Facebook Twitter

ას-1493-1502-2011 7 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. ვ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ბანკი» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის გამოსწორებისათვის დამატებითი საპროცესო ვადის განსაზღვრა

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს «... ბანკმა» სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ვ-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის 41480.50 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელში მითითებული გარემოებები დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისათვის საჭირო თანხა არ გააჩნია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ. ვ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 41480.50 ლარის გადახდა, ასევე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ვ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ზ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით ზ. ვ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, რომლის შესავსებად აპელანტს დაევალა 1509 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში ზ. ვ-მა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 2011 წლის 30 ივლისამდე. 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით ზ. ვ-ის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა დამატებით 10 დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა 19 ივლისს, იმ ვარაუდით, რომ ჩაბარდებოდა 2-3 დღეში და 30 ივლისამდე ექნებოდა ვადა ხარვეზის შესავსებად. 2011 წლის 15 ივლისის განჩინება ჩაბარდა აპელანტის დედას _ ნ. ჭ-ეს 2011 წლის 26 აგვისტოს და სასამართლომ გზავნილი ზ. ვ-ისათვის ჩაბარებულად ჩათვალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. 2011 წლის 19 სექტემბრისათვის მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით და განმარტა, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის დენის დასაწყისი 2011 წლის 26 აგვისტოა და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი უნდა ყოფილიყო გამოსწორებული ამ დროიდან 10 დღის ვადაში – 2011 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუვსებლობა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და მისი განუხილველად დატოვების წინაპირობად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ვ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის საპროცესო ვადის განსაზღვრა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა ქონებრივი მდგომაროების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და ზ. ვ-ს გაუგრძელდა ვადა დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის, თუმცა, რთული მატერიალური მდგომარეობის გამო, მან კვლავ ვერ უზრუნველყო ბაჟის გადახდა, რადგანაც სახელმიფო ბაჟის თანხა დაიხარჯა შვილის ავადმყოფობაში, ამასთან, მხარეს ობიექტურად არ მიეცა შესაძლებლობა სასამართლოსათვის კვლავ მიემართა შუამდგომლობით და მოეთხოვა საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება, ვინაიდან ავტოავარიის შედეგად უჭირდა გადაადგილება.

კერძო საჩივრის ავტორმა მოგვიანებით კვლავ მომართა სასამართლოს და დამატებით მოითხოვა მისი ფინანსური მდგომარების გათვალისწინებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული საურავის _ 3986.10 ლარის დაკისრების მართლზომიერების შემოწმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ვ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული საურავის მართლზომიერების შემოწმების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმით დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავში მოცემული წესით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის საგამონაკლისო შემთხვევები და კანონმდებელი კერძო საჩივრის დაშვებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ განჩინების მიმართ, რომლის გასაჩივრების წესად საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას.

განსახილველ შემთხვევაში ზ. ვ-ის დაზუსტებული კერძო საჩივრის მოთხოვნა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული საურავის კანონიერების შემოწმებაა. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიმართ კერძო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს, რაც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ზ. ვ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება შემდეგი:

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით ზ. ვ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის _ 1509 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა.

სადავოა ის გარემოებაც, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ზ. ვ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება 2011 წლის 30 ივლისამდე და სააპელაციო პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით მხარეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით.

საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათის თანახმად, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაბარდა აპელანტის დედას _ ნ. ჭ-ეს 2011 წლის 26 აგვისტოს. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ მხარეს დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია სასამართლო შეტყობინების მხარისათვის გაგზავნისა და მისი ჩაბარებულად მიჩნევის ზოგადი წესი. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო შეტყობინება უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ჩაბარდა ამავე კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს.

სამოქალაქო საპროვცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო არაა სასამართლო შეტყობინების მხარის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის ჩაბარების ფაქტი და ისიც, რომ აღნიშნული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა, პალატა თვლის, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 10-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 27 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 5 სექტემბერს (სამუშაო დღეს), მხარეს ამ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზ. ვ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობაა.

რაც შეეხება მოცემული კერძო საჩივრის არგუმენტებს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისას, ასევე ის, რომ მხარეს თანხა მკურნალობისათვის დასჭირდა და ავარიის შედეგად არ შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულს შემდეგი საფუძვლებით:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარემ სასამართლოს მიმართა არა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების, არამედ საპროცესო ვადის 2011 წლის 30 ივლისამდე გაგრძელების თხოვნით (იხ. ს.ფ.74), რაც, პრაქტიკულად, დაკმაყოფილდა თბილსიის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო შუამდგომლობის მართებულობის საკითხს აფასებს მხარის მოთხოვნის ფარგლებში. ის ფაქტი, რომ აპელანტს მისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია, ასევე ის, რომ მან მხოლოდ გარკვეულ ვადამდე მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება, სასამართლოს არ აძლევს შესაძლებლობას დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით გამოიკვლიოს მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად გადაუვადოს მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულია მტკიცების სტანდარტი და დადგენილია მხარეთა შორის მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცების განაწილების წესი. კანონის დასახელებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში განუხორციელებლობისას რა ჩაითვლება საპატიო მიზეზად, კერძოდ, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მის ქონებრივ მდგომარეობასა და იმას, რომ მას ავარიის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანების გამო არ ჰქონდა შესაძლებლობა დროულად მიემართა სასამართლოსათვის, თუმცა მხარეს არც კერძო საჩივარზე და არც მოგვიანებით ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაც მისი მტკიცების ტვირთი იყო. აღნიშნული გარემოება კი მხარის მითითებული ზემოაღნიშნული არგუმენტების გაზიარების უარის თქმის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს ზ. ვ-ის კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.

სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად და მას სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის წინასწარ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 150 ლარი, საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტს სრულად უნდა დაუბრუნდეს 2011 წლის 13 მაისის ¹1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ვ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული საურავის კანონიერების შემოწმების მოთხოვნის ნაწილში, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად. დანარჩენ ნაწილში ზ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. ზ. ვ-ს (პ/¹...) დაუბრუნდეს 2011 წლის 13 მაისის ¹1 საგადახდო დავალებით მის მიერ შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თბილისი) ¹206160606, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი _ ..., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.