Facebook Twitter

ას-1490-1499-2011 21 ნოემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ქ-მა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს ზ. ფ-ის მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ფ-მა.

2011 წლის 31 მაისის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა, რადგან მხარეებს შორის შედგა მორიგება. მხარეებმა აღნიშნული განჩინების გასაჩივრებაზე უარი თქვეს, რაც დაადასტურეს ხელწერილით.

2011 წლის 31 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ფ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ფ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, 2011 წლის 31 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეთა შორის შედგა მორიგება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს. ამასთან, მხარეებმა უარი თქვეს აღნიშნული განჩინების გასაჩივრებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), კანონიერ ძალაში შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომის ოქმითა და საქმეზე დართული ხელწერილით დასტურდება, რომ მხარეებმა 2011 წლის 31 მაისის განჩინების გასაჩივრებაზე თქვეს უარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ფ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ფ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.