Facebook Twitter

ას-1506-1514-2011 7 ნოემბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ზ. ტ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ტ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 16 სექტემბრიდან 2009 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდისათვის ყოველთვიური 550 ლარის გადახდა; სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის 50000 ლარის ანაზღაურების თაობაზე (ტომი II, ს.ფ. 198-208).

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტმა იმ ნაწილში, რომლითაც მას დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ 2008 წლის 16 სექტემბრიდან 2009 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდისათვის ყოველთვიური 550 ლარის გადახდა. აპელანტმა მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტომი II, ს.ფ. 216-224).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აგვისტოს განჩინებით სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში (ტომი III, ს.ფ. 3-5, 46-48).

2011 წლის 15 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ზ. ტ-ემ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი III, ს.ფ. 74-78).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ზ. ტ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაასაბუთა შემდეგი გარემოებებით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შეგებებულ აპელანტს შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში: ა. სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 2100 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა; ბ. შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით. ამავე განჩინებით შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად;

შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ზემოაღნიშნული განჩინება 2011 წლის 19 სექტემბერს ჩაბარდა ზ. ტ-ის მეუღლეს, მ. ტ-ეს;

შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე დაწესებული ხარვეზის შევსების მიზნით, 2011 წლის 26 სექტემბერს მისმა ავტორმა განცხადებით (ახსნა-განმარტება-შუამდგომლობით) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ მას არ შეუვსია 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, ვინაიდან კანონი არ ითვალისწინებს შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდას და მითუმეტეს მისი სპეციალური ფორმით წარდგენას.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარს წაეყენება იგივე მოთხოვნები, რაც ძირითად სააპელაციო საჩივარს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს, შეესაბამება თუ არა წარდგენილი სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ტ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო (ტომი III, ს.ფ. 93-96).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ტ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა განპირობებული იყო ობიექტური ფაქტორებით. კერძოდ, იგი სააპელაციო საჩივარს ვერ წარადგენდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით, რამდენადაც უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების ვებ-გვერდებზე ასეთი ფორმა არაა განთავსებული. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღნიშნული არ შეუმუშავებია და შესაბამისად არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რომელიმე ნორმა ითვალისწინებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის სპეციალური ფორმით წარდგენას. რაც შეეხება ხარვეზის მეორე ნაწილს, რომელიც შეეხება 2100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდას, შეგებებულ აპელანტს მითითებული ხარვეზი არ შეუვსია, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, აღნიშნული ნორმა და «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს იმ სარჩელების, საჩივრებისა თუ განცხადებების ნუსხას, რომელთა განხილვისთვისაც დაწესებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდა. არც ერთ მათგანში, არც ერთი ნორმით გათვალისწინებული არაა სახელმწიფო ბაჟის გადახდა შეგებებული სააპელაციო საჩივრისათვის.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლი, მაგრამ არასწორად განმარტა და ყურადღება არ მიაქცია მის შინაარსს. კანონის ეს ნორმა არ მოითხოვს შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული ფორმით, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ასეთი ფორმა არ შეუმუშავებია და ცხადია არც ვებ გვერდზე განუთავსებია, განსხვავებით სააპელაციო საჩივრისაგან.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, საჭიროების შემთხვევაში, იგი აუცილებლად გადაიხდის სასამართლოს მიერ დადგენილ თანხას (ტომი III, ს.ფ. 100-101).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორს _ ზ. ტ-ეს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 2100 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით შედგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივარი. ამავე განჩინებით სასამართლომ აპელანტს განუმარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ტომი 3, ს.ფ. 85-87); დანიშნულ ვადაში შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება და განმარტა, რომ მას არ შეუვსია 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, ვინაიდან კანონი არ ითვალისწინებს შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე არც სახელმწიფო ბაჟის გადახდას და არც მისი სპეციალური ფორმით წარდგენას (ტომი 3, ს.ფ. 91).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს, მისთვის სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში, წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. ამავდროულად, კანონი ადგენს, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს შეაქვს გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც აპელანტის სასარგებლოდაა გამოტანილი. ამასთან, შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან და მისი შეტანა განპირობებულია ძირითადი სააპელაციო საჩივრის არსებობით. შესაბამისად, შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები ძირითადი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების იდენტურია და მისი დასაშვებობაც სწორედ იმ კრეტერიუმების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, რომლებსაც კანონმდებელი ადგენს სააპელაციო საჩივართან მიმართებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის (შეგებებული სააპელაციო საჩივრის) ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი შეგებებული სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.