Facebook Twitter

ას-1419-1434-2011 07 ნოემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რ. ჟ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ჟ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი _ უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობა და მასზე მოპასუხის უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 17 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა რ. ჟ-მა მოპასუხე ზ. ჟ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული, წყალტუბოს რაიონის სოფელ მ-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობა და აღნიშნულ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმება (ს.ფ. 1-12).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ჟ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 255-261).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჟ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 266-276).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აგვისტოს განჩინებით რ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს წარედგინა ხარვეზით, კერძოდ, აპელანტს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი; არსებული ხარვეზის შესავსებად აპელანტს, 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით განესაზღვრა ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე და განემარტა, რომ თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად; ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტ რ. ჟ-ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, მის მიერ მითითებულ მისამართზე: წყალტუბოს რაიონის სოფელ მ-ში; დასახელებული მისამართიდან გზავნილი დაბრუნდა ჩაუბარებელი სახით, შემდეგი მინაწერით: «გამგეობის თანამშრომლის განმარტებით პიროვნებას მისამართზე სახლი აქვს გაყიდული. 13.07.2011».

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლიდან გამომდინარე, რ. ჟ-ს ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა 2011 წლის 13 ივლისს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხარვეზის შევსებისათვის აპელანტს ვადა ჰქონდა 2011 წლის 18 ივლისამდე, რა ვადაშიც მას ხარვეზი არ შეუვსია.

იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს სასამართლოს განჩინება ხარვეზის შევსების თაობაზე ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა ხარვეზი შევსებული არ ყოფილა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად რ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო (ს.ფ. 287-290).

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ჟ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი. საქმის მასალების არასწორი შეფასების შედეგად სასამართლომ გააკეთა არასწორი დასკვნები საქმის წარმოების პერიოდში მის მიერ სასამართლოსათვის მისამართის მიუწოდებლობის თაობაზე. სასამართლოში დავის მიმდინარეობის პერიოდში აპელანტს მისამართი არ შეუცვლია. სარჩელში, ისევე როგორც სააპელაციო საჩივარში იგი მიუთითებდა მის მისამართს: წყალტუბოს რაიონი, სოფელი მ-ი, სადაც არის რეგისტრირებული პირადობის მოწმობის მიხედვით. ამავდროულად, აპელანტი მიუთითებდა ალტერნატიულ მისამართს: ქ.ქუთაისი, ა-ის ქუჩის ¹1/40. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს ყველა კორესპონდენცია გაგზავნილია სწორედ ამ უკანასკნელ მისამართზე. იმ ფაქტს, რომ რ. ჟ-ს სარჩელში ორი მისამართი ჰქონდა მითითებული, ხელი არ შეუშლია სასამართლოსათვის მისთვის სხვადასხვა სახის კორესპონდენციის ჩაბარებაში. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად გაიზიარა გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე არსებული მინაწერი მისი კუთვნილი სახლის გაყიდვის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ბარათის შინაარსის მიხედვით არ ირკვევა, კონკრეტულად ვინ განაცხადა რ. ჟ-ის სახლის გაყიდვის ფაქტის შესახებ, ამასთან, ეს განაცხადი არ დასტურდება ხელის მოწერით და არც ის დასტურდება, თუ ვის ეკუთვნის ბარათზე არსებული ხელმოწერა. კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებაზე, რომ მას ჰყავს წარმომადგენელი ნ.ალფაიძე, რომლის სახელზე გაცემული რწმუნებულებაც დღეისათვის ძალაშია. თუკი სასამართლომ ვერ გაიგო აპელანტის მისამართი, იგი ვალდებული იყო განჩინება ხარვეზის შესახებ გაეგზავნა აპელანტის რწმუნებულისათვის, რომლის საცხოვრებელი ადგილიც მითითებულია რწმუნებულებაში. სააპელაციო სასამართლომ წარმომადგენელ ნ.ალფაიძეს გაუგზავნა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რაც არასწორია (ს.ფ. 299-301).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჟ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აგვისტოს განჩინება და რ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით აპელანტ რ. ჟ-ს მიეცა 5 დღის ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1291 ლარის ოდენობით (ს.ფ. 279-280). აღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ წყალტუბოს რაიონი, სოფელი მ-ი (ს.ფ. 282). სასამართლო გზავნილი სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა უკან ჩაუბარებელი სახით. გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ ადრესატს სახლი გაყიდული აქვს (ს.ფ. 282-286).

დადგენილია ასევე, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა როგორც მისი ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი) _ წყალტუბოს რაიონი, სოფელი მ-ი, ასევე ალტერნატიული მისამართი _ ქ.ქუთაისი, ა-ის ქ.¹1/40 (ს.ფ. 266-276). მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმოებით დგინდება, რომ მოსარჩელე რ. ჟ-ისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ხორციელდებოდა სარჩელში მის მიერ მითითებულ ალტერნატიულ მისამართზე (ს.ფ. 174, 1-12). სხვა შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ რ. ჟ-ის ინფორმირება მოახდინა ტელეფონის მეშვეობით, რის შესახებაც საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი ტელეფონოგრამა (ს.ფ. 249).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო უწყება ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. 73-ე მუხლის 11 ნაწილი ითვალისწინებს, რომ თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის შინაარსი, რომელიც უწყების ადრესატისათვის ჩაუბარებლობის პირობებში სასამართლოს მისთვის ცნობილ სხვა მისამართზე უწყების გაგზავნას ავალდებულებს, იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართში უწინარესად იგულისხმება თავად მხარის მიერ მითითებული ალტერნატიული მისამართი, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ალტერნატიულ მისამართზე სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარება მანამდე შესაძლებელი იყო. სხვაგვარად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი აზრს დაკარგავს და სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მხარის მიერ ალტერნატიული მისამართის დასახელებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება. ასეთ შემთხვევაში არსებობს ალბათობა იმისა, რომ სასამართლომ ვერ შეძლოს გზავნილის მხარისათვის ჩაბარება.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ გაგზავნილია აპელანტის მიერ დასახელებულ მხოლოდ ძირითად მისამართზე, მაშინ როდესაც მან მიუთითა მისი ალტერნატიული მისამართიც. ამასთან, საქმეში მოიპოვებოდა რ. ჟ-ის ტელეფონის ნომერი, რაც დამატებით იძლეოდა მისი ინფორმირების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აგვისტოს განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ჟ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 აგვისტოს განჩინება და საქმე რ. ჟ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.