ას-1533-1539-2011 04 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ. ე-ა
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. ე-ას და მ. ე-ას ჩამოერთვათ მშობლის უფლება-მოვალეობა მათი შვილების, 2000 წლის 21 აგვსიტოს დაბადებული მრ. ე-ას და 2001 წლის 21 აგვისტოს დაბადებული ა. ე-ას მიმართ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. ე-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დ. ე-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქი სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. ე-ამ, ხოლო 2011 წლის 24 ოქტომბერს მანვე საკასაციო საჩივრით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ დ. ე-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს, თუ რომელი სასამართლოს გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით. კერძოდ, მითითებული მუხლის მიხედვით საკასაციო გასაჩივრების ობიექტს წარმოადგენს და, შესაბამისად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები.
მოცემულ შემთხვევაში დ. ე-ა საკასაციო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაიშვება სააპელაციო და არა საკასაციო საჩივარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დ. ე-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს სააპელაციო წესით. აქედან გამომდინარე, დ. ე-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ე-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.