Facebook Twitter

ას-1235-1255-2011 14 ნოემბერი 2011

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ა-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის გაზაფხულს მასა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება ზეპირად, რომლის საფუძველზეც, მან მოპასუხეს ასესხა 10 200 (ათი ათას ორასი) აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა იმავე წლის შემოდგომაზე, ცხვრების საზაფხულო საძოვრებიდან დაბრუნების შემდეგ. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას. 2009 წლის 1 დეკემბერს, მოპასუხემ ხელწერილით აღიარა ვალი მოსარჩელის წინაშე, თუმცა დღემდე მოსარჩელეს გადაუხადა მხოლოდ 2500, ხოლო გადასახდელი დარჩა 7 700 (შვიდი ათას შვიდასი) აშშ დოლარი. მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს 7 700 აშშ დოლარის გადახდა მის სასარგებლოდ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მასა და ვ. ს-ეს შორის ნამდვილად დაიდო გარიგება, მაგრამ არა სესხის ხელშეკრულება, არამედ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება. საერთო სამეურნეო საქმიანობის მიზანი იყო ცხვრის მოშენება, ამასთან მან აღებული თანხა გადაუხადა ნაწილ-ნაწილ. დღეისათვის მოპასუხეს ეს თანხა გადახდილი აქვს სრულად, თუმცა რაიმე დოკუმენტი ვალის გადახდის შესახებ არ აქვს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს განესაზღვრა 10-დღიანი საპროცესო ვადა მის შესავსებად, მასვე განემარტა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა 2011 წლის 9 ივნისს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინების ასლი აპელანტს ჩაჰბარდა 2011 წლის 11 ივნისს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტ ა. ა-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინების ასლი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2011 წლის 11 ივნისს. აპელანტმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მომართა 2011 წლის 28 ივნისს, ანუ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10_დღიანი ვადის დარღვევით, ვინაიდანUხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო 2011 წლის 21 ივნისი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, რადგან კერძო საჩივრის ავტორმა დროულად შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ანუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ა. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა 2011 წლის 9 ივნისს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინების ასლი აპელანტს ჩაჰბარდა 2011 წლის 11 ივნისს. ა. ა-მა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მომართა 2011 წლის 28 ივნისს, ანუ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10_დღიანი ვადის დარღვევით, რადგანUხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო 2011 წლის 21 ივნისი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ა. ა-ის საპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.