Facebook Twitter

ას-1518-1525-2011 17 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2011 წლის 11 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად, რაზეც ა. ღ-მა შეიტანა განცხადება და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა.ღ-ის შუამდგომლობა საქმის განხილვიდან მოსამართლე გ. გ-ის ჩამოცილების შესახებ, ხოლო განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2011 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე ა. ღ-მა შეიტანა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მეორე ნაწილზე და მოითხოვა აღნიშნული განჩინების იმ ნაწილის გაუქმებაც, რომლითაც მას ეთქვა უარი საქმის განხილვისაგან მოსამართლე გ. გ-ის აცილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინება მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევით, ერთპიროვნულად იმ მოსამართლის მიერ, რომლის აცილებასაც მხარე მოითხოვდა. ამასთან, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ამავე კოდექსის 30-36-ე მუხლზე მითითებული არ არის.

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილი და 25-ე მუხლის მესამე ნაწილი, ვინაიდან განცხადების დასაშვებობის საკითხი შეამოწმა მომხსენებლმა მოსამართლემ ერთპიროვნულად, ნაცვლად სამი მოსამართლისა.

სასამართლოს არ უმსჯელია ა. ღ-ის განცხადების საფუძვლიანობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დააკმაყოფილებდა განცხადებას და განაახლებდა საქმის წარმოებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო აღნიშნულ საქმეზე ა.ღ-ის მიერ სასამართლოში სამომავლოდ შემოტანილი ყველა განცხადება თუ საჩივარი უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და ამ მიზნით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციაში.

მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. მოცემულ შემთხვევაში კი მხარის დაუსრულებელი განცხადებებით თუ საჩივრებით ამ შედეგის მიღწევა სცილდება სასამართლოს შესაძლებლობებს. შესაბამისად, ილახება მეორე მხარის ინტერესები.

ზემოაღნიშნულის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც კი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.

სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის» მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.

მოცემულ შემთხვევაში ა. ღ-მა სრულად ისარგებლა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯერ კიდევ 2005 წლის 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი ი. კ-ის მიმართ მხარის ინტერესების არასწორად განხორციელებული დაცვის გამო ჰონორარის დაბრუნების შესახებ. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელე განუწყვეტლივ მიმართავდა სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

2005 წლიდან დღემდე ა.ღ-მა არა ერთი განცხადება შეიტანა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ან ბათილობის მოტივით მოცემული საქმის წარმოების განახლების შესახებ. სასამართლოს მიერ სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით მისი განცხადებების განუხილველად დატოვების შემდეგ მხარემ შეიტანა არა ერთი კერძო საჩივარი, რომელთა დაუკმაყოფილებლობის თაობაზე სასამართლო განჩინებებს ა.ღ-ი კვლავ ასაჩივრებდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებების შეტანის გზით.

განსახილველი კერძო საჩივარიც ეხება სწორედ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინებას, რომლითაც განუხილველად დარჩა მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სააპელაციო პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

ა. ღ-ის ასეთი სახის მოქმედებები ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების ამოცანას, არამედ იგი მიმართულია მისი მოწინააღმდეგე მხარისა და სასამართლო ორგანოების მიმართ აგრესიული დამოკიდებულების წარმოსაჩენად. ამასთან, სასამართლოსათვის მიმართული მისი განცხადებები და საჩივრები შინაარსობრივად ერთგვაროვანია და თითოეული მათგანი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ დავის გაგრძელებისა და საქმის სასამართლოს წარმოებაში ყოფნის გახანგრძლივების მცდელობას. აღნიშნული კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სცილდება მართლმსაჯულების და მით უმეტეს, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებს.

რაც შეეხება განსახილველ კერძო საჩივარს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი დაკმაყოფილების არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამავე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი განცხადება დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 2011 წლის 22 სექტემბერს ა. ღ-ს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის ქვითარი სააპელაციო პალატისათვის არ წარუდგენია, ამდენად, მისი განცხადება მართებულად დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებობაზე უნდა ესმჯელა არა მომხსენებელ მოსამართლეს ერთპიროვნულად, არამედ პალატას სამი მოსამართლის შემადგენლობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება იმ ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი საპროცესო დანაწესების საფუძველზე, რომელშიც განცხადებაა შეტანილი, კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა.

განსახილველი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე შეტანილ იქნა სააპელაციო სასამართლოში, სადაც საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილი). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში შეტანილი განცხადების დასაშვებობა მოწმდება მხოლოდ მომხსენებელი მოსამართლის მიერ.

ასევე დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმებასთან დაკავშირებით, რომლითაც ა. ღ-ს უარი ეთქვა მოსამართლე გ. გ-ის აცილებაზე. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა მოსამართლის მხრიდან მოცემული საქმის განხილვისას მიკერძოების ფაქტი, შესაბამისად, მოსამართლე გ. გ-ის მიერ აღნიშნულ საქმეში მონაწილეობით კანონის მოთხოვნათა დარღვევა მხარემ ვერ დაადასტურა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ღ-ი ბოროტად იყენებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რადგან მისი განცხადებები და საჩივრები, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მიზნად არ ისახავს მხარის კანონიერი უფლების დაცვას და ლახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ა. ღ-ი აწარმოებს არა ერთ დავას სასამართლოში, სადაც ანალოგიურად მიმართავს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე და უარის შემთხვევაში შეაქვს კერძო საჩივრები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილი და მართებულია ა. ღ-ის მიმართ განსახილველ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით მინიჭებული უფლების შეზღუდვა. აღნიშნული კი იმაში გამოიხატება, რომ ა. ღ-ის მიერ სასამართლოში მოცემულ დავაზე შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) დარჩება რეაგირების გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 430-ე, მე-2 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

ა. ღ-ის მიერ სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) სამოქალაქო საქმეზე _ ა. ღ-ის სარჩელის გამო ი. კ-ის მიმართ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო თანხის დაბრუნების შესახებ დარჩეს რეაგირების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.