ას-1453-1467-2011 10 ნოემბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. წ-ა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. წ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, სესხის სახით მიღებული 76000 აშშ დოლარის დაბრუნების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ე. წ-ას არჩელი დაკმაყოფილდა, ნ. კ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 76000 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით ნ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2011 წლის 06 ივნისის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 3040 აშშ დოლარის (არაუმეტეს 5000 ლარისა) შესაბამისი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ასევე, დაევალა მოთხოვნის დაზუსტება, კერძოდ, უნდა განემარტა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, რა გადაწყვეტილება მიღებულიყო. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, მის მიერ მიღებული 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით აპელანტ ნ. კ-ას, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა, თუმცა, მან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე შუამდგომლობდა სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, სასამართლომ კი, არ გაითვალისწინა მისი ჯანმრთელობა, არც მისი სოციალური პირობები და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ნ. კ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. ხარვეზის დადგენის საფუძველს წარმოადგენს როგორც ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული გარემოებები, ისე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის გამოსასწორებლად მხარისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 06 ივნისის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 3040 აშშ დოლარის (არაუმეტეს 5000 ლარისა) შესაბამისი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ასევე, დაევალა მოთხოვნის დაზუსტება, კერძოდ, დაევალა განემარტა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, რა გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ აპელანტ ნ. კ-ას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა საპროცესო ვადა, თუმცა, მან სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეავსო.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა არც მისი ჯანმრთელობა, არც მისი სოციალური პირობები და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან, მართალია თავისი შუამდგომლობებით კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა გარემოებებზე, რის საფუძველზეც ითხოვდა ბაჟის გადავადებას, მაგრამ რაიმე უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა სსსკ 48-ე მუხლის საფუძველზე, ემსჯელა სახ. ბაჟის გადავადების საკითხზე, ნ. კ-ას სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, ნ. კ-ამ დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.