Facebook Twitter

ას-1515-1522-2011 24 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. და დ. გ-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ბ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ის, დ. გ-ისა და მ. ი-ის მიმართ და მოითხოვა ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე 24 000 აშშ დოლარისა და 2011 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულების შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად გადაუხდელი ძირითადი თანხის 5%-ის დაკისრება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 20 000 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გ. და დ. გ-ეებმა, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კი, ზ. ბ-ემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გ. და დ. გ-ეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით გ. და დ. გ-ეების სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. ამავე სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის განჩინებით კი, აპელანტებს ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით გაუგრძელდათ.

აღნიშნული განჩინების ასლი 2011 წლის 27 ივლისს ჩაბარდა აპელანტების დედას თ. გ-ეს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით. აღნიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის გამოსწორების ვადა აპელანტებს 2011 წლის 3 აგვისტოს უშედეგოდ ამოეწურათ.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. და დ. გ-ეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ლახავს მხარის კანონით მინიჭებულ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას.

სასამართლომ არასწორად არ გადაუვადა მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო და, არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, არ განუმარტა მას, თუ რა სახის მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა საკუთარი ფინანსური სიდუხჭირე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბაკურ ნიკურაძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ გ. და დ. გ-ეების სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. აღნიშნულისათვის მხარეს მიეცა ჯერ 10, შემდეგ კი მხარის მოთხოვნით დამატებით 7 დღე.

აღნიშნულის შესახებ სასამართლო განჩინების ასლი 2011 წლის 27 ივლისს ჩაბარდა აპელანტების დედას _ თ. გ-ეს, რაც გზავნილის თავად მხარეთათვის ჩაბარების ტოლფასია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 28 ივლისიდან და ამოიწურა 3 აგვისტოს. მითითებულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდისაგან, ასევე სააპელაციო პალატას განემარტა, რა სახის მტკიცებულების წარდგენა იყო საჭირო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტებს სასამართლოსათვის თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენიათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ დ. და გ. გ-ეებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, რაც მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. და დ. გ-ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.