¹ ბს-1445-1171-კ-04 31 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს დადგენილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილებით შპს “... ქარხნის” ბალანსზე რიცხული ¹9 საბავშო ბაღი გადაეცა აჭარის ა/რ განათლების სამინისტროს. შპს “... ქარხნის” 2003წ. 30 აპრილის ¹30/კ ბრძანებით, ¹9 საბავშვო ბაღის აჭარის ა/რ განათლების სამინისტროზე გადაცემასთან დაკავშირებით, შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაყვანის წესით სამუშაოდან გათავისუფლდნენ ¹9 საბავშო ბაღის თანამშრომლები (27 პირი).
2003წ. 16 ივლისს ¹9 საბავშვო ბაღის შრომითმა კოლექტივმა (ც. ს-მ და სხვებმა, სულ 27 პირმა) სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე შპს “... ქარხნის” მიმართ და მოითხოვეს ქარხანაში სამუშაოზე აღდგენა, ვინაიდან, მათი აზრით, “... ქარხნის” ადმინისტრაციამ არასწორად მოახდინა შრომითი კოლექტივის გადაყვანა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში, კერძოდ, არასწორად დაითხოვა ¹9 საბავშვო ბაღის კოლექტივი სამუშაოდან. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს იძულებით განაცდური ხელფასის, 3 თვის შრომის ანაზღაურება, რაც ერთობლიობაში შეადგენს 6084 აშშ დოლარს.
საქმე განხილულ იქნა ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ. ბოლოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატამ 2004წ. 7 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა ¹9 საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივის საკასაციო საჩივარი სამუშაოზე აღდგენის შესახებ და განმარტა, თუ მოსარჩელეები არასწორად მიიჩნევდნენ ¹9 საბავშო ბაღის შპს “... ქარხნის” ბალანსიდან აჭარის ა/რ განათლების სამინისტროზე გადაცემას, გასაჩივრებული უნდა ყოფილიყო არა შპს “... ქარხნის” 2003წ. 30 აპრილის ¹30/კ ბრძანება, არამედ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილება.
2004წ. 23 ივლისს ბათუმის ¹9 საბავშვო ბაღის შრომითმა კოლექტივმა სარჩელი აღძრა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში მოპასუხე აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილების ბათილად ცნობა:
მოსარჩელეთა განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტი ბათილია, თუ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ. მინისტრთა საბჭო არ იყო უფლებამოსილი, მიეღო გადაწყვეტილება სახელმწიფოს 100%-იანი წილის მქონე შპს-ში, რადგან ეს უფლებამოსილება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს კომპეტენციაში შედის. აქედან გამომდინარე, აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს უფლება არ ჰქონდა ამ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიული პირის _ შპს “... ქარხნის” საკუთრებაში არსებული ობიექტი _ საბავშვო ბაღი, გადაეცა აჭარის ა/რ განათლების სამინისტროსათვის.
ამავე დროს დარღვეულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის დადგენილი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ადმინისტრაციული აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, მინისტრთა საბჭოს საერთოდ არ მოუსმენია საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივის აზრი ადმინისტრაციული აქტის გამოცემასთან დაკავშირებით მაშინ, როცა ამ აქტით ისინი უფრო დაბალხელფასიან, სხვაგვარ პირობებიან სამუშაოზე გადადიოდნენ. ამდენად, ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია საჯაროობის პრინციპი, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველია.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის 2004წ. 8 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება აჭარის ა/რ განათლების სამინისტრო და შპს “... ქარხანა”).
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2004წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შემდეგი მოტივით დააკმაყოფილა ბათუმის ¹9 საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივის სასარჩელო განცხადება:
სასამართლომ მიუთითა, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს სადავო დადგენილება გამოცემულია 2003წ. 6 მარტს, 2003წ. 30 აპრილს შპს “... ქარხნის” ადმინისტრაციამ დაითხოვა ¹...-ე საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივი, რა დროსაც გახდა ცნობილი მათი უფლებების დარღვევის შესახებ. მოსარჩელეებმა 2003წ. 16 ივლისს სარჩელი შეიტანეს მოპასუხე შპს “... ქარხნის” მიმართ, 2003წ. 30 აპრილის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, ე.ი. სარჩელი შეტანილია 1 თვისა და 16 დღის შემდეგ მათი უფლების დარღვევიდან.
სკ-ის 138-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სააპელაციო კოლეგიამ განმარტა, მართალია, მოსარჩელეეს არ შეუტანიათ სარჩელი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიმართ სადავო ადმინისტრაციული აქტის გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ მოსარჩელეთა შეცდომით აღძრული მოთხოვნა, სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გაასწოროს სასამართლომ. კერძოდ, თუ სასამართლო საქმის განხილვისას დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიმართ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 3 დეკემბერს და უზენაესმა სასამართლომ 2004წ. 7 მაისს თავისი განჩინებით მიუთითეს, რომ მოსარჩელეს სარჩელი უნდა შეეტანა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს მიმართ 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით. უზენაესი სასამართლოს 2004წ. 7 მაისის განჩინება მხარეებს გაეგზავნათ 2004წ. 15 ივნისს, მოსარჩელეებმა განჩინების მიღებისთანავე, 2004წ. 23 ივლისს სარჩელი შეიტანეს სასამართლოში სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 6 თვის ვადაში.
სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ 2003წ. ივლისში სასამართლოში სარჩელის შეტანით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა ამ საქმის წარმოების დამთავრებამდე. ამიტომ ამ საქმის წარმოების ვადა უნდა გამოაკლდეს სადავო აქტის გამოცემიდან მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე ვადას და მოსარჩელეებს სარჩელის შეტანის ხანდაზმულობის ვადა არ დაურღვევიათ.
სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილების გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელე ბათუმის ¹9-ე საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივის უფლება. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილებით შპს “... ქარხანას” წაართვა და აჭარის ა/რ განათლების სამინისტროს გადასცა ¹...-ე საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივის საშტატო განრიგი, რადგან ბაღის შენობა 2003წ. 5 თებერვლის დადგენილებით უკვე გადაცემული ჰქონდა ბათუმის მერიაზე. ამ გადაწყვეტილების მიღებამ ფაქტობრივად გამოიწვია შპს “... ქარხნის” დირექტორის 2003წ. 30 აპრილის ბრძანების გამოცემა, რითაც საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად, რადგან ქარხანას უკვე აღარ ჰქონდა მუშა-მოსამსახურეთა შტატები. დადგენილებაში არსადაა ნახსენები შრომითი კოლექტივის ხელფასებზე, დასაქმებზე, გადაყვანაზე შრომით პირობებსა თუ სხვა საკითხებზე.
სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ შპს “... ქარხნის” ქონების უსასყიდლოდ გადაცემა მაშინ, როცა ქარხანა საბაშვო ბაღის მოვლაზე უარს ამბობს მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, აბსოლუტური ნონსენსია. სასამართლო კოლეგიას შეექმნა წარმოდგენა, რომ ქარხნის დირექცია და აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო ცდილობენ საბავშო ბაღის შრომითი კოლექტივის მოცილებას და ქარხნის ქონების რაც შეიძლება სწრაფად დანაწილებას.
სასამართლო კოლეგიამ ასევე ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შრომის თავისუფლება და შრომითი უფლებების დაცვის სახელშეკრულებო გარანტიები. შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლი ამომწურავად მიუთითებს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: “საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის გადაცემა ერთი ორგანოს დაქვემდებარებიდან სხვა ორგანოს დაქვემდებარებაში არ შეწყვეტს შრომის ხელშეკრულების მოქმედებას”, ხოლო შრომის სხვა პირობების შეთავაზება ქარხნისა და განათლების სამინისტროს ადმინისტრაციისაგან არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე განათლების სამინისტრო ვალდებული იყო თავის დაქვემდებარებაში მიეღო საბავშვო ბაღის მუშაკები შრომის იგივე პირობებით და იგივე პირადი შემადგენლობით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეეძლო უარი ეთქვა შრომითი კოლექტივის მიღებაზე.
აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ თავისი 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილებით ფაქტობრივად შპს “... ქარხანას” წაართვა ¹...-ე საბვშვო ბაღის შრომითი კოლექტივის საშტატო განაწესი და გადასცა აჭარის ა/რ განათლების სამინისტროს ისე, რომ არ გაუთვალისწინებია ბაღში მომუშავე მუშა-მოსასახურეთა ინტერესები. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მინისტრთა საბჭომ თავისი დადგენილებით გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რადგანაც იგი ჩაერია შპს “... ქარხნის” საშინაო საქმეებში, იქ მომუშავე პერსონალს წაართვა და განათლების სამინისტროს გადასცა მოქმედი საბავშვო ბაღის მუშა-მოსამსახურეთა საშტატო განაწესი, რის შემდეგად 2003წ. 30 აპრილს, ქარხნის ადმინისტრაციამ გაათავისუფლა უშტატოდ დარჩენილი საბავშვო ბაღის თანამშრომლები, რითაც შელახა მათი უფლებები.
სასამართლო კოლეგიამ ასევე მიუთითა, რომ შპს “... ქარხნის” დირექციას “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე არ ჰქონდა უფლება თავისი მოთხოვნით გადაეწყვიტა ქონების გადაცემისა თუ შტატების გაუქმების საკითხი. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო კი არ იყო სათანადო უფლებამოსილი ორგანო, რათა თავისი დადგენილებით უსასყიდლოდ დაენაწილებინა ქარხნის ქონება, კერძოდ საბავშვო ბაღის შენობა, რამაც გამოიწვია მათი შტატების გაუქმება და დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “...მა ქარხანამ” და აჭარის ა/რ მთავრობამ და შემდეგ გარემოებათა გამო მოითხოვეს მისი გაუქმება:
შპს “... ქარხანას” მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, კოლეგიამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. შპს “...მა ქარხანამ” განმარტა, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილებას თან ერთვის საშტატო განრიგი, რომლითაც საბავშვო ბაღი თანამშრომლებით დაქვემდებარებაში გადაეცა განათლების სამინისტროს, სადაც გადაწყვეტილია დასაქმების, ხელფასების და შრომითი პირობების საკითხი. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული კანონზე, რომელიც კოლეგიას უნდა გამოეყენებინა. კერძოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლზე, სადაც კონკრეტულადაა მთითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველი. ამ ნორმის არც ერთ პუნქტის დარღვევას არა აქვს ადგილი მოცემულ შემთხვევაში.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მიერ არ არის დარღვეული ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. ხანდაზმულობის ვადა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მოცემულ შემთხვევაში სკ-ის 138-ე მუხლის მოთხოვნა ვერ გამოიყენება იმის გამო, რომ სარჩელი ეხებოდა სამუშაოზე აღდგენას, ე.ი. კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც შეეხება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის სარჩელს, აქ მოპასუხე და სასარჩელო მოთხოვნა სხვაა. კასატორმა მიუთითა, რომ ¹9 საბავშვო ბაღის თანამშრომლებისათვის აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს დადგენილება მათი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაყვანის შესახებ ცნობილი იყო 2003წ. მარტში. არასწორია კოლეგიის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებს არ დაურღვევიათ ხანდაზმულობის ვადა. კოლეგიას ხანდაზმულობის ვადის საკითხის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა დღიდან გამოქვეყნებისა ან გაცნობისა და არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე პუნქტი. კასატორის აზრით, მოსაჩრელეთა მიერ ხანდაზმულობის ვადა აშკარად დარღვეულია საპატიო მიზეზის გარეშე. სახეზეა სკ-ის 393-ე მუხლის “ბ” პუნქტით და 394-ე მუხლის “ე” პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება უნდა ჩაითვალოს კანონდარღვევით მიღებულად.
აჭარის ა/რ მთავრობამ თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ სსკ-ის 85-ე მუხლზე მითითება არასწორია, ვინაიდან არცერთ სასამართლო ინსტანციას მოსარჩელის თანხმობით არ შეუცვლია არასათანადო მოპასუხე სათანადო მოპასუხით, უფრო მეტიც არც შეიძლება შეცვლილიყო იგი სასარჩელო მოთხოვნის შეცვლამდე, რამდენადაც მოსარჩელე ითხოვდა არა მინისტრთა საბჭოს დადგენილების გაუქმებას, არამედ _ შპს “... ქარხნის” დირექტორის ბრძანების გაუქმებას. ამასთან, მიზანშეწონილია არასათანადო მხარის შეცვლა საქმის მომზადების სტადიაზე. კასატორი არ დაეთანხმა სასამართლო კოლეგიის მიერ ადმინსტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილზე მინიშნებას, რომ ადმინისტრაციული აქტის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 6 თვის ვადაში. აჭარის ა/რ მთავრობა თვლის, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს დადგენილება “ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ა/რ ორგანული კანონის 18-ე მუხლის I პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და არა ადმინისტრაციული აქტი. ამ კანონიდან გამომდინარე, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს არა 6 თვის ვადაში, არამედ 3 თვის ვადაში ზიანის მიყენებიდან.
კასატორი _ აჭარის ა/რ მთავრობა თვლის, რომ მოსარჩელეთა მიერ 2003წ. 16 ივლისს სასამართლოში შეტანილი სარჩელი არ შეიძლება იყოს სასარჩელო ხანდაზმულობის დენის შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან 2003წ. 16 ივლისს მოსაჩრელეთა მიერ სასამართლოში სარჩელი შეტანილი იქნა შპს “... ქარხნის” დირექტორის ბრძანების გაუქმებაზე, რომელიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 2003წ. 16 ივლისს მოსარჩელეთა მიერ სასამართლოში სარჩელი შეტანილ იქნა ქარხნის დირექტორის ბრძანების და არა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, ამიტომ დირექტორის ბრძანების გაუქმების მოთხოვნა ამ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული მინისტრთა საბჭოს დადგენილების გაუქმებასთან და ამდენად, მოსარჩელეთა მიერ 2003წ. 16 ივლისს შეტანილმა სარჩელმა არ შეიძლება შეწყვიტოს ხანდაზმულობის ვადის დენა მინისტრთა საბჭოს დადგენილების გაუქმებასთან მიმართებაში. როგორც სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, მოსარჩელეებისათვის 2003წ. 6 მარტის დადგენილების შესახებ ცნობილი გახდა 2003წ. 30 აპრილს, როდესაც ქარხნის ადმინისტრაციამ დაითხოვა საბავშვო ბაღის თანამშრომლები. ამდენად, მოსარჩელეებს შეეძლოთ სასამართლოში სარჩელი შეეტანათ მინისტრთა საბჭოს დადგენილების გაუქმების მოთხოვნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა გაუშვეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან ამ ვადის დინება დაიწყო 2003წ. 30 აპრილიდან.
კასატორი თვლის, რომ უსაფუძვლოა სასამართლო კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული აქტით დაირღვა საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივის უფლებები, რადგან აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ დადგენილების მე-2 პუნქტით დაავალა შპს “... ქარხანას” უზრუნველეყო ¹... საბავშვო ბაღის გადაცემა არსებული წესით. ქარხნის ადმინისტრაციას არ დაურღვევია ბაღის შრომითი კოლექტივის უფლებები, რაც დასტურდება უზენაესი სასამართლოს 2004წ. 7 მაისის განჩინებით. დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცდა ¹... საბავშვო ბაღის საშტატო სტრუქტურა, რომელიც არ შეკვეცილა და უცვლელი დარჩა.
მოწინააღმდეგე მხარის, ¹... საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრები უსაფუძვლობის მოტივით არ ცნო, მოითხოვა მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელეებს არ დაურღვევიათ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, სკ-ის 138-ე მუხლზე სასამართლოს მითითება კანონიერია, რადგან მოსარჩელეთა სამართლებრივ მიზანს ამჟამადაც წარმოადგენს სამუშაოზე აღდგენა და მოსარჩელეთა მიერ 2003წ. 16 ივლისს სარჩელის აღძვრით, რომლითაც მოითხოვდნენ “... ქარხნის” 2003წ. ¹30/კ ბრძანების გაუქმებას, შეჩერდა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილების გასაჩივრების ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ მთავრობისა და შპს “... ქარხნის” საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ბათუმის ¹... საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
ბათუმის ¹... საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივი 2004წ. 23 ივლისის სარჩელით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე, მოითხოვდა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილების ბათილად ცნობას. სადავო დადგენილებით აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ განახორციელა ადმინისტრირება და შპს “...ი ქარხნის” ბალანსზე რიცხული ¹9 საბავშვო ბაღი, ქარხნის დირექციის წინადადებით დაუქვემდებარა (გადასცა) აჭარის ა/რ განათლების სამინისტროს. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხეთა (კასატორთა) წარმომადგენლების მითითება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და სკ-ის 138-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეჩერდა მოსარჩელეთა მიერ 2003წ. 16 ივლისს სასამართლოში აღძრული სარჩელით და სასამართლო სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, ვადებული იყო, არასათანადო მოპასუხე შეეცვალა სათანადო მოპასუხით, რასაც საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს.
¹9 საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2003წ. 16 ივლისს აღძრული სარჩელით მოითხოვდა შპს “...ი ქარხნის” დირექტორის 2003წ. 30 აპრილის ბრძანების გაუქმებას, სამუშაოზე აღდგენას და 3 თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. მოპასუხედ განსახილველ დავაში მითითებული იყო შპს “... ქარხანა.” სსკ-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, მოსარჩელე სარჩელით მიმართავს სასამართლოს, სადაც თავად განსაზღვრავს დავის საგანს, მოთხოვნის საფუძვლებს და თავადვე უთითებს მოპასუხეს. ვინაიდან შრომითი კოლექტივი სარჩელით მოითხოვდა მათი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ შპს “... ქარხნის” დირექტორის 2003წ. 30 ბრძანების გაუქმებას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ანუ სასარჩელო მოთხოვნა მიმართული იყო შპს “... ქარხნის” მიმართ, ამიტომ დავაში სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა “... ქარხანა” და სააპელაციო სასამართლოს მითითება, სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე, არასათანადო მოპასუხის _ “... ქარხნის”, სათანადო მოპასუხით _ აჭარის ა/რ მთავრობით შეცვლის ვალდებულებაზე, უსაფუძვლოა.
ამდენად, შპს “... ქარხნის” მიმართ 2003წ. 16 ივლისის სარჩელით ¹9 საბავშვო ბაღის შრომითმა კოლექტივმა მოითხოვა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ქარხნის დირექტორის ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მაგრამ ბაღის აჭარის ა/რ განათლების სამინისტროსათვის დაქვემდებარების (გადაცემის) შესახებ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილება შრომით კოლექტივს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა ქარხნის მიმართ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, 2003წ. 16 ივლისისათვის, უკვე ცნობილი იყო ¹23 დადგენილების შესახებ და ბაღის შრომითი კოლექტივის სარჩელს დანართის სახით ერთვის კიდეც აღნიშნული დადგენილება. აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილება შრომითმა კოლექტივმა სადავოდ გახადა 2004წ. 23 ივლისს აღძრული სარჩელით მას შემდეგ, რაც სასამართლოებმა უარი უთხრეს სამუშაოდან დათხოვნის შესახებ “... ქარხნის” ბრძანების გაუქმებასა და სამუშაოზე აღდგენაზე, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატამ 2004წ. 7 მაისს განჩინებაში შრომითი კოლექტივის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ მოტივად მიუთითა ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს არ გაუსაჩივრებიათ საბავშვო ბაღის განათლების სამინისტროსადმი დაქვემდებარების (გადაცემის) შესახებ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მითითების მიხედვით: “სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში უშუალოდ ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში”. ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილების შესახებ საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივისათვის იმთავითვე იყო ცნობილი და შპს “... ქარხნის” მიმართ 2003წ. 16 ივლისს აღძრულ სარჩელს დანართის სახით ერთვის კიდეც ¹23 დადგენილება, მაგრამ სარჩელი ¹23 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოში აღძრულია 2004წ. 23 ივლისს ე.ი. სადავო აქტის გამოცემიდან 1 წლისა და 4 თვის შემდეგ, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორთა მოსაზრებას შრომითი კოლექტივის სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რომ სარჩელი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს ¹23 დადგენილების ბათილად ცნობაზე სასამართლოში აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით მკაცრად რეგლამენტირებული ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უდავო საფუძველია. ამიტომ საკასაციო პალატა უსწორობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით აღძვრის თაობაზე, თვლის რომ სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს და არასწორად გადაწყვიტა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ასევე ვერ გაიზიარებს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს მიერ სკ-ის 138-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებას. აღნიშნული ნორმის თანახმად: “ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.” ამრიგად, მითითებული ნორმის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდებოდა, თუ უფლებამოსილი პირი (¹... საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივი) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართავდა კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს ან სარჩელს შეიტანდა სასამართლოში. საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება, რომ ¹... საბავშვო ბაღის კოლექტივმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სადავო ადმინისტრაციული აქტის გამომცემ ორგანოს _ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოითხოვეს ¹23 დადგენილების ბათილად ცნობა. სკ-ის 138-ე მუხლის შესაბამისად, ბაღის შრომითმა კოლექტივმა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოში სარჩელი აღძრა სადავო აქტის გამოცემიდან 1 წლისა და 4 თვის შემდეგ, 2004წ. 23 ივლისს.
2003წ. 16 ივლისს აღძრული სარჩელით კი საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივი მოითხოვდა არა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს ¹23 დადგენილების ბათილად ცნობას, არამედ შპს “... ქარხნის” 2003წ. 30 აპრილის ბრძანების გაუქმებას, სამუშაოზე აღდგენასა და 3 თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. შესაბამისად, სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა არა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭო, არამედ შპს “... ქარხანა”. ამდენად, 2003წ. 16 ივლისს აღძრული სარჩელით, მართალია, მოსარჩელეებს იგივე ¹... საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივი წარმოადგენდა, მაგრამ დავის საგანი ნაცვლად აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს ¹23 დადგენილებისა, იყო შპს “... ქარხნის” დირექტორის ბრძანება, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, მოპასუხე მხარედ ნაცვლად აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსი დასახელებული იყო შპს “... ქარხანა”, ანუ 2003წ. 16 ივლისსა და 2004წ. 23 ივლისს აღძრული სარჩელები დავის საგნისა და მოპასუხე მხარეების მიხედვით სამართლებრივად წარმოადგენენ განსხვავებულ დავებს, კერძოდ, 2003წ. 16 ივლისის სარჩელი იყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი შრომითი დავა, ხოლო 2004წ. 23 ივლისის სარჩელი არის ადმინისტრაციული დავა აქტის ბათილად ცნობის შესახებ, ამიტომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეჩერებასა და სკ-ის 138-ე მუხლზე მითითება, საკასაციო პალატის აზრით, უსწოროა.
ამრიგად, სასამართლო იზიარებს კასატორთა მოტივს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 138-ე მუხლი, რაც არ უნდა გამოეყენებინა და საქმის გარემოებათა მცდარი შეფასებით არასწორად გადაწყვიტა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხიც, რის გამოც საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ხანდაზმულობის მოტივით ბათუმის ¹... საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 22-ე, სსკ-ის 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. აჭარის ა/რ მთავრობისა და შპს “... ქარხნის” საკასაციო საჩივარები დაკმაყოფილდეს;
2. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ბათუმის ¹... საბავშვო ბაღის შრომითი კოლექტივის სარჩელი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.