ას-1539-1545-2011 17 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს «ს-ოს» კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ მ. ბ-ის სარჩელის გამო, შპს «ს-ოს» მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს «ს-ოს» კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ხოლო, 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შპს «ს-ოს» კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მხარეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და 2011 წლის 2 ნოემბერს ჩაბარდა შპს «ს-ოს» ოფისმენეჯერს _ მაია ლაბარტყავას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 მუხლის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით ჩაბარდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2011 წლის 2 ნოემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 3 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 5 ნოემბერს, მაგრამ ვინაიდან, 5 ნოემბერი დაემთხვა უქმე დღეს, საპროცესო ვადა ამოწურულად უნდა მივიჩნიოთ 2011 წლის 7 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს «ს-ოს» დადგენილ ვადაში არ შეუვსია სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «ს-ოს» კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.