Facebook Twitter

ას-1295-1315-2011 21 ნოემბერი 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ კ. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ჯ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ლ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 1999 წელს მოსარჩელემ და მოპასუხემ შექმნეს ოჯახი, თუმცა ქორწინება არ დაურეგისტრირებიათ. ი. ჯ-სა და კ. ლ-ს 2000 წლის 28 ოქტომბერს შეეძინათ შვილი – თ. ლ-ი. მოსარჩელე და მოპასუხე ერთად აღარ ცხოვრობენ და ბავშვს ზრდის ი. ჯ-ი, ხოლო კ. ლ-ი შვილის რჩენა-აღზრდაში არ მონაწილეობს. მოსარჩელისათვის ცნობილია, რომ მოპასუხე მუშაობს, აქვს შემოსავალი და ითხოვს თ. ლ-ის სარჩენად ალიმენტის სახით დაეკისროს ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა ბავშვის სრულწლოვანებამდე.

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, იგი თანახმაა, ყოველთვიურად გადაიხადოს 30 ლარი, რადგან არის უმუშევარი, აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, აქვს ლომბარდის ვალი 3 500 ლარი და არჩენს შრომისუუნარო მშობლებს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2011 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე კ. ლ-ს მოსარჩელე ი. ჯ-ის სასარგებლოდ, მცირეწლოვანი შვილის _ 2000 წლის 28 ოქტომბერს დაბადებული თ. ლ-ის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის 80 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ლ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ივნისის განჩინებით კ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე კ. ლ-ს მოსარჩელე ი. ჯ-ის სასარგებლოდ, მცირეწლოვანი შვილის, 2000 წლის 28 ოქტომბერს დაბადებული თ. ლ-ის სარჩენად დაეკისრა, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტი 80 (ოთხმოცი) ლარი სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2011 წლის 18 აპრილიდან. ამდენად, კ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვპუნქტის დანაწესისა შეადგენს 960 ლარს (80*12 თვეზე), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ 1000 ლარზე ნაკლებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სახეზეა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ. ლ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ უმუშევარი ადამიანი ყოველთვიურად 80 ლარს ვერ გადაიხდის. მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტიც, რომ იგი სარჩელს სცნობდა ნაწილობრივ და 40 ლარზე მეტს ასევე ვერ გადაიხდიდა. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის, რომ მას ჰყავს მეორე შვილიც _ რაულ ლ-ი, ასევე ჰყავს შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც თავად არჩენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ კ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება ალიმენტის საქმეებზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კ. ლ-ს მოსარჩელე ი. ჯ-ის სასარგებლოდ, მცირეწლოვანი შვილის, 2000 წლის 28 ოქტომბერს დაბადებული თ. ლ-ის სარჩენად დაეკისრა, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტი 80 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2011 წლის 18 აპრილიდან. ამდენად, კ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს 960 ლარს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ 1000 (ათას) ლარზე ნაკლებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლო სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ სააპელაციო საჩივარს, კანონის დაცვით დატოვა იგი განუხილველი და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.