ას-1310-1330-2011 8 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «ა-ი»
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «გ. კ-ი»
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «გ. კ-იმ» სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ა-ის» მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს «გ. კ-იის» სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს «ა-მა».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მაისის განჩინებით შპს «ა-ის» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «ა-მა». კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ა-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინება ჩაიბარა კერძო საჩივრის ავტორმა 2011 წლის 26 სექტემბერს. დასახელებული ნორმების თანახმად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 27 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 29 სექტემბერს. შპს «ა-ს» კი დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «ა-ის» კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ა-ის» კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.