ას-1478-1490-2011 24 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ რ. პ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. თ-ე, გ. რ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. პ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. თ-ისა და გ. რ-ის მიმართ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად გაასაჩივრა და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რ პ-მა სააპელაციო საჩივარში ნასყიდობის საგნის ღირებულება განსაზღვრა 1000 ლარით, რაც არ აკმაყოფილებს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. პ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ არასწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება. მართალია, სააპელაციო საჩივარში მხარემ დავის საგანი 1000 ლარად შეაფასა, თუმცა სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლით და გაეთვალისწინებინა, რომ რეალურად სადავო უძრავი ნივთის ღირებულება 1000 ლარზე ბევრად მეტია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება და განუხილველად დარჩება. აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიული ხასიათისაა და სასამართლოს შეფასებაზე დამოკიდებული არ არის.
მოცემულ შემთხვევაში რ. პ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე. ნასყიდობის საგნის ღირებულება რ. პ-მა როგორც თავდაპირველად სარჩელში, ისე სააპელაციო საჩივარში განსაზღვრა 1000 ლარით. იგივე ოდენობაა დაფიქსირებული ნასყიდობის ხელშეკრულებაშიც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, უნდა გამოეკვლია დავის საგნის რეალური ღირებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას _ 1000 ლარს არ აღემატება, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.