ას-1452-1466-2011 2 ნოემბერი, 2011 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «რ. ა-ი»
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. წ-ე, გ. ბ-ი, მ. ჯ-ე, გ. ბ-ი, ი. გ-ი, ნ. ა-ე, თ. ვ.ი, მ. ლ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 23 აპრილს ნ. წ-ემ, გ. ბ-მა და სხვებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაზეთ «რ. ა-ის» წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს სახელფასო და საჰონორარო დავალიანების ანაზღაურების, ასევე, დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების მოშლის გამო, 1 თვის შრომის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
2010 წლის 7 ივლისს მ. ლ-მა ასევე აღძრა სარჩელი გაზეთ «რ. ა-ის» მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 გავისტოს განჩინებით ზემოაღნიშნული ორი სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდა.
იმავე სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-ისა და თ. ვ.ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ნ. წ-ის, გ. ბ-ისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «რ. ა-ს» დაეკისრა:
1. ნ. წ-ის სასარგებლოდ 1000 ლარი;
2. გ. ბ-ის სასარგებლოდ 600 ლარი;
3. მ. ჯ-ის სასარგებლოდ 600 ლარი;
4. ი. გ-ის სასარგებლოდ 600 ლარი;
5. ნ. ა-ის სასარგებლოდ 600 ლარი;
6. მ. ლ-ის სასარგებლოდ 600 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით, შპს «რ. ა-ის» სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1000 ლარს არ აღემატებოდა.
აღნიშნული განჩინება შპს «რ. ა-მა» კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს «რ. ა-ს» ჯამში 4000 ლარი დაეკისრა და აღნიშნული გადაწყვეტილება მის მიერ სრულადაა გასაჩივრებული, სააპელაციო საჩივრის ღირებულებაც 4000 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «რ. ა-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის ღირებულება 4000 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
იმავე კოდექსის 40-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. აღნიშნული ნორმიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ, თუ ერთი მოსარჩელე რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნას აყენებს, აღნიშნული მოთხოვნები უნდა შეჯამდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მოსარჩელე დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნებს აყენებს, მათი შეკრება არ ხდება და დავის საგნის ღირებულება თითოეული ამ მოთხოვნის ღირებულების შესაბამისად განისაზღვრება. ანალოგიურად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება უნდა განისაზღვროს თითოეული მოსარჩელის დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ღირებულების მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს არც ერთი მოსარჩელის სასარგებლოდ 1000 ლარზე მეტი თანხა მოპასუხისათვის არ დაუკისრებია, რაც სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს «რ. ა-ის» კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე, 365-ე, 40-ე, 41-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «რ. ა-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.