვრობს მოსარჩელე და მისი ძმა – ო. გ-ე. Mმემკვიდრეობის აღდგენის გამო მხარეთა შორის წარმოიშვა დავა სამკვიდრო ქონების გაყოფაზე. სახლის გაყოფაზე მხარეები სიტყვიერად შეთანხმდენენ, დავა გამოიწვია მხოლოდ ეზოს გაყოფამ. მოსარჩელემ მოითხოვა დედის - ფ. გ-ის დანაშთი ქონებიდან, კერძოდ, ეზოდან წილის გამოყოფა.
მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ვ. გ-ემ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით დედის - ფ. გ-ის დანაშთ ქ.ქუთაისში, ქ-ის ქ. ¹19-ში მდებარე უძრავ-მოძრავ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა.
მოპასუხე ო. გ-ემ ნ. გ-ის სარჩელი არ ცნო, ხოლო მესამე პირის ვ. გ-ის სარჩელი ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. და ო. გ-ეების კუთვნილი საერთო საკუთრების ქ.ქუთაისში, ქ-ის ქ. ¹19-ში მდებარე ეზო გაიყო თანაბრად შემდეგნაირად: ნაკვეთის დასავლეთის მხარეზე არსებული ო. გ-ის ამოსასვლელი კიბის სამხრეთი მხარის გასწვრივ გაივლო ხაზი ღობის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით სიგრძით 12,1 მეტრი, შემდეგ ეს ხაზი გაგრძელდა სამხრეთის მიმართულებით მართობულად ნ. და ო. გ-ეების პირველ სართულზე მდებარე კუთვნილი სათავსის გამყოფი კედლის ცენტრამდე და მართობული კუთხით შეუერთდა მას საცხოვრებელი სახლის უკან არსებული ღობე გადაიწია ჩრდილოეთის მიმართულებით და მოეწყო ღობიდან 8,3 მეტრზე, აღნიშნულის შედეგად ეზო გაიყო ორ თანაბარ ნაწილად. Mმესამე პირის, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ვ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის განჩინებით ძალში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინება.
2011 წლის 18 მაისს ვ. გ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე ხ. ხ-ი, რომელსაც არ ჰქონდა ამის უფლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით ვ. გ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ხ. ხ-ს არ ჰქონდა საქმეში მონაწილეობის უფლებამოსილება, რაც ცხადყოფს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილოებდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 20 სექტემბერს. აღნიშნულ დღეს საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები: ს. ჩ-ე, თ. ს-ე და ხ. ხ-ი. სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით, სასამართლოს სხდომა, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების ეტაპიდან, გადაიდო 2010 წლის 28 სექტემბერს.
2010 წლის 28 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, შემდეგი შემადგენლობით: ს. ჩ-ე, თ. ს-ე, ირმა პერანიძე, განაახლა საქმის განხილვა მხარეთა მოსაზრებების მოსმენის ეტაპიდან, ანუ საქმე განიხილა თავიდან და ისე მიიღო გადაწყვეტილება, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ ხ. ხ-ს არ ჰქონდა საქმეში მონაწილეობის უფლებამოსილება, რაც ცხადყოფს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.