ას-1519-1526-2011 17 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ხ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. თ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. თ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ხ-ის მიმართ და მოითხოვა 2008 წლის 4 ივლისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის 300 000 ლარისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი 12 000 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს თ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 300 000 ლარისა და მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული საფასურის – 12 000 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ხ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე პალატის 2011 წლის 27 ივნისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სასამართლოსათვის წარდგენა.
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისისა და 2011 წლის 2 სექტემბრის განჩინებებით აპელანტს 15 და შემდეგ – კვლავ 15 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.
სააპელაციო პალატის 2011 წლის 2 სექტემბრის განჩინების ასლი, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ 2011 წლის 6 სექტემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა აპელანტ ი. ხ-ის დას _ ლ. ხ-ს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 7 სექტემბრიდან და დასრულდა 2011 წლის 21 სექტემბერს, თუმცა აპელანტს აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის მიხედვით, პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ხ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
ი. ხ-ი იყო უმუშევარი და განიცდიდა ქონებრივ სიდუხჭირეს, რის გამოც ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად გადავადების თაობაზე და უსახსრობის მოტივით მხარე სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევას მოკლებული არ უნდა ყოფილიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტ ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 10 დღის ვადა. აღნიშნული ვადა აპელანტის თხოვნით ჯერ - 15, ხოლო შემდეგ დამატებით 15 დღით გაგრძელდა.
საბოლოოდ ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტის დას _ ლ. ხ-ს ჩაბარდა 2011 წლის 6 სექტემბერს, რაც გზავნილის თავად მხარისათვისაც ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლების პირველი ნაწილები). მითითებულ დროს გზავნილის მიღების ფაქტი მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 15-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 7 სექტემბრიდან და ამოიწურა 2011 წლის 21 სექტემბერს. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტებს სასამართლოსათვის თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის უდავოდ დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენიათ.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მხარის საპროცესო მოვალეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობის თაობაზე დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, შესაბამისად, მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება სასამართლო წესით მხარის კანონიერი ინტერესების დაცვის უფლების შეზღუდვად ვერ ჩაითვლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.