Facebook Twitter

ას-1354-1372-2011 1 ნოემბერი, 2011 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ჭ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დ. კ-ას მიმართ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე არარეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ. კ-ასთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ი. კ-ა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დროებით საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან, ამის შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა მეუღლესა და მის ოჯახთან. შვიდი თვეა მათ შორის შეწყვეტილია ცოლქმრული ურთიერთობა. არის უმუშევარი, იმყოფება მშობლების კმაყოფაზე და მოითხოვა დ. კ-ას დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის – 2010 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ი. კ-ას რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის 150 ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: არის სკოლის მოსწავლე და არსად მუშაობს, იმყოფება მშობლების კმაყოფაზე, ბავშვისათვის, რაც საჭიროა, ყველაფერს შეიძენენ მისი მშობლები, ბებია და ბაბუა, სანამ მუშაობას დაიწყებს. ოფიციალურად ერთი ლარის გადახდის საშუალება არა აქვს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. კ-ას ნ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – 2010 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ი. კ-ას რჩენა-აღზრდისათვის, 2011 წლის 16 მაისიდან ყოველთვიურად ალიმენტის – 70 ლარის ოდენობით გადახდა, მის სრულწლოვანებამდე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინებით დ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგი საფუძვლებით: დ. კ-ა სააპელაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მისთვის ალიმენტის სახით დაკისრებული 70 ლარის 20 ლარამდე შემცირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან საპელაციო საჩივრით დავის საგნის ღირებულება 600 ლარია და არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და იგი დაუშვებელია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. კ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ყოვლად უსაფუძვლოდ დააკისრა ალიმენტი 70 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც მისთვის ფიზიკურად შეუძლებელია. ის სკოლის მოსწავლეა და შემოსავალი არ გააჩნია და არც სხვა რაიმე დამატებითი შემოსავლები აქვს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

მოცემული დავა ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ალიმენტის გადახდევინებას და მისი ღირებულება განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის მიხედვით კი, გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელის დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე დ. კ-ას 2010 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული არასწრულწლოვანი შვილის – ი. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის 70 ლარის გადახდა ყოველთვიურად სარჩელის აღძვრიდან - 2011 წლის 16 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, რაც დ. კ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ ოდენობას 50 ლარის ნაწილში და მოითხოვა მისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად არა 70 ლარის, არამედ 20 ლარის დაკისრება, შესაბამისად, აპელანტმა გადაწყვეტილება სადავოდ გახადა მისთვის 50 ლარის დაკისრების ნაწილში. ამდენად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა გამოანგარიშდეს ერთ წელზე (12 თვეზე) 50 ლარის გაანგარიშებით, რაც შეადგენს 600 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დ. კ-ას სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 600 ლარით სწორად განსაზღვრა და მიიჩნია, რომ იგი კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას _ 1000 ლარს არ აღემატება, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.