Facebook Twitter

ას-1489-1498-2011 7 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. ყ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. ყ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხ. ყ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ყ-ის მიმართ 2010 წლის 6 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინების სამოქალაქო კოდექსის 1126-ე და 1127-ე მუხლების საფუძველზე გაუქმების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სასამართლოს მიერ მხარეთა შესარიგებლად ზომების მიღების თაობაზე.

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ხ. ყ-ის სარჩელი ზ. ყ-ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის შესახებ სრულად დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ყ-მა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა აპალატის 2011 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ზ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადგენილად მიიჩნია შემდეგი: ზ. ყ-ს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2011 წლის 20 ივლისს. პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გადაცემის მომდევნო დღიდან, 2011 წლის 21 ივლისიდან და ამოიწურა 2011 წლის 3 აგვისტოს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ოთხშაბათი, შესაბამისად, მოპასუხეს სააპელაციო საჩივარი 2011 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით უნდა შემოეტანა. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ აპელანტმა ფოსტის მეშვეობით სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 აგვისტოს, ანუ 5 (ხუთი) დღის დაგვიანებით მიმართა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან ზ. ყ-ის მიერ სააპელაციო საჩივარი სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე შეტანილია კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ყ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2011 წლის 20 ივლისს, არასწორია, რადგანაც მისამართზე, სადაც გაიგზავნა სასამართლო შეტყობინება, ამჟამად ცხოვრობს მისი მეუღლე, ზ.ყ-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მას ჩაბარდა პირადად, თუმცა გზავნილზე ჩაბარების თარიღი არ დაუფიქსირებია, შესაბამისად, სასამართლოს მითითება საპროცესო ვადის დარღვევაზე არასწორია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ყ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემული საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხეს გაეგზავნა მისამართზე: ქ.თბილისი, ჯ-ას ქ. ¹8 და საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შეტყობინების ბარათის თანახმად, მას პირადად ჩაბარდა 2011 წლის 20 ივლისს (იხ. ს.ფ.68), მხარემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2011 წლის 8 აგვისტოს (იხ. ს.ფ.82).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოდავე მხარე, რომელიც არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი მისი კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4331 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 2591 მუხლი ამოქმედებულია მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიმართ, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად უნდა ჩაითვალოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე ზუსტად და უტყუარად არკვევს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რადგანაც კანონის მითითებული დანაწესის სწორად განმარტება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს ერთმევა უფლება, სასამართლო წესით დაიცვას თავისი ინტერესი. აღნიშნული კი უზრუნველყოფილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით და მის ერთ-ერთ ძირითად, ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს (სსსკ-ის მე-2 მუხლი), ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის დანაწესი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გაგრძელება-აღდგენის დაუშვებლობის თაობაზე გამომდინარეობს მეორე მხარის ინტერესიდან, რათა მართლმსაჯულების განხორციელებისას დაუსაბუთებლად არ დაირღვეს მისი დაცვადი ინტერესები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. დასახელებული ნორმით დადგენილია სასამართლო შეტყობინების ჩაბარებულად მიჩნევის ზოგადი წესი და კანონმდებელი განმარტავს, რომ ნორმის სუბიექტთაგან ერთ-ერთისათვის შეტყობინების ჩაბარება ნამდვილია და ითვლება უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებად, რაც საპროცესო მოქმედების განხორციელების წინაპირობაა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ ზ.ყ-მა შეიცვალა მისამართი, მართალია, შეტყობინება ჩაბარდა პირადად თუმცა მას ჩაბარების თარიღი არ დაუფიქსირებია, რაც სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ვადის არასწორად ათვლის წინაპირობა გახდა. საკასაციო პალატა, საქმის მასალებზე დაყრდნობით, დაუსაბუთებლად მიიჩნევს ზემოაღნიშნულს, ვინაიდან საქმეში არსებული შეტყობინების ბარათი შეიცავს აღნიშვნას გზავნილის ჩაბარების თაობაზე, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული ნორმით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის განაწილების წესი და კანონმდებელი მხარეს სათანადო მტკიცებულების წარდგენით ავალდებულებს მოთხოვნის დადასტურებას. განსახილველ შემთხვევაში, მხარე მიუთითებს მხოლოდ მის მიერ შეტყობინების ჩაბარების თარიღის დაუფიქსირებლობაზე და იმაზეც, რომ სასამართლომ არასწორად გამოთვალა საპროცესო ვადა, თუმცა მას არც ერთი ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორი გზავნილის პირადად ჩაბარების ფაქტს ადასტურებს, ამასთანავე აღნიშნავს, რომ მას, განქორწინების გამო, არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღარ ცხოვრობს მისამართზე, სადაც კორესპოდენცია გაეგზავნა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარე ადასტურებს სადავო ფაქტს _ გზავნილის პირადად ჩაბარებას, აღნიშნული ამ გარემოების დადგენილად მიჩნევის უტყუარი საფუძველია, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლისა. საწინააღმდეგო შემთხვევაშიც კი, ის ფაქტი, რომ მხარე აღარ ცხოვრობს მისამართზე, სადაც გაეგზავნა შეტყობინება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვეღარ გახდება, რადგანაც, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ ზ.ყ-ის მისამართად მიუთითა ქ.თბილისი, ჯ-ას ქ¹8. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მოპასუხემ შესაგებლით სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნული მისამართი აცნობა. საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომლითაც მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოს აცნობებდა მისამართის შეცვლის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2011 წლის 20 ივლისს და სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა, თანახმად სამოქალაქო სპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა, დაიწყო 2011 წლის 21 ივლისს _ მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს და ამოიწურა 2011 წლის 3 აგვისტოს, ხუთშაბათს. მხარემ კი სააპელაციო საჩივრით ფოსტის განყოფილებას მიმართა ამავე წლის 8 აგვისტოს, კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ მხარემ დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, საკასაციო პალატა სავსებით დასაბუთებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ზ.ყ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალტა მიიჩნევს, რომ ზ. ყ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.