Facebook Twitter

ას-1498-1507-2011 24 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ ნ. და ნდ. კ-ეები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მეუღლეთა თანასაკუთრებიდან წილის მიკუთვნება, სარჩოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და ნდ. კ-ეების მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მეუღლეთა თანასაკუთრებიდან წილის მიკუთვნებისა და სარჩოს დაკისრების შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. კ-ი ცნობილ იქნა ნდ. კ-ის საკუთრებაში რიცხული ქ.თბილისში, ვარკეთილის დასახლების III მასივის VI კვარტლის ¹1 კორპუსში მდებარე ¹1 ბინის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნ. კ-ესა და ნდ. კ-ეს შორის 2010 წლის 9 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მ. კ-ი ცნობილ იქნა ამავე ბინის ქვემოთ მდებარე სარდაფის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ¹..., ფართით 12.44 კვ.მ) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ, ხოლო ნ. კ-ის მიმართ სარჩოს დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე მ. კ-ს ეთქვა უარი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნდ. და ნ. კვაჟაძეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებებით სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნ. კ-ის შვილსა და ნდ. კ-ის შვილიშვილ გ. კ-ს ჩაბარდა 2011 წლის 14 ივლისს. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე მუხლებით და ჩათვალა, რომ ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის გზავნილის ჩაბარება თავად მხარისათვის მისი ჩაბარების ტოლფასია.

მართალია, საქმის მასალებში მოიპოვება აპელანტთათვის ამავე გადაწყვეტილების ასლის უფრო მოგვიანებით ჩაბარების დოკუმენტი, თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სასამართლო გზავნილის პირველი ჩაბარებიდან _ 2011 წლის 14 ივლისიდან.

პალატამ დაადგინა, რომ აპელანტებს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოეწურათ 2011 წლის 28 ივლისს, მათ კი აღნიშნული განახორციელეს ვადის დარღვევით _ ამავე წლის 29 ივლისს, რის გამოც მათი სააპელაციო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო პალატის განჩინებებზე ნ. და ნდ. კ-ეებმა შეიტანეს კერძო საჩივრები და მოითხოვეს მათი გაუქმება შემდგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 2011 წლის 14 ივლისიდან, რადგან მითითებულ დროს მხარეებს ჩაბარდათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ასლი. აღნიშნული დასტურდება სასამართლო გზავნილით, სადაც მითითებულია, რომ გზავნილის დანართია 1 გვერდი. ფაქტობრივად, გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტებმა ჩაიბარეს 2011 წლის 22 ივლისს და 29 ივლისს სააპელაციო საჩივრები შეიტანეს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და ნდ. კ-ეების კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრების ავტორთა მოსაზრებას, რომ ნ. და ნდ. კ-ეებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდათ 2011 წლის 22 ივლისს. მართალია, საქმის მასალებში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ მოპასუხეებმა სასამართლო გადაწყვეტილება 2011 წლის 14 ივლისს მიიღეს, თუმცა სავსებით დასაბუთებულია მათი მითითება, რომ ამ დროს მხარეებს ჩაბარდათ გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა 2011 წლის 13 ივლისის სასამართლო გზავნილი, რომელშიც დანართის რაოდენობად დაფიქსირებულია 1 გვერდი. ბუნებრივია, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის შემთხვევაში დანართი ფურცლების რაოდენობა იქნებოდა ერთზე მეტი. ამითვე აიხსნება ის ფაქტი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო გადაწყვეტილების ასლი მოპასუხეებს ორჯერ გაუგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ გზავნილი მხარეებს პირველივე ჯერზე ჩაბარდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის ხელახლა შემოწმებისას სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო თუ არა 2011 წლის 23 ივლისიდან და 2011 წლის 29 ივლისს აპელანტებმა იგი ვადაში შეიტანეს თუ არა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. და ნდ. კ-ეების კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებები და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრების დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.