ას-1443-1457-2011 17 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ბ. ნ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. თ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სესხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. თ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 16 სექტემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან (¹...) გამომდინარე ბ. ნ-ისთვის 75000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს თ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 47 500 აშშ დოლარის გადახდა, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, სასესხო თანხის _ 47 500 აშშ დოლარის საშუალო წლიური 10%-ის გადახდა 2009 წლის დეკემბრიდან 2010 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდის განმავლობაში, რამაც შეადგინა 4 750 აშშ დოლარი.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ბ. ნ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ამავე სასამართლოს 2011 წლის 23 მაისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის 3490 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სასამართლოსათვის წარდგენა. აღნიშნული განჩინება 2011 წლის 31 მაისს ბ. ნ-ეს პირადად ჩაბარდა სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერვე მითითებულ მისამართზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად გათვალისწინებული ვადის ათვლა უნდა დაიწყოს პირის მიერ ამ მოქმედების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მიღების მომენტიდან, კონკრეტულ შემთხვევაში ასეთია დრო, როცა ხარვეზის თაობაზე განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად იქნა მიჩნეული – 2011 წლის 10 ივნისის ჩათვლით. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, ჩაითვალა გაქარწყლებულად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად. 2011 წლის 14 ივლისისთვის ხარვეზი არ გამოსწორებულა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბ. ნ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
ბ. ნ-ემ ვერ შესძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო. ასევე ის საქმეში მონაწილეობდა ადვოკატის გარეშე და მისთვის უცნობი იყო, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ხარვეზის შეუვსებლობას. ბ. ნიკურაძემ მოითხოვა დამატებითი ვადის განსაზღვრა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტ ბ. ნ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 3490 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 10 დღის ვადა. ხარვეზის შესახებ განჩინება ბ. ნ-ეს პირადად ჩაბარდა 2011 წლის 31 მაისს. მითითებულ დროს გზავნილის მიღების ფაქტი მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მას ადვოკატი არ ჰყავდა და უცნობი იყო, თუ რა მოჰყვებოდა ხარვეზის შეუვსებლობას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 23 მაისის განჩინებით ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტ ბ. ნ-ეს ამომწურავად განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მითითებული ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 1 ივნისს და ამოიწურა 2011 წლის 10 ივნისს. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.