ას-1427-1442-2011 10 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. კ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ განქორწინება და ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების _ 2003 წლის 19 აგვისტოს დაბადებული გ. მ-ისა და 2005 წლის 14 მაისს დაბადებული ე. მ-ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100-100, სულ 200 ლარის გადახდის დაკისრება, აგრეთვე, მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
მოპასუხემ სარჩელი ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტის ნაწილში ცნო, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში თანხმობა განაცხადა, თითოეული ბავშვისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 30 ლარის გადახდაზე.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი ქორწინების შეწყვეტის ნაწილში დაკმაყოფილდა და მისი ქორწინება მოპასუხე ზ. მ-თან, რაც სიღნაღის მრ და სარის სამსახურის მიერ რეგისტრირებული იყო 2005 წლის 23 სექტემბრის ¹0032653 სააქტო ჩანაწერით, შეწყდა განქორწინებით, ლ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის გადახდევინების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე ზ. მ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი შვილების _ გ. და ე. მ-ების სასარგებლოდ ყოველთვიურად 60-60, სულ 120 ლარის ოდენობით 2011 წლის 8 აპრილიდან მათ სრულწლოვნებამდე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. მ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ხოლო ალიმენტის 120 ლარიდან 60 ლარამდე შემცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზ. მ-მა გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნაწილობრივ, კერძოდ – ალიმენტის სახით 2011 წლის 8 აპრილიდან არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მათი სრულწლოვნების მიღწევამდე ყოველთვიურად 60 ლარის, თითოეულ ბავშვზე 30 ლარის დაკისრების ნაწილში და მოითხოვა ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა მოითხოვა ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 60 ლარით შემცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულებამ შეადგინა 720 (60X12=720) ლარი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ჩათვალა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. მ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
ზ. მ-მა მიუთითა, რომ, უმუშევრობის გამო, მას ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა არ შეუძლია და ალიმენტის აღნიშნული ოდენობა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩააყენებს მას. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე სხვა საშუალებებითაც იღებდა მონაწილეობას ბავშვების აღზრდაში, მიჰყავდა ისინი თავისი მშობლების სახლში და ყიდულობდა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებს. დაკისრებული ალიმენტის პირობებში კი მითითებული შეუძლებელი იქნება და სადავო თანხას საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენებს მოსარჩელე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება და განუხილველად დარჩება. აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიული ხასიათისაა და სასამართლოს შეფასებაზე დამოკიდებული არ არის.
მოცემულ შემთხვევაში ზ. მ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 720 ლარს, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ზ. მ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი შვილების _ გ. და ე. მ-ების სარჩენად ყოველთვიურად 60-60, სულ 120 ლარის ოდენობით 2011 წლის 8 აპრილიდან მათ სრულწლოვნებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ხოლო ალიმენტის 120 ლარიდან 60 ლარამდე შემცირება.
ამდენად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს სადავო 60 ლარის ერთ წელზე (12 თვეზე) გაანგარიშებით, რაც შეადგენს 720 ლარს. მითითებული ოდენობა კი კანონით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას _ 1000 ლარს არ აღემატება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას ზ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.