Facebook Twitter

ას-1604-1598-2011 21 ნოემბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბესარიონ ალავიძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა. ყ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ო. ტ-ისა და ე. მ-ას სარჩელის გამო, ა. ყ-ის მიმართ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ყ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) დაიშვება თუ არა კერძო საჩივრის შეტანა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გასაჩივრებისათვის აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, კერძოდ, დასახელებული კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა უფლებას ანიჭებს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს მხოლოდ ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანა დაიშვება სასამართლოს იმ განჩინებაზე, რომლითაც განცხადება გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ დაკმაყოფილდება.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინებით ო. ტ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ყ-ის კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 419-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ყ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.