Facebook Twitter

ას-1471-1484-2011 21 ნოემბერი 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ Gგ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. დ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. დ-ის მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ Dშემდეგი დასაბუთებით: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით თ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი 110 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით მას განესაზღვრა მისი შვილის 2006 წლის 28 ივლისს დაბადებული თ. გ-ის ნახვის უფლება დედის თანდასწრებით და სოციალური მუშაკის რეკომენდაციების გათვალისწინებით. თ. დ-ემ არ შეასრულა აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების მეორე პუნქტი და არ აძლევს ბავშვის ნახვის უფლებას. იგი არის სოციალურად დაუცველი. ამჟამად არ მუშაობს, აქვს ქრონიკული ჰეპატიტი და პირველი ხარისხის სიმსუქნე. არის უკიდურესად გაჭირვებული, ჰყავს პენსიონერი დედა, რომლის პენსიითაც გაჭირვებით გააქვთ თავი.

თ. დ-ემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: თავად არ მუშაობს, არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, ბავშვი საჭიროებს მკურნალობას, რაც მოითხოვს დამატებით ხარჯებს, შესაბამისად ალიმენტის შემცირების შემთხვევაში გაუძნელდება ბავშვის რჩენა. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგი დასაბუთებით: განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის 40 ლარით შემცირების ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს 480 ლარით (40*12=480). იმის გათვალისწინებით, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დატოვა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: თ. დ-ემ არ შეასრულა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და არ აძლევს ბავშვის ნახვის საშუალებას, რითაც მამის უფლებები ირღვევა. იგი უკრძალავს ბავშვთან ურთიერთობას და პოლიციით ემუქრება. ინტერნეტითაც კი დაუბლოკა ბავშვის სურათების ნახვა. ასევე უფლებას არ აძლევს დედამისს – ვერა გ-ს მოინახულოს თავისი ერთადერთი შვილიშვილი, რაც გრძელდება 2007 წლიდან. არის სოციალურად დაუცველი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არის უმუშევარი. მის საკუთრებაში არსებული ბინა ამჟამად დაყადაღებულია. აღნიშნულ ბინას შვილს უტოვებს, თუმცა ვინაიდან შესაძლებელია აუქციონის წესით ბინა გასხვისდეს, ბავშვი უბინაოდ დარჩება. მისი ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ დედის პენსია და სოციალურად დაუცველ ოჯახთათვის გამოყოფილი თანხაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება ალიმენტის საქმეებზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. გ-ს ალიმენტის სახით დაკისრებული აქვს 90 ლარის გადახდა თ. დ-ის სასარგებლოდ მათი შვილის 2006 წლის 28 ივლისს დაბადებული თეიმურაზ გ-ის სრულწლოვანებამდე. აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა 40 ლარით ალიმენტის შემცირებას. ამდენად, გ. გ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს 480 ლარს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ 1000 (ათას) ლარზე ნაკლებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლო სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი სწორად შეაფასა განსახილველ სააპელაციო საჩივარი, კანონის დაცვით დატოვა იგი განუხილველი და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.