საქმე N 020100118002688246
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №24აპ.-22 11 აპრილი, 2022 წელი
ლ–ა ჭ., 24აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 სექტემბრის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 22 ოქტომბერს ჭ. ლ–ა (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ესე იგი მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია).
1.2. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში: ჭ. ლ–ა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს .......... პოლიციის დეპარტამენტის ქ. ფ–ს საქალაქო სამმართველოს მ–ს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად და წარმოადგენდა მოხელეს. 2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 03:50 საათზე, ქ. ფ–ში, ..... ქუჩა N.. საცხოვრებელ სახლთან მდებარე, შპს ,,..........ის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის ქურდობის მცდელობის აღკვეთისას, ჭ. ლ–მ, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ,,პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე და 34-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, იარაღის გამოყენებისათვის სავალდებულო პირობების არარსებობისას, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ: მასზე განპიროვნებული ,,JERICHO .... PSL“ სისტემის N........ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ნ. გ–ს, რამაც ამ უკანასკნელის უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ჭ. ლ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.
2.2. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: ჭ. ლ–ა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ......... პოლიციის დეპარტამენტის ქ. ფ–ის საქალაქო სამმართველოს მ–ს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად და წარმოადგენდა მოხელეს. 2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 03:50 საათზე, ქ. ფ–ში, ..........ს ქუჩა N..-თან მდებარე, შპს ,,......ის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საკეტის გატეხვის ხმის გაგონების გამო, ჭ. ლ–ა მეწყვილესთან ერთად გაიქცა ზემოაღნიშნული ადგილისკენ. მიახლოებამდე მან შეამჩნია იქვე მდგარი გ. ტ–ე, რომელსაც გაჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა გ. ტ–ე გაიქცა რ. ს–ს მიმართულებით. ჭ. ლ–ა, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იძულების ღონისძიების გამოყენების გარეშე, მიუახლოვდა უკვე გატეხილ, თავახდილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს და იქვე მდგარ ნ. გ–ს. მიახლოებისთანავე ნ. გ–ი ჭ. ლ–ას სწვდა უნიფორმის მარჯვენა მხარზე, თავისკენ მისწია და თავში ჩაარტყა ჩაქუჩი, რასაც მოჰყვა ხელგაუშვებლად მეორე დარტყმა, რომლის ინერციის ძალაც ჭ. ლ–ამ ხელის შეშველებით შეამცირა, თუმცა დარტყმა ვერ აიცილა და მოხვდა ყვრიმალის არეში. ორივე დარტყმა მტკივნეული აღმოჩნდა. ჭ. ლ–ა იდგა ნ. გ–ზე ერთი საფეხურით დაბლა, ნ. გ–ი ჭ. ლ–ას ხელით თავისკენ ეზიდებოდა. ჭ. ლ–ა წონასწორობის დაცვას ცდილობდა და ნაბიჯს ვერ დგამდა, რადგან ფეხი წინა საფეხურის კედელზე ჰქონდა მიბჯენილი, ხოლო ნ. გ–ი ცდილობდა მის კიდევ უფრო მიზიდვას. ჭ. ლ–ა ცდილობდა, მარჯვენა ხელით წინააღმდეგობა გაეწია ნ. გ–სთვის, მარცხენა ხელი კი დაეხვედრებინა მოქნეული ჩაქუჩისთვის. ჩაქუჩის მესამედ მოქნევის დროს ჭ. ლ–ამ შეძლო მარჯვენა ხელით კაბურიდან იარაღის ამოღება, მარცხენა ხელით გადატენა, მიუშვირა ნ. გ–ს თავის არეში და გაისროლა, რის შედეგადაც ნ. გ–ი იქვე დაეცა და თავში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის პოზიცია:
4.1. 2021 წლის 7 ოქტომბერს პროკურორმა დავით პაპავამ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 სექტემბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, კერძოდ, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლოებმა სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, გამოკვლეული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები არასწორად შეაფასეს. ამასთან, გამამართლებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ, ბრალდებულ ჭ. ლ–ას, მისი მეწყვილის - რ. ს–ს და ვითომდაც თვითმხილველი მოწმის - ი. პ–ს ჩვენებებს, რომლებიც არ არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი.
4.3. კასატორს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათ ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ჭ. ლ–ს ბრალეულობაში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარე ჭ. ლ–ს ედავება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით, კერძოდ: ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე და 34-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, იარაღის გამოყენებისათვის სავალდებულო პირობების არარსებობისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გაუფრთხილებლობით ნ. გ–ის სიცოცხლის მოსპობას.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, განსახილველ საქმეში არ იკვეთება ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე და 34-ე მუხლების დარღვევა, ვინაიდან ჭ. ლ–ს მიერ იარაღის გამოყენება წარმოადგენდა უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა საკუთარი თავის დაცვას, რადგან საფრთხე ემუქრებოდა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
5.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:
- გამართლებული ჭ. ლ–ა, მოწმეები - რ. ს–ა და ი. პ–ა ადასტურებენ, რომ ჭ. ლ–ს თავს დაესხა ჩაქუჩით შეიარაღებული პირი - ნ. გ–ი, რომელიც მას უნიფორმაში სწვდა და თავში რამდენჯერმე ჩაქუჩი ჩაარტყა. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ შემთხვევის შემდეგ მალევე ჭ. ლ–ასთან კონტაქტში მყოფი პირები: ლ. ქ–ა, გ. ქ–ი და პ. ფ–ა.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ჩაქუჩით, ასევე მოწმეების: გ. ტ–სა და მ. მ–ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ნ. გ–ს თან ჰქონდა რკინისტარიანი ჩაქუჩი, რომელსაც მეორე მხარე ჰქონდა წაწვეტებული, რადგან ლურსმნის ამოსაძრობი ერთი მხარე მოტეხილი იყო.
- თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ ჭ. ლ–ამ თავდამსხმელს ფიზიკური წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მხოლოდ ის მოახერხა, რომ მისი თავის მიმართულებით მოქნეული ჩაქუჩი ნაწილობრივ მოიგერია ხელით, რითაც დარტყმის ძალა შეამცირა, თუმცა ვერცერთი დარტყმა ვერ აიცილა და ამის გამო ტკივილს გრძნობდა, რის შემდეგაც, მისთვის ჩაქუჩის მესამედ მოქნევის პარალელურად, ამოიღო იარაღი, გადატენა და ჩაქუჩის მესამედ ჩარტყმამდე თავდამსხმელს თავის არეში ესროლა.
- მოწმეები: ლ. ჭ–ა, ვ. ნ–ა, გ. გ–ა, გ. ქ–ი, პ. ფ–ა, რ. ს–ა, ხ. ო–ე, ი. წ–ა და გამართლებული ჭ. ლ–ა უთითებენ, რომ შემთხვევის შემდეგ გამართლებული ჭ. ლ–ა თავზე იკიდებდა ხელს, თავს იტკიებდა, ეტყობოდა კოპი, შეწითლება, შესიება შუბლსა და ყვრიმალზე, ჭ. ლ–ა მალევე ცუდად გახდა, თავბრუსხვევა დაეწყო და საავადმყოფოში წაიყვანეს.
- მოწმე ლ. ხ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ მან ჭ. ლ–ას გამოუწერა ტვინის დაზიანების აღსადგენი წამლები. სამედიცინო ცნობით დადასტურებულია, რომ ჭ. ლ–ას ესაჭიროებოდა სტაციონარული მკურნალობა. ჭ. ლ–ას დაზიანებები ასახულია დაკავების ოქმშიც, კერძოდ: ბრალდებული დააკავეს საავადმყოფოში, რის შემდეგაც მოათავსეს საავადმყოფოს პალატაში სწორედ სტაციონარული მკურნალობის მიზნით. იმავე ოქმით დასტურდება შუბლსა და ყვრიმალზე შესიების, შეწითლების, ნაფხაჭნის არსებობა.
5.4. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ფაქტის თვითმხილველი მოწმის - გ. ტ–ს ჩვენება შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არ არის სარწმუნო და ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან მისი ჩვენება არ შეესაბამება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: მოწმე გ. ტ–ს ჩვენებით, ბრალდებული საშუალო ნაბიჯებით უახლოვდებოდა შემთხვევის ადგილს, მაშინ, როცა მოწმეები - რ. ს–ა, ვ. ჭ–ა, ხ. ო–ე და ი. პ–ა ადასტურებენ, რომ ბრალდებული სირბილით მიუახლოვდა შემთხვევის ადგილს. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულია ნივთმტკიცების დათვალიერების ოქმითა და ვიდეოჩანაწერით. მოწმე გ. ტ–ე ასევე უთითებს, რომ ჭ. ლ–ა მას და დაზარალებულ ნ. გ–ს მიუახლოვდა იარაღით ხელში ისე, რომ იარაღი მათკენ ჰქონდა მიშვერილი და ორჯერ გაისროლა, პირველად: ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მათ მიუახლოვდებოდა, ხოლო მეორედ - მისი გაქცევის შემდეგ. აღნიშნული გარემოებაც არ შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: გამართლებულ ჭ. ლ–ას, მოწმეების - რ. ს–ს, ი. პ–ს, ხ. ო–ს ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილისკენ სირბილისას მსჯავრდებულს ხელში იარაღი არ სჭერია და ის ამოიღო მხოლოდ ჩაქუჩის ჩარტყმის შემდეგ. მოწმეები - ნ. კ–ა და ზ. ჩ–ი აღნიშნავენ, რომ მათ მხოლოდ ერთხელ გაიგეს ჭახუნის ხმა. მოწმე ი. პ–ც მხოლოდ ერთი გასროლის ხმის გაგებას ადასტურებს, ხოლო რ. ს–ა და გამართლებული ჭ. ლ–ა აღნიშნავენ, რომ ჭ. ლ–ამ მხოლოდ ერთხელ გაისროლა. ჭ. ლ–ას მიერ იარაღიდან ერთხელ გასროლის ფაქტი დადასტურებულია იმ გარემოებითაც, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ერთი მასრა და ერთი ტყვიის გულა. ასევე, ბრალდებულზე განპიროვნებული იყო 2 მჭიდი 30 ტყვიით, რაც მიუთითებს, რომ თითო მჭიდში 15 ტყვია იდო, ხოლო ჭ. ლ–სგან ამოღებულ პისტოლეტში აღმოჩნდა 14 ტყვია.
5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში ამომწურავად არის მითითებული იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა ჭ. ლ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5.6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე