Facebook Twitter

ას-1464-1477-2011 25 ნოემბერი, 2011 წელი

თბილისი

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ჯ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს «ფ-მა» მოპასუხე ჯ. ხ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქუთაისში, ფ-ის ქ. ¹19-ში მდებარე მოპასუხის მფლობელობაში არსებული ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, რაც გულისხმობდა აღნიშნულ ობიექტზე მხოლოდ ერთი კარისა და ფანჯრის მოწყობას, რომელსაც მოპასუხე არ გამოიყენებდა სავაჭროდ, ასევე უნებართვოდ მოწყობილი კაპიტალური გადახურვის (ე.წ. «ქოლგის») დემონტაჟს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს «ფ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ფ-მა», რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «ფ-ის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «ფ-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჯ. ხ-ეს დაევალა ქ. ქუთაისში, ფ-ის ქ.¹19-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, კერძოდ, დაევალა, შპს «ფ-ის» მხარეს მოაწყოს მხოლოდ ერთი კარი, ააგოს 60 სმ სიმაღლის კედელი და მასზე მოაწყოს დარაბა, ჯ. ხ-ეს აეკრძალა სავაჭრო საქმიანობის განხორციელება შპს «ფ-ის» მხარეს დარაბის მხრიდან, მასვე დაეკისრა შპს «ფ-ის» მხარეს არსებული გადახურვის (ქოლგის) დემონტაჟის განხორციელება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქოს საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ჯ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებლად.

2011 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მითითებული გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე და მოითხოვა იმის განმარტება, ვალდებული იყო თუ არა ჯ. ხ-ე 60 სმ. კედლის ზემოთ მოეწყო ერთი შემინული დარაბა ზომით 10/10 და არა 4 გადმოსაშლელი დარაბა; ასვეე, უნდა ამოექოლა თუ არა მას დარაბასა და კარებისაგან თავისუფალი ადგილები და დარაბა უნდა მოწყობილიყო თუ არა ისე, რომ იგი არ გადასულიყო შპს «ფ-ის» ტერიტორიაზე და ხელი არ შეეშალა შპს «ფ-ისათვის» მიწის საკუთრების გამოყენებაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საარსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, გ. ჭ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ტექსტი: «დაევალოს ჯ. ხ-ეს მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში ქ. ქუთაისში, ფ-ის ქ. ¹19-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი, კერძოდ, დაუბრუნოს მას ადრინდელი მდგმარეობა: შპს «ფ-ის» მხარეს მოაწყოს მხოლოდ ერთი კარი, ააგოს 60 სმ სიმაღლის კედელი და მასზე მოაწყოს დარაბა» განიმარტა შემდეგი სახით: ჯ. ხ-ემ დარაბა უნდა მოაწყოს ისე, რომ არ დაირღვეს სამეზობლო საზღვარი ჯ. ხ-ისა და შპს «ფ-ის» კუთვნილ მიწის ნაკვეთებს შორის და შპს «ფ-ს» ხელი არ შეეშალოს კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ხ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების განმარტებიის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებით დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთთხოვნები, ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი, განმარტებით კი, ფაქტობრივად შეიცვალა. ამასთან, კერძოO საჩივრის ავტორის განმარტებით, მითითებული მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტებაზე განცხადების შეტანა დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება ჯერ არ აღსრულებულა, მოცემულ შემთხვევაში კი, სააღსრულოებო ბიუროს განცხადებითაც და განმარტების განჩინებით დასტურდებოდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნათა შესაბამისად, აღსრულება უკვე განხორციელდა და, შესაბამისად, განმარტება უკვე აღსრულებულ გადაწყვეტილებაზე არ დაიშვებოდა, რაც სასამართლოს განჩინების მიღებისას არ გაუთვალისწინებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ჯ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება წარმოიშობა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების გამო, ამ გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელებული ან შეუძლებელია. ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესვლამდე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება (გარდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილებებისა), დაუშვებელია და აღსრულების ხელშეწყობის საჭიროებაც არ წარმოიშობა, რაც გადაწყვეტილების განმარტების მიზანს წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატიოს 2010 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ხ-ეს დაევალა ქ. ქუთაისში, ფ-ის ქ.¹19-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, კერძოდ, დაევალა, შპს «ფ-ის» მხარეს მოაწყოს მხოლოდ ერთი კარი, ააგოს 60 სმ სიმაღლის კედელი და მასზე მოაწყოს დარაბა, ჯ. ხ-ეს აეკრძალა სავაჭრო საქმიანობის განხორციელება შპს «ფ-ის» მხარეს დარაბის მხრიდან, მასვე დაეკისრა შპს «ფ-ის» მხარეს არსებული გადახურვის (ქოლგის) დემონტაჟის განხორციელება, შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებად.

გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ჯ. ხ-ის მოქმედებით ირღვეოდა სამეზობლო საზღვარი მოდავე მხარეთა შორის, კერძოდ, შპს «ფ-ი» ვერ სარგებლობდა კუთვნილი ნაკვეთით და ჯ. ხ-ე უნებართვოდ იყენებდა შპს «ფ-ის» ტერიტორიას, მისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე, რისი აღმოფხვრაც დაევალა ჯ. ხ-ეს.

საქმის მასალების თანახმად, ჯ. ხ-ემ ამოაშენა კედელი და მოაწყო ლითონის კონსტრუქციის დარაბა, თუმცა გადაწყვეტლებით დადგენილ ვალდებულებას აღნიშნული სამუშაოები შეესაბამებოდა თუ არა, მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზე, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი საჭიროებდა განმარტებას, ვინაიდან არ იყო მითითებული თუ როგორ უნდა მოწყობილიყო დარაბა. აღნიშული კი, ხელს უშლიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი გ. ჭ-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე საფუძვლიანად დაკმაყოფილდა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი გახდება, როდესაც დარაბით სამეზობლო საზღვარი არ დაირღვევა და შპს «ფ-ს» ხელი არ შეეშლება კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასმართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას მასზე, რომ გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და, შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა დაეშვა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განცხადება და ასევე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა ჯ. ხ-ის მოსაზრება მასზე, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი, განმარტებით კი, ფაქტობრივად შეიცვალა იგი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჯ. ხ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.