ას-1568-1567-2011 11 ნოემბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს «გ-ასა» და ნ. მ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ სს კომპანია «მ-ის» სარჩელის გამო, შპს «გ-ასა» და ნ. მ-ის მიმართ დავალიანების გადახდის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს «გ-ას» და ნ. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ხოლო, 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს «გ-ას» და ნ. მ-ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალთ 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი უთითებს, რომ საქმეში იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელ ლ. ჯ-ას ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი 2011 წლის 4 ნოემბერს ეცნობა საქმეში მითითებულ ნომერზე სატლეფონო შეტყობინებით (სატელეფონო შეტყობინების აქტი _ ტ.II, ს.ფ.18).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელზე (კერძო საჩივარზე) დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის (კერძო საჩივრის) ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორცილების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეეხებოდა მის ფორმალურ და არა შინაარსობრივ მხარეს (არ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი) პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით ჩაბარდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2011 წლის 4 ნოემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 5 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 7 ნოემბერს. შპს «გ-ას» და ნ. მ-ის წარმომადგენელმა ლ. ჯ-ამ სასამართლოს განცხადებით მომართა 2011 წლის 10 ნოემბერს, საპროცესო ვადის დარღვევით და წარმოადგინა 2011 წლის 7 ნოემბრის ¹1 საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის დასადასტურებელად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «გ-ას» და ნ. მ-ეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსიათ ხარვეზი, რაც მათი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
შპს «გ-ას» და ნ. მ-ეს უნდა დაუბრუნდეთ ნ. მ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 7 ნოემბრის ¹1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (კერძო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «გ-ას» და ნ. მ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. შპს «გ-ას» (ს/ნ ...) და ნ. მ-ეს (პირადი ¹...) დაუბრუნდეთ ნ. მ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 7 ნოემბრის ¹1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.