Facebook Twitter

ას-1467-1480-2011 10 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ა-ის (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ჟ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ჟ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ა-ის მიმართ ქ.თბილისში, ა-ის ქ.¹14-ში მდებარე სახლის მეორე სართულზე არსებული 39 კვ.მ ფართის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ამავე ფართში გაჭრილი ღიობის ამოსავსებად 100 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო ფართი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, ხოლო თანხის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა, რაც ი. ა-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განჩინებით ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სადავო უძრავი ფართის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

მითითებული განჩინება აპელანტს სამჯერ გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ალტერნატიული მისამართი სააპელაციო საჩივარში მითითებული არ არის). გზავნილები აპელანტს ვერ ჩაბარდა. შეტყობინების ბარათებზე აღნიშნულია, რომ კურიერს ადრესატი აღნიშნულ მისამართზე არ დახვდა და მან დატოვა შეტყობინება.

სასამართლომ მიუთითა, რომ ი. ა-ს გაფორმებული აქვს მინდობილობა თ. ტ-ზე. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარში თ. ტ-ი როგორც წარმომადგენელი დაფიქსირებული არ არის, სასამართლომ ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება მის სახელზეც გააგზავნა. გზავნილი ვერც თ. ტ-ს ჩაბარდა. კურიერის მიერ შედგენილი აქტიდან ირკვევა, რომ ადრესატი კურიერს აღნიშნულ მისამართზე არ დახვდა, რის შემდეგაც მისთვის დატოვებულ იქნა შეტყობინება, თუმცა ადრესატი (თ. ტ-ი) აღნიშნულ შეტყობინებას არ გამოეხმაურა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ამოწურა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მხარისათვის ჩაბარების შესაძლებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 73-ე მუხლის 11-ლი ნაწილის, 76-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის შესახებ არ უცნობებია. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინება ითვლება ჩაბარებულად.

სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტმა ი. ა-მა განჩინებით დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ა-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ არასაწორად მიუთითა, რომ მხარემ შეიცვალა თავისი მისამართი და ამის შესახებ სასამართლოს არ აცნობა. აპელანტი ოჯახთან ერთად ცხოვრობს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. გაურკვეველია, თუ რატომ ვერ შეძლო სასამართლომ გზავნილის მისთვის ჩაბარება. ხარვეზის შესახებ განჩინება მხარეს არ ჩაბარებია, რადგან სასამართლოს არც საჯარო შეტყობინება გაუკეთებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტ ი. ა-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენა.

აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს ორჯერ გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა საფოსტო კურიერის მიერ შედგენილი აქტების თანახმად, ადრესატის ბინა დაკეტილი იყო და მას სასამართლო გზავნილი ვერ ჩაბარდა. კურიერმა დატოვა შეტყობინება, რომელსაც ასევე არავინ გამოხმაურებია. სააპელაციო პალატამ ზემოხსენებული განჩინება გაუგზავნა ასევე აპელანტის წარმომადგენელ თ. ტ-საც, რომელსაც გზავნილი არ ჩაბარდა იმავე მიზეზით, რაც თავად მხარეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, ასევე 73-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ მხარისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. მითითებული ნორმა კი ითვალისწინებს, რომ, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

ამდენად, სასამართლოს მხრიდან მხარის მიერ მითითებულ მისამართზე სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის ორჯერ გაგზავნის შედეგად გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება მაშინაც, თუ იგი, სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზით, მხარეს არ ჩაბარდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ა-ს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა, თუმცა მას სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. აღნიშნული კი მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სასამართლოს გზავნილის მხარისათვის ჩასაბარებლად უნდა გაეკეთებინა საჯარო შეტყობინება, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გზავნილი მხარეს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.