Facebook Twitter

საქმე # 160100119002863848

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №302აპ-22 ქ. თბილისი

მ. რ. 302აპ-22 27 მაისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. რ. მ–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ–ს რაიონის სოფელ ა–ში მდებარე მ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, რ. მ–მ მარჯვენა გაშლილი ხელის თავში ორჯერ დარტყმითა და მუშტის მარჯვენა ხელში ერთხელ დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი ძმის ცოლის - ნ. ა–ს მიმართ, რომელთანაც მუდმივად ეწევა საოჯახო მეურნეობას. ამ ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ძალადობის ფაქტს შეესწრნენ ბრალდებულისა და დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები - გ. მ–ა და ე. მ–ა, რომლებთანაც რ. მ–ი და ნ. ა–ა მუდმივად ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განაჩენით:

3.1. რ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. რ. მ–ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განაჩენის გაუქმება და რ. მ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და რ. მ–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას.

6.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ რ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ო. მ–ს შესაგებელი, რომლითაც იგი ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორ მადონა ურუშაძის საჩივარი, უსაფუძვლობის გამო.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. მ–ის გამართლება განაპირობა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. დაზარალებულმა ნ. ა–მ მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მიუთითა, რომ მისთვის რ. მ–ს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც დაუშინებია.

12. ნ. ა–ს 2019 წლის 19 თებერვლის შეტყობინებასთან (2019 წლის 18 თებერვალს მ–ს რაიონის სოფელ ა–ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, მისი არასრულწლოვანი შვილის - გ. მ–ს თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაზლმა - რ. მ–მ) დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ აღნიშნული შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს ნ. ა–ს ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით უნდა გადამოწმებულიყო(მითუფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა არ დაადასტურა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას შეტყობინებაში მითითებული გარემოებები).

13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მითითებული სხვა მოწმეები: ს. მ–ი, ი. ნ–ი, ს. მ–ი და ს. რ–ი(თარჯიმანი) არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი, ისინი არ შესწრებიან რ. მ–სა და ნ. ა–ს შორის მომხდარ ფაქტს. შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

14. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ, მართალია, დაზარალებულმა ნ. ა–მ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და თავისი საცხოვრებელი სახლის მსგავს ოთახში მიუთითა, თუ 2019 წლის 18 თებერვალს როგორ მიაყენა შეურაცხყოფა მაზლმა - რ. მ–მ(ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ მარჯვენა გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა თავის მარცხენა მხარეს, მუშტი კი დაარტყა მარჯვენა მტევანზე), მაგრამ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, როდესაც დაზარალებული არ ადასტურებს გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას და სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არსებითად განსხვავებულ გარემოებებს უთითებს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა რომ რ. მ–ს არ მიუყენებია მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა, არ დაურტყავს და არც დაშინებას ჰქონია ადგილი, ის სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადდა ბავშვების დაბრუნების მოთხოვნით.

15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 26 აპრილის N....... დასკვნით დადგენილია, რომ ნ. ა–ს 19.02.19 წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა მტევნის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

16. სასამართლო ითვალისწინებს მოწმეთა: რ. მ–ს, ნ. გ–სა და ა. მ–ს ჩვენებებს, რომლითაც დგინდება, რომ 2019 წლის 18 თებერვალს დაინახეს ძალით როგორ ცდილობდნენ ნ. ა–ს სახლიდან გაყვანას. რ. მ–მა მიუთითა, რომ ნ–ს დედამ თრევა თრევით წაიყვანა თავისი შვილი და წავიდნენ. ნ. გ–მ მიუთითა, რომ სახლში სხვა პირებთან ერთად იყვნენ ბ. და ფ. ა–ა, სახლში არეულობა იყო ნ–ს წაყვანა უნდოდათ, ხოლო მას წასვლა არ უნდოდა. ბ–ს და ფ–ს ნ. მკლავით ეჭირათ. ხოლო, მოწმე ა. მ–მა, რომელიც ბრალდებულის მეზობელია განმარტა, რომ სახლის ეზოში იყო რა დროსაც ხმაური მოესმა, ავიდა აივანზე, დაინახა რომ სახლთან ,,ოპელის" ფირმის მანქანა იდგა. ნ–ს მანქანის მიმართულებით ათრევდნენ, ძალის გამოყენებით გოგონა ჩასვეს მანქანაში.

17. შესაბამისად, მიუხედავად, იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა, ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დგინდება დაზიანების მიყენება რ. მ–ის მიერ.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

19. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

20. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

21. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება რ. მ–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

23. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე