Facebook Twitter

ას-1525-1531-2011 7 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ს-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, გ. ს-ისა და მესამე პირის _ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ.

მოპასუხე გ. ს-მა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ რუსლან ბერიძის 2011 წლის 20 მაისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთი: მაცივარი ,,თOშHIBA» 1 ცალი, ორკარიანი, ვერცხლისფერი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენს მოძრავი ნივთის _ მაცივარ ,,თOშHIBA-ს» ყადაღისაგან გათავისუფლება. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე და საქმეში წარმოდგენილი სალაროს ქვითრით დადგენილად ჩათვალა რომ მაცივარ ,,თOშHIBA-ს» ღირებულება 639 ლარია. ვინაიდან, აპელანტის მოთხოვნა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთის, მაცივარ ,,თOშHIBA-ს» ყადაღისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმაა, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 639 ლარია.

იმის გათვალისწინებით, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს, სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამავე კოდექსის 372-ე და, 374-ე და მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად მიუთითა დავის საგნის ღირებულებაზე, რადგანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გადაწყვეტილებას სადავოდ ხდიდა პროცესუალური საფუძვლით _ მიიჩნევდა, რომ იყო არასათანადო მოპასუხე თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «უ» ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ გადაწყვეტილებით, რომელზეც სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მაცივარი ,,თOშHIBA» ამოირიცხა ქონების დაყადაღების აქტიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მითითებული ნორმის საფუძველზე, ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშების წესი. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელის საგნის ღირებულება გამოიანგარიშება ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით. მითითებული ნორმის დანაწესი ზოგადია და მისი მოქმედება ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვასთან მიმართებით (სსსკ 372-ე, 399-ე მუხლები).

განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება და ამას არც მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ მოძრავი ნივთის ღირებულება, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ყადაღისაგან, 1000 ლარს არ აღემატებოდა.

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის იმ არგუმენტს, რომ მხარე გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის საფუძვლით, რის გამოც პალატას ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დაშვების წინაპირობებზე არ უნდა მიეთითებინა, უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც ერთი დანაწესი სააპელაციო საჩივრის ამ საფუძვლით დაშვების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, უფრო მეტიც, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ძირითადი მიზანი არის ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მატერიალური მოთხოვნის სისწორის გარკვევა და დადგენა იმისა, სწორად შეფასდა თუ არა სამართლებრივად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

იმ ფაქტზე, მხარე არის თუ არა სათანადო მოპასუხე, სასამართლომ იმსჯელა რა პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას, 2011 წლის 19 ივლისის საოქმო განჩინებით უარი უთხრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამასთანავე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებლობა ამ საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარის შეტანას არ ითვალისწინებს, ეს გარემოება გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის სისწორის გარკვევისას სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი ან თუნდაც ერთადერთი საფუძველი იქნებოდა, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

ამდენად, დავის ქონებრივად თუ არაქონებრივად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია არა ის, მხარე მოთხოვნას პროცესუალურ ნორმაზე თუ მატერიალურ ნორმაზე ამყარებს, არამედ თავად დავის ფაქტობრივი საფუძველი და ამ დავის გადაწყვეტით დამდგარი სამართლებრივი შედეგი, ამასთანავე, ქონებრივ და არაქონებრივ დავებთან მიმართებით კანონმდებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის შემოღებით დაარეგულირა მისი საგნის ღირებულების განსაზღვრის ზოგადი წესი, რომლის თანახმადაც, დავის კატეგორიის დადგენისას მნიშვნელოვანია მოთხოვნის მატერიალური ფარგლები და არა ის, მხარე გადაწყვეტილების სისწორეს სადავოდ თუ რა საფუძვლით მიიჩნევს.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი სწორედ ქონებრივ დავათა კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომლის დაშვებისა და საქმის არსებითი განხილვისათვის გადამწყვეტი საჩივრის საგნის ღირებულება იყო. რის გამოც კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, ამასთან, გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონი, რაც მისი გაუქმების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უტყუარი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.