ას-1496-1505-2011 7 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «ს-ო» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ჯ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ს-ოს» მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების, კერძოდ, მოპასუხისათვის 6000 ევროს დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «ს-ოს» მოსარჩელის სასარგებლოდ, ნაცვლად 6000 ევროსი, დაეკისრა 6000 აშშ დოლარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით შპს «ს-ოს» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ივლისის განჩინებით შპს «ს-ოს» სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 240 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა. აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აგვისტოს განჩინებით შპს «ს-ოს» გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით და დაევალა დადგენილი ხარვეზის გამოსწორება. მითითებული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, 2011 წლის 30 აგვისტოს ჩაბარდა შპს «ს-ოს» იურისტ ა. ზ-ს. აპელანტმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით და, ვინაიდან აპელანტს განჩინება 2011 წლის 30 აგვისტოს ჩაბარდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ხარვეზის შევსების ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 31 აგვისტოდან და ამოიწურა 2011 წლის 5 სექტემბერს. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «ს-ომ», მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი დასაბუთებით:
აპელანტმა სასამართლოს მიმართა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით. სასამართლომ ნაცვლად აპელანტის მოთხოვნის მართებულობაზე მსჯელობისა, მისი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად, რითაც დაირღვა მხარის უფლება საქმის სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ს-ოს» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემული საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს-ომ». თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს ამ ხარვეზის გამოსწორებისათვის საპროცესო ვადა განესაზღვრა 10 დღით (იხ. ტ.II, ს.ფ.3-5), აპელატის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ მხარეს ხარვეზის გამოსწორების ვადა 2011 წლის 26 აგვისტოს განჩინებით გაუგრძელება 5 დღით (იხ. ტ.II, ს.ფ.9-10). საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სააპელაციო პალატის განჩინება შპს «ს-ოს» გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 30 აგვისტოს ჩაბარდა შპს «ს-ოს» იურისტ ა. ზ-ს (იხ. ტ.II, ს.ფ. 12). საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შპს «ს-ოს» დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ორგანიზაციისათვის გაგზავნილი სასამართლო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარებულად მიჩნევის წესი და დადგენილია, რომ ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით იგი სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას უნდა გადაეცეს ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის გზავნილის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებას, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მითითებას, რომ საპროცესო ვადის დენა დაიწყო მხარისათვის განჩინების ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან _ 2011 წლის 31 აგვისტოდან (სსსკ 60.2) და, ვინაიდან, ვადის უკანასკნელი, მე-5 დღე დასვენების დღეს ემთხვეოდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, ორშაბათს _ 5 სექტემბერს. საქმის მასალებით დასტურდება და ამ ფაქტს არც შპს «ს-ო» შედავებია, რომ მას დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცეესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის გარემოებები, სწორად გამოიყენა კანონის ნორმა, რომლის საფუძველზეც არ არსებობდა შპს «ს-ოს» სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შპს «ს-ოს» მითითებას, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა, მისი სააპელაციო საჩივარი განეხილა სამართლიან სასამართლოს, რადგანაც, უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ აპელანტს არ მიუთითებია, თუ რაში გამოიხატა მის მიმართ მართლმსაჯულების არასამართლიანი სასამართლოს მიერ განხორციელება და რომელი უფლება დაირღვა სასამართლოს მიერ, ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებიდან _ შეჯიბრებითობა და დისპოზიციურობა, რა დროსაც სასამართლო საქმეს იხილავს მხარის მიერ ამ პრინციპების ფარგლებში თავისუფლად გამოვლენილი ნების საფუძველზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს უფლება აქვს, დავა გადაწყვიტოს საკუთარი შეხედულებით (დაასრულოს მორიგებით, გამოიხმოს სარჩელი, უარი თქვას მოთხოვნაზე ან ცნოს მის წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნების კანონიერება), სასამართლოს ყოველთვის ექმნება პრეზუმფცია, რომ მხარე, რომელიც დადგენილი წესით ინფორმირებულია საპროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე და არ ასრულებს მას არასაპატიო მიზეზით, აღიარებს მისი პოზიციის უმართებულობას ან საერთოდ დაკარგული აქვს ინტერესი დავის მიმართ, ამავდროულად, იმისათვის, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის კანონით აღიარებული ინტერესები, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის დანაწესი პრეზუმფციასთან ერთად, წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც დადგენილ ვადაში არ ასრულებს დაკისრებულ მოქმედებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულია საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი საბუთების განუხილველად დატოვების შესაძლებლობა.
ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს შპს «ს-ოს» კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ს-ოს» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.