¹ბს-1445-1020(კ-05) 22 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ქმედების განხორციელების შესახებ.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება მისი საშტატო განრიგსა და სახელფასო უწყისში შეტანის თაობაზე, თანამდებობრივი სარგოს გამოწერა 114 ლარის ოდენობით და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2004წ. 9 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრის მომენტამდე გაუცემელი ხელფასის ანაზღაურების, საერთო ჯამში 352 ლარის ოდენობით დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
2004წ. 24 მარტიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 30-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების რეფორმის სამხარეო პროგრამების კოორდინაციის ბიუროს მთავარ ...ად და თანამდებობრივ სარგოდ განესაზღვრა 41 ლარი. 2004წ. 31 მაისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცებისა და ამავე სამინისტროს საშტატო ერთეულებზე კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება-მოვალეობისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35.3. “ი” ქვეპუნქტის, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 30-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 2.4. მუხლის შესაბამისად, 2004წ. 3 ივნისიდან მოსარჩელეს შეუწყდა ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება, ხოლო 2004წ. 3 ივნისიდან ¹02-284 შრომითი ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს “შკკ-ის” მე-18 მუხლის “გ” პუნქტის, მე-19 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე აყვანილ იქნა იმავე თანამდებობაზე ერთი თვის ვადით. მითითებული ხელშეკრულება გაუგრძელდა სამჯერ, ხოლო ბოლო შრომითი ხელშეკრულება _ 2004წ. 27 აგვისტოს, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2 თვის ვადით, 2004წ. 9 ოქტომბრამდე. მითითებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ ხელშეკრულების შეწყვეტა თითოეულ მხარეს შეეძლო ნებისმიერ დროს, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე სულ ცოტა 5 დღით ადრე, რაც მოპასუხის მიერ დაცული არ ყოფილა, რის გამოც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ვადა 2004წ. 9 ოქტომბრიდან გაგრძელებულად ითვლება განუსაზღვრელი ვადით. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მასზე არ იწერება კუთვნილი ხელფასი, არ არის შეყვანილი სამსახურში დასწრების აღრიცხვის ჟურნალში და შესაბამისად საშტატო განრიგშიც, რის გამოც მოპასუხის მიერ დარღვეულია შრომითი ხელშეკრულების ძირითადი მოთხოვნები და “შკკ-ის” 31-ე, 32-ე და 75.3. პუნქტის მოთხოვნები. მოსარჩელემ მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა მის მიერ მითითებული საკითხების განხილვა, რაზედაც უპასუხეს, რომ მისი მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია, ხოლო მოპასუხისაგან ადმინისტრაციული წარმოების მასალების საკიხითზე 2004წ. 8 დეკემბერს მიიღო გაუგებარი პასუხი.
მოპასუხე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა რაიონული სასამართლოს სხდომაზე არ ცნო გ. ჭ-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მხარეებს შორის ხელშეკრულება დადებული იყო 2004წ. 27 აგვისტოდან 2004წ. 9 ოქტომბრამდე.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა “შკკ-ის” მე-18-ე მუხლი და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის ხელშეკრულება დაიდო განსაზღვრული ვადით, ხოლო ამავე კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო ვადის გასვლა. ასევე რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა “შკკ-ის” 31-ე მუხლი და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2004წ. 9 ოქტომბრიდან ასრულებდა ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობას, რითაც შესაძლებელი გახდებოდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება გაგრძელდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:
აპელანტი მიიჩნევს, რომ ბოლო ხელშეკრულება, იყო ვადიანი და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრებოდა 9 ოქტომბრამდე. მითითებული ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეეძლოთ ნებისმიერ დროს, შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 5 დღით ადრე, რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა, რის გამოც “შკკ-ის” 31-ე მუხლიდან გამომდინარე, შრომითი ხელშეკრულება გაგრძელებულად ითვლება განუსაზღვრელი ვადით. ასევე, აპელანტი თვლის, რომ რაიონული სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული სრულყოფილად და ობიექტურად, კერძოდ, სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მოწმის სახით მინისტრის მრჩევლის ნ. ჩ-ის გამოძახების შესახებ, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ 2004წ. 9 ოქტომბრის შემდეგაც აპელანტი ასრულებდა ხელშეკრულებით დაკისრებულ ფარგლებში თავის მოვალეობას.
აპელანტი მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას ადასტურებს ის გარემოება, რომ მასზე სამსახურიდან გათავისუფლების დროს არ გაცემულა შრომის წიგნაკი და არ გაფორმებულა ბრძანება, რის გამოც მოპასუხის მიერ დარღვეულია “შკკ-ის” 41.5. და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110.1 და 110.2. მუხლების მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 28 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა არ ცნო გ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 28 ივლისის განჩინებით გ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ, ვინაიდან შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 5 დღით ადრე გ. ჭ-ე არ იქნა გაფრთხილებული, კონტრაჰენტის მიერ შკკ-ის 31-ე მუხლის საფუძველზე მითითებული ხელშეკრულება გაგრძელებულად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “შკკ-ის მე-18 და 30-ე მუხლები და განმარტა, რომ ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით, რადგან მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო ვადის გასვლა, ხოლო ადმინისტრაცია მითითებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაშინ იქნებოდა ვალდებული, გაეფრთხილებინა კონტრაჰენტი 5 დღით ადრე მაინც, თუ იგი ვადაზე ადრე, თავისი ინიციატივით შეწყვეტდა ხელშეკრულებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა, რამდენადაც ხელშეკრულებაში მითითებული იყო გარიგების მოქმედების ვადა 2004წ. 9 ოქტომბერი, რის გამოც ადმინისტრაციულ ორგანოს არანაირი გაფრთხილების ვალდებულება არ ჰქონდა არც ხელშკრულებიდან და არც “შრომის კანონთა კოდექსიდან” გამომდინარე.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა “შკკ-ის 31-ე მუხლი და განმარტა, რომ ხელშეკრულება იმ შემთხვევაში იქნებოდა მიჩნეული უვადოდ გაგრძელებულად, თუ შრომითი ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელდებოდა და არც ერთი მხარე არ მოითხოვდა მის შეწყვეტას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, შრომითი ხელშეკრულება არ გაგრძელებულა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების სარეგისტრაციო ჟურნალის დამოწმებული ასლი, რომლის თანახმად, აღნიშნული ჟურნალი იწარმოებოდა 2004წ. 11 ოქტომბრიდან, ხოლო მასში გ. ჭ-ის მონაცემები შეტანილი არ არის.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის მიხედვით, მოხელე სპეციალურ ჟურნალში ხელს აწერდა სამუშაო ადგილზე გამოცხადებასა და სამსახურიდან წასვლას და განმარტა, რომ აღნიშნულ შინაგანაწესში მითითებულია, რომ “მოხელე ვალდებულია დააფიქსიროს სამუშაო ადგილზე გამოცხადების და სამსახურდან წასვლის დრო სპეციალურ ტაბელში, რომელიც დევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალურ შესასვლელში, მაგრამ მასში მითითებული არ არის, რომ მოხელის სამსახურში გამოცხადება აუცილებლად მისივე ხელმოწერით უნდა დაფიქსირდეს. ასევე, აპელანტის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომ იგი ასრულებდა ხელმძღვანელობის დავალებებს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი ნ. ჩ-ე იყო მისი უშუალო ხელმძღვანელი და იგი აძლევდა მას სამსახურებრივ დავალებებს და განმარტა, რომ ხელშეკრულების, ისევე როგორც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გ. ჭ-ის ხელმძღვანელ პირს, ვისაც შეეძლო მისთვის დაველებების მიცემა, წარმოადგენდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მინისტრი და არა მინისტრის მრჩეველი, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მ. გ-ის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ გ. ჭ-ეს 2004წ. 9 ოქტომბრის შემდეგ შესასრულებლად არ მიუღია არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი და კორესპონდენცია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა გ. ჭ-ის მოსაზრება, რომ, რაკი ანალოგიურ სიტუაციაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გააფრთხილა მისი ყოფილი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, შესაბამისად, გ. ჭ-ეც უნდა გაეფრთხილებინათ 5 დღით ადრე გათავისუფლების შესახებ და განმარტა, რომ ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციამ გააფრთხილა ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, არ ავალდებულებდა მას გაეფრთხილებინა გ. ჭ-ეც სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული ვალდებულება არც ხელშეკრულებიდან და არც კანონმდებლობის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობდა, მით უფრო, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ლ. ზ-ი გაფრთხილებულ იქნა არა წინასწარ 5 Dდღით ადრე, არამედ ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან 5 Dდღის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გ. ჭ-ის მიერ დაცული არ იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისათვის 1-თვიან ვადას აწესებს და განმარტა, რომ საქმის მასალების თანახმად, გ. ჭ-ემ 2004წ. 8 ნოემბერს წერილით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ამასთან, სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ განცხადებით მიმართა მინისტრს იანვარში, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ხოლო მინისტრის პასუხი იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არ იყო გაგრძელებული დათარიღებულია 2004წ. 11 ნოემბრით, სარჩელში მითითებულია, რომ გ. ჭ-ეს აღნიშნული პასუხი ჩაბარდა 2004წ. 8 დეკემბერს, სარჩელი კი სასამართლოში აღძრულია 2005წ. 10 იანვარს, ანუ ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, გ. ჭ-ემ მისივე განცხადებით, ბოლო ხელფასი აიღო 2004წ. ნოემბერში, რის გამოც ის უნდა დაინტერესებულიყო გაუგრძელდა თუ არა მას ხელშეკრულება, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ჭ-ის სარჩელი იყო ხანდაზმული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჭ-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივით:
კასატორი მიიჩნევს, რომ ბოლო ხელშეკრულება, რომელიც მასთან გაფორმდა, იყო ვადიანი და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრებოდა 9 ოქტომბრამდე. მითითებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეეძლოთ ნებისმიერ დროს, შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 5 დღით ადრე, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ ყოფილა დაცული, რის გამოც “შკკ-ის” მე-18 მუხლიდან გამომდინარე, შრომითი ხელშეკრულება გაგრძელებულად ითვლება განუსაზღვრელი ვადით, ასევე, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია “შკკ-ის” 41.5. და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან მოწინააღმდეგე მხარეს კასატორის გათავისუფლების დროს თავისუფალი ნება არ გამოუვლენია, კერძოდ, კასატორზე არ გაცემულა შრომის წიგნაკი, ასევე არ გამოცემულა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, შესაბამისად, ის დაშვებული იყო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესასრულებლად. სააპელაციო სასამართლომ კი აღნიშნული გარემოებები არ გამოიკვლია სრულყოფილად, რითაც დარღვეულია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები, ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოწმის სახით მინისტრის მრჩეველ ნ. ჩ-ის გამოძახების შესახებ, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ 2004წ. 9 ოქტომბრის შემდეგაც გ. ჭ-ე ასრულებდა ხელშეკრულებით დაკისრებულ ფარგლებში თავის მოვალეობას.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე არასწორად იქნა გამოყენებული “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლი, რომლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული, რამდენადაც 2005წ. 8 იანვარი, როდესაც გადიოდა მითითებული ნორმით დადგენილი ერთთვიანი ვადა, იყო შაბათი Dდღე, ხოლო სარჩელი კასატორის მიერ შეტანილია მომდევნო სამუშაო დღეს, 2005წ. 10 იანვარს, შესაბამისად, მის მიერ გასაჩივრების ერთთვიანი ვადა დაცული იყო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას დარღვეული არ ყოფილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სწორად იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები. სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეუფარდა კანონის ნორმები.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ჭ-ესა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულება (შრომითი კონტრაქტი) იყო ვადიანი, კერძოდ, ხელშეკრულება დადებული იყო 2004წ. 20 აგვისტოს, ხოლო მოქმედების ვადადD განისაზღვრა 2004წ. 9 ოქტომბერი. გ. ჭ-ის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელება, კერძოდ, მოპასუხისათვის დაევალებინათ მისი საშტატო განრიგსა და სახელფასო უწყისში შეტანა, მასზე თანამდებობრივი სარგოს გამოწერა 114 ლარის ოდენობით და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2004წ. 9 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრის მომენტამდე გაუცემელი ხელფასის, საერთო ჯამში 352 ლარის ოდენობით, დაკისრება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მართებულად იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ, გ. ჭ-ესა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული ვადიანი ხელშეკრულება არ გადაზრდილა უვადო ხელშეკრულებში, რამდენადაც გ. ჭ-ეს სარჩელის საგნის (ქმედების გახორციელების თაობაზე) მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მასსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული ვადიანი ხელშეკრულება გადაიზარდა განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებაში, რაც განაპირობებდა მოსარჩელის შესაძლებლობას მოეთხოვა, მოპასუხისათვის დაევალებინათ მისი საშტატო განრიგსა და სახელფასო უწყისში შეტანა, მასზე თანამდებობრივი სარგოს გამოწერა 114 ლარის ოდენობით და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2004წ. 9 ოქტომბრიდან სარჩელის აღძვრის მომენტამდე გაუცემელი ხელფასის, საერთო ჯამში 352 ლარის ოდენობით, დაკისრება, მაშინ, როცა გ. ჭ-ეს სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაგრძელება განუსაზღვრელი ვადით, არ იქნა დადასტურებული, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურება ვერ ჰპოვა იმ ფაქტობრივმა გარემოებამ, რომ მოსარჩელე აგრძელებდა შრომით ურთიერთობას ადმინისტრაციასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა არცერთი იმგვარი ქმედება, რომელიც მოსარჩელის კანონიერი ნდობის საფუძველს წარმოშობდა მისი კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე, პირიქით, ის არ იღებდა ხელფასს, არ იყო მოხელეთა საშტატო განრიგში შეყვანილი და ა.შ. ამასთან, გ. ჭ-ეს აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად არ აღუძრავს აღიარებითი სარჩელი ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25.1. მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას რაიმე უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი, აგრეთვე, განსახილველი სარჩელით გ. ჭ-ე არ ითხოვს არც სამსახურში აღდგენას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ. ჭ-ის მოთხოვნის საშტატო განრიგსა და სახელფასო უწყისში შეტანის თაობაზე, თანამდებობრივი სარგოს გამოწერა 114 ლარის ოდენობით, საფუძველს წარმოადგენს შრომით სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება, კერძოდ, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაგრძელება განუსაზღვრელი ვადით, რაც თავისთავად წარმოადგენს სარჩელის ობიექტს, რასაც სააპელაციო სასამართლომ მისცა სწორი შეფასება როგორც დავის საფუძველს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომსარჩელის საგანი, რომელიც წარმოადგენს სარჩელის ერთ-ერთ ელემენტს, განსაზღვრავს სარჩელის მოთხოვნას, რომელიც არის დარღვეული უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის საშუალება, ხოლო სარჩელის საფუძველი არის ის ფაქტები, რომელთა არსებობა განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა უკავშირებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალებების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ჭ-ის სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება თავისთავად შეუძლებელია იმ გარემოების დადასტურების გარეშე, რომ გ. ჭ-ესა და მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს შორის შრომით სამათლებრივი ურთიერთობა გაგრძელდა თუ არა, რამდენადაც ხელფასის გაცემა დასაშვებია მხოლოდ მუშაკისათვის, რომელიც ადმინისტრაციასთან არის შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რამდენადაც გ. ჭ-ესა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული ვადიანი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 9 ოქტომბერს, ხოლო ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა რა ვადის გასვლის შემთხვევაში კონტრაჰენტის გაფრთხილების აუცილებლობას, შესაბამისად, გ. ჭ-ისათვის ცნობილი იყო შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, ამდენად, ადმინისტრაციამ არ შეატყობინა რა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, მას კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ შემდეგზე, რომ მასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე ნება არ არსებობს და ხელშეკრულება გრძელდება განუსაზღვრელი ვადით, არ წარმოშობია. ამასთან, გ. ჭ-ესა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება (ფაქტობრივი გარემოება) არც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ იქნა დადასტურებული, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი იქნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების სარეგისტრაციო ჟურნალის დამოწმებული ასლი, რომელიც იწარმოებოდა 2004წ. 11 ოქტომბრიდან და მასში გ. ჭ-ის მონაცემები შეტანილი არ იყო, შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში განათლების სამინისტროსაგან ინიციატივის გამოვლენას, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რაც გათვალისწინებულია “შკკ-ის” 31-ე მუხლით, ადგილი ჰქონდა, რის გამოც გ. ჭ-ესა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) არ გადაზრდილა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულ შრომით ურთიერთობაში, მით უფრო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მ. გ-ის მოხსენებითი ბარათის თანახმად, გ. ჭ-ეს 2004წ. 9 ოქტომბრის (კონტრაქტის ვადის გასვლის) შემდეგ შესასრულებლად არ მიუღია არცერთი ოფიციალური დოკუმენტი და კორესპონდენცია, რაც ასევე ადასტურებს შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ რამდენადაც ადმინისტრაციის მიერ მისი სამსახურიდან გათავისუფლების დროს დარღვეულია “შკკ-ის” 41.5. და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, კასატორზე არ გაცემულა შრომის წიგნაკი, ასევე, არ გამოცემულა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, შესაბამისად, ის დაშვებული იყო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესასრულებლად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რამდენადაც გ. ჭ-ესა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული იყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა რა ვადის გასვლის შემთხვევაში კონტრაჰენტის გაფრთხილების აუცილებლობას, შესაბამისად, გ. ჭ-ისათვის ცნობილი იყო შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, რის გამოც ადმინისტრაციას არ გააჩნდა ვალდებულება გამოეცა ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო ის გარემოება, რომ გ. ჭ-ეზე არ გაცემულა შრომის წიგნაკი მისი გათავისუფლების დროს არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას და შესაბამისად, მითითებული გარემოება ვერ გახდება იმ სამართლებრივი შეფასების მოხდენის საფუძველი, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობა გ. ჭ-ესთან გაგრძელდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გ. ჭ-ის მიერ გაშვებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით დადგენილი სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია იმ საფუძვლით, რომ გ. ჭ-ისათვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხით, რომელიც მას ჩაბარდა 2004წ. 8 დეკემბერს, ხოლო სარჩელი აღძრულია 2005წ. 10 იანვარს, მაშინ, როცა: 1. სააპელაციო სასამართლოს განვითარებული მსჯელობის მიხედვით /ანუ სამინისტროს პასუხის მიღებიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლა/ 2005წ. 8 იანვარი მოქმედების შესრულების /სარჩელის შეტანის/ ბოლო დღე იყო არასამუშაო (შაბათი) დღე, ხოლო სარჩელი შეტანილია მომდევნო სამუშაო დღეს, კერძოდ, 2005წ. 10 იანვარს (ორშაბათი), სკ-ის 127-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე, როგორც კონკრეტულ შემთხვევა მოხდა; 2. გ. ჭ-ეს სადაოდ არ გაუხდია კონტრაქტის შეწყვეტის კანონიერების საკითხი და არ მოუთხოვია სამუშაოზე აღდგენა, ხოლო სადავო საგანზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1. მუხლის გამოყენება არასწორია, რამდენადაც დავის საგანს არ წარმოადგენს სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული ბრძანების კანონიერების საკითხი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ არსებითად იმსჯელა დავის საგანზე, მართებულად და არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, მიიჩნია რა სარჩელი უსაფუძვლოდ, მოქმედი კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს გ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით; სსკ-ის 53-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.